"ყველაფერი ნულიდან დავიწყე... თუ რამით შემიძლია ვიყო კმაყოფილი, სწორედ იმით, რომ თავად გავიკვალე გზა ამ სფეროში..." - იტალიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, რომელსაც საქართველოში ჯერ ნაკლებად იცნობენ - მშობლები

"ყველაფერი ნულიდან დავიწყე... თუ რამით შემიძლია ვიყო კმაყოფილი, სწორედ იმით, რომ თავად გავიკვალე გზა ამ სფეროში..." - იტალიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, რომელსაც საქართველოში ჯერ ნაკლებად იცნობენ

2026-05-15 14:11:13+04:00

იტალიაში მოღვაწე ქართველ მწერალს, რუსკა ჟორჟოლიანს, თანამედროვე იტალიურ ლიტერატურულ სივრცეში უკვე კარგად იცნობენ და მისი წიგნებიც, განსაკუთრებით ლიტერატურული კრიტიკის მხრიდან, დიდი მოწონებით სარგებლობს. სულ ახლახან მესამე წიგნი, "ფიქალი", გამოიცა, რომელსაც სვანეთში მიღებული მძაფრი შთაბეჭდილება დაედო საფუძვლად და უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება იტალიელ მკითხველებს შორის. იტალიის მთავარი სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ს პრესტიჟულმა ლიტერატურულმა რადიომ, Fahrenheit-მა, "ფიქალი" დაასახელა მარტის თვის "საუკეთესო იტალიურ წიგნად" და შეიყვანა 2026 წლის საუკეთესო თორმეტეულში, რომლის ფინალიც გაიმართება რომში, მიმდინარე წლის მიწურულს.

რუსკა მესტიაში დაიბადა. თუმცა, შემდეგ მისი ოჯახი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც თავად ამბობს, აფხაზეთის ომის შემდეგ, მშობლებმა სვანეთში, ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს, თავად კი თბილისში წამოვიდნენ. რუსკა აღნიშნავს, რომ მშობლებთან 2-წლიანი განშორება მისთვის ემოციურად განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა...

1995-1996 წლებში საქართველოდან სიცილიაზე 200-მდე დევნილი ბავშვი წაიყვანეს და მისცეს შესაძლებლობა, იქაურ კულტურასა და ტრადიციებს გასცნობოდნენ. რუსკას იტალიური ისტორიაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. დღეს იგი იტალიას მეორე სამშობლოსაც უწოდებს და იქ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომა და შესაბამისი შედეგიც მიიღო.

ruska-zhorzholiani-1-1778845799.jpg

რუსკა ჟორჟოლიანი ინტერვიუში იტალიაში ცხოვრების, საკუთარი კარიერული გზისა და მთავარი სირთულეების შესახებ უფრო ვრცლად გვიყვება:

- ასოციაცია "იტალია-საქართველოს", ვახტანგ ესვანჯიას თაოსნობით, ჰქონდა პროგრამა, რომელშიც პალერმოს მერია იყო ჩართული. მერმა ჩარტერული თვითმფრინავი იქირავა და 200-მდე დევნილი ბავშვი იტალიაში წაგვიყვანეს. მაშინ 11 წლის ვიყავი. იქაურმა ოჯახებმა ძალიან თბილად მიგვიღეს.

პროგრამაში მონაწილე ბავშვებიდან ზოგიერთი ობოლი იყო, ზოგი - მრავალშვილიანი ოჯახიდან. მე 3-შვილიანი ოჯახიდან ვიყავი და, როგორც უფროსი, იტალიაში სწორედ მე გამიშვეს. თამამი და აქტიური ბავშვი არ ვყოფილვარ. პირიქით - ინტროვერტი, ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ვიყავი. თავიდან ყველაფერს ძალიან განვიცდიდი. გამიჭირდა - მეგონა, რომ მიმატოვეს. ენა არ ვიცოდი და არც ის, თუ ვისთან მივდიოდი… მახსოვს, ჩასვლისას საჭმელი რომ დაგვირიგეს, ნერვიულობისგან დიდხანს ვერაფერს ვერ დავაკარე პირი.

თავიდან თითქმის ოთხი თვე ვიყავი. შემდეგ კი ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდა. მომდევნო წლებში, თუ იტალიური ოჯახები სურვილს გამოთქვამდნენ, კვლავ მივდიოდით. მცირეწლოვნები ვიყავით და ტურისტული ვიზით 90 დღეზე მეტხანს დარჩენა არ შეგვეძლო. მერე უკვე ყოველ წელს მიწვევდნენ. სკოლაც იქ დამამთავრებინეს. ივნისში რომ ჩავდიოდი, გამოცდების პერიოდი იყო და ექსტერნად მაბარებინებდნენ. ფაქტობრივად, სასწავლო წელს ორ ქვეყანაში ერთდროულად ვხურავდი.

ძალიან გამიმართლა. მასწავლებლების ოჯახში მოვხვდი. მამობილი ხელოვნების ისტორიასა და ხაზვას ასწავლიდა, დედობილი კი - მუსიკას, ფორტეპიანოს. უშვილო წყვილი იყო და ალბათ, ამიტომაც სრულფასოვან შვილად მიმიღეს. თავიდანვე პედაგოგიური მიდგომა ჰქონდათ და სურდათ, ბევრი რამ მესწავლა, მით უფრო, რომ მონდომება შემატყვეს.

რადგანაც გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი, ენის სწავლა, მასში განმარტოება, ერთგვარი თავშესაფარიც იყო და საშუალებაც, რომ ჩემსა და ახალ რეალობას შორის კავშირი დამემყარებინა. ამიტომ, ძალიან მოვინდომე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ წერა მეხერხებოდა, რომ წერაში რაღაც უჩვეულო შვებას ვპოულობდი. პატარა ჩანახატებით დავიწყე.

- რა იყო მთავარი სხვაობა იტალიურ და ქართულ განათლების სისტემებს შორის?

- განათლების ხარისხსა და დონეზე ზუსტ შეფასებებს ვერ გავაკეთებდი, პატარა ვიყავი სამაგისოდ, უფრო ემოციური, ფსიქოლოგიური მხარე იყო ჩემთვის ნიშანდობლივი. იმ პერიოდის საქართველოში ფენობრივად დაყოფის სიმახინჯეები სულ უფრო მეტად იკვეთებოდა: ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, სულ ცდილობდნენ, ვიღაცისთვის რაღაც დაემტკიცებინათ, მცირედი რამით მაინც გადაესწროთ თანატოლისთვის და ამ გადასწრებით ეყოყოჩათ. გარდა ამისა, დევნილების მიმართ მაშინ ნეგატიური განწყობა იგრძნობოდა, რაც უსაშველოდ დამთრგუნველი იყო. 90-იან წლების საქართველოში საზოგადოება დევნილების ფენომენს ემოციურად მოუმზადებელი შეხვდა. ჩემი თაობა ამ მხრივაც განსაკუთრებულად ტრავმირებულია. თუმცა, ალბათ, არავინ არ იყო მზად იმ შავბნელი დროისთვის.

იტალიაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ღარიბი ქვეყნიდან ვიყავი, ყველა ცდილობდა, ოდნავადაც არ მეგრძნო თავი უიღბლო, შესაცოდ არსებად.

რაც შეეხება სწავლებას, იქ მეცხრე კლასიდან უკვე დიფერენცირება ხდება: არსებობს კლასიკური, საბუნებისმეტყველო, ენების ლიცეუმები და ტექნიკუმები. კლასიკურ ლიცეუმში ძველ ბერძნულსა და ლათინურს სწავლობენ - ეს ძირითადად ჰუმანიტარების არჩევანია. საბუნებისმეტყველო მიმართულებას კი ისინი ირჩევენ, ვისაც ზუსტი მეცნიერებები, მედიცინა აინტერესებს. მე საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ კი სწავლა იტალიაში გავაგრძელე და პალერმოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ავიღე.

ruska-zhorzholiani-3-1778845824.jpg

- ახლა დროს როგორ ანაწილებთ, იტალია თქვენს მეორე სამშობლოდ გადაიქცა?

- იტალია ნამდვილად იქცა ჩემს მეორე სამშობლოდ და ძალიან მიყვარს. თანაბრად ვატარებ დროს ორივე ქვეყანაში.

ჩვენთან იტალიაზე ბევრი სტერეოტიპული წარმოდგენა აქვთ, რაც ხშირად მხოლოდ კულინარიით და, უარეს შემთხვევაში, მაფიით შემოიფარგლება. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მათი ესთეტიკის შინაგანი განცდაა. ეს ადამიანებშია - მათი ყოველდღიურობა, სახლების ინტერიერი თუ ქუჩების განლაგება, სულ მცირე დეტალიც კი რაღაც თანდაყოლილი ჰარმონიული და სიმეტრიული ესთეტიკურობითაა ნაკარნახევი. რენესანსის იქ გაჩენა შემთხვევითი ხომ არ არის. გარდა ამისა, მათ კულტურაში გაერთიანებულია ძველბერძნული ლოგოსი და რომაული იურიდიული მემკვიდრეობა.

ბავშვობიდან იქაურ გარემოს ძალიან მივეჩვიე და ამის გამო რიგი განსხვავებების დანახვა შეიძლება ჩემთვის უფრო რთული იყოს. თუმცა, იმის თქმა კი შემიძლია, რომ, როგორც სამხრეთელებს, მათთან ბევრი გვაქვს საერთო - ლაპარაკის მანერა, ხასიათის გარკვეული შტრიხები. რაც ადაპტაციას, ვგონებ, ძალიან აადვილებს.

- თქვენი გამოცდილებით, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როცა შვილებს გაცვლითი პროგრამით უცხოეთში უშვებენ?

- პირველ რიგში, ბავშვის ბუნება და ხასიათი. თუ ბავშვი ინტროვერტი და მგრძნობიარეა, მას მეტი ფსიქოლოგიური მომზადება დასჭირდება. ეს წინასწარ გაწერილი პროცესი არ არის. ზოგს უნარები ადრე უვითარდება, ზოგს - გვიან. მაგალითად, ბიჭები უფრო გვიან მწიფდებიან, გოგონები კი პრაქტიკულ საკითხებს მალე ითვისებენ. ამიტომ, სტანდარტული მიდგომა, რომ გარკვეულ ასაკში ყველა აუცილებლად უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, არასწორია. ყველაფერი ინდივიდუალურია.

- იტალიაში რომ არ წასულიყავით, მაინც მწერალი გახდებოდით?

- ხშირად ვფიქრობ ამაზე. ალბათ, მაინც შემოქმედებით სფეროში ვიქნებოდი. წერის თანდაყოლილი სიყვარული თავისას იზამდა. ხატვაც მეხერხებოდა და შესაძლოა, ეს გზაც ამერჩია.

- თქვენი წიგნები რა თემებს ეხება და როგორი გამოხმაურება აქვს იტალიაში?

- პირველი წიგნის სიუჟეტი საბჭოეთის ერთ გამოგონილ ქალაქში ვითარდება, მეორე - იტალიაში, მესამე კი - საქართველოზე, სვანეთზე დავწერე. ამ უკანასკნელმა იტალიელი მკითხველის მოულოდნელი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტაციები იტალიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოეწყო და დამსწრეები ყველგან განსაკუთრებული გულისყურით ისმენდნენ სვანეთის და ზოგადად საქართველოს ამბებს.

ruska-zhorzholiani-5-1778845847.jpg

- იტალიურ ლიტერატურულ წრეებში დამკვიდრება რამდენად რთული იყო?

- ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ჩემს იქაურ ოჯახს ლიტერატურულ წრეებთან შეხება არ ჰქონია. თუ რამით შემიძლია ვიყო კმაყოფილი, სწორედ იმით, რომ არავინ დამხმარებია. მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში მივიღე მხარდაჭერა მათგან, ვისაც ჩემი ნაწერი გულწრფელად მოეწონა. ოცი თუ ოცდაერთი წლის ვიყავი, ჩემმა დედობილმა, ჩემთან შეუთანხმებლად, გაზეთში გამოქვეყნებულ პატარა კონკურსში ჩემი ჩანაწერები რომ გაგზავნა. კონკურსის ფორმატი გულისხმობდა იმას, რომ სათქმელი რამდენიმე სტრიქონში ჩაგეტია. ჩემს ნაწერებს ისედაც ინახავდა და კონკურსზე ჩუმად გააგზავნა.​ერთ კვირაში დაგვირეკეს და ამ კონკურსში პირველი ადგილი ავიღე. დაჯილდოებაზე ლეპტოპი და წიგნების ასევროიანი ვაუჩერი გადმომცეს. დღემდე ზუსტად მახსოვს, იმ ვაუჩერით რა წიგნებიც ვიყიდე. მოგვიანებით მინიატურებიდან მოთხრობების წერაზე გადავედი. პირველი გამარჯვებით შეგულიანებული, ინტერნეტში სხვადასხვა კონკურსს ვეძებდი. 2009 წელს ფლორენციაში ჩემმა მოთხრობამ მოწონება დაიმსახურა და იქაც მიმიწვიეს. მართალია, მაშინ პირველი ადგილი აღარ ამიღია, მაგრამ ფესტივალზე მაინც ვიყავი. საინტერესოა, რომ ჟიურის იმ წევრს, რომელმაც მაშინ მხარი არ დამიჭირა, 17 წლის შემდეგ ფლორენციაში, წიგნის ფესტივალზე ისევ შევხვდი. თავად მიმიწვია. მითხრა, რომ როცა პატარა გოგო ვიყავი, ჩემი მოთხრობა კარგად დაამახსოვრდა. ერთად ბევრი რამ გავიხსენეთ და აღნიშნა, თუ რამხელა გზა გამოვიარე...

ლიტერატურული აგენტი არ მყავს, თუმცა ჩემი გამომცემელი სულ მეუბნება, რომ, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებლად მჭირდება - იცის, რომ ვერაფრით ვერ ვახერხებ ვიღაცების კარებზე კაკუნს, ზღურბლების ატალახებას, საკუთარი თავისა და ნაწერისთვის ყურადღების მოთხოვნას. მოკლედ, ძალიან ბუნებრივად განვითარდა ეს პროცესი: ჩემი ნაწერი თითქმის შემთხვევით მოხვდა რამდენიმე ისეთი ადამიანის ხელში, რომლებმაც ჩემს სიტყვებში რაღაც ამოიკითხა, რაღაც ნიშნები დალანდა, და სრულიად უანგაროდ გამიმართა ხელი.

- ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ ბავშვები, მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. იტალიაში როგორი მდგომარეობაა ამ კუთხით?

- ეს პრობლემა ინტერნეტის გამო ყველგან მწვავედ დგას. ამიტომ სახელმწიფო დონეზე სხვადასხვა ინიციატივა ჩნდება. მშობლებს ურჩევენ, გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს გაჯეტები არ მისცენ, რათა ისინი კითხვას დაუბრუნდნენ. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, იტალიაში აქტიური მკითხველების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მათი ლიტერატურული ტრადიცია ისეთი მძლავრია, მის სიცოცხლისუნარიანობას არაფერი ემუქრება - ყოველწლიურად ბევრი კარგი წიგნი გამოიცემა და ლიტერატურული კრიტიკაც, საქართველოსგან განსხვავებით, ამ პროცესების ქმედითი მონაწილეა.

ruska-zhorzholiani-4-1778845868.jpg

- წიგნებს საკუთარი ხარჯებით ბეჭდავთ?

- არასოდეს არაფერი გადამიხდია. პირიქით, კარგი გამომცემლობა ყოველთვის იქით იხდის ჰონორარს.

- იტალიაში მწერლობით თავის რჩენა შეიძლება?

- მხოლოდ მწერლობით თავის გატანა რთულია, თუ ბესტსელერი არ დაწერე. რაც, ჩემს შემთხვევაში, ძალიან რთული წარმოსადგენია - ჩემი ხელწერა სპეციფიკურია, უფრო ინტელექტუალური და კომპლექსური საკითხავია. ჩემთვის ენის გამომსახველობასა და ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. პარალელურად ვთარგმნი და სხვა სამსახურებიც მაქვს.

- ბოლო რომანში, რომელიც ერთ თვეში დაწერეთ და თქვენი დიდი ბაბუის ეგზჰუმაციის ერთი დღის ამბავს აღწერს, სვანური ტრადიციებიც ჩანს?

- დიახ, ყველაფერი სინამდვილეა - სვანური თემები, "ლიფანალი”, სულებთან დაკავშირებული რიტუალები. იტალიელებს ეს ასპექტი - ქართული სულიერების ელემენტები, ჩვენი მიმართებები აქაურ თუ იქაურ სამყაროსთან - ძალიან მოეწონათ. ვფიქრობ, ქართული ლიტერატურა, სვანეთის თემის ათვისების მხრივ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მთიანეთის ლიტერატურულ ტრადიციასთან შედარებით, ცოტა ჩამორჩა.

სხვათა შორის, ბოლონიაში ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლესთან ერთად სვანეთში იყო ნამყოფი. ეს მხარე ძალიან მოსწონებიათ და როდესაც გაეგოთ, რომ წიგნი სვანეთზე იყო, ქმარს საგანგებოდ გამოეგზავნა და ორი ეგზემპლიარის ყიდვა დაებარებინა.

6cae6838-0770-4315-8897-2563f7eea928-1778850603.jpg

- კრიტიკას და უარყოფით გამოხმაურებებს როგორ ხვდებით?

- მივეჩვიე. პირველ ნაწარმოებზე ბევრი ბატალია გადავიტანე, იტალიაში მცხოვრები რუსები მემუქრებოდნენ კიდეც, რადგან საბჭოთა კავშირზე, დიქტატურაზე ვწერდი. ახლა მკითხველი ძალიან მცირე დეტალებსაც კი აკვირდება - შეიძლება გითხრან, რომ კონკრეტული მცენარე იმ გარემოში არ ხარობს. ერთ-ერთმა მკითხველმა წერილი მომწერა - წიგნში საჭადრაკო პარტია არასწორად გაქვს დალაგებულიო და "სწორ ვერსიას" მთავაზობდა. სვანეთის შესახებ წერისას კიდევ უფრო ფრთხილად ვიყავი, რომ რაიმე არ შემშლოდა. თუმცა, თუ გედავებიან, ესე იგი, ანგარიშგასაწევ ავტორად მიგიჩნევენ და ესეც კარგია.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? საკუთარ თავს სად ხედავთ?

- ლიტერატურული კუთხით საკუთარ თავს იტალიაში ვხედავ, რადგან იქაურ წრეებში უკვე მიცნობენ და ჩემი მკითხველიც მყავს. თუმცა, ვინაიდან საქართველოს ვერაფრით ველევი, სამეცნიერო-ფილოსოფიური კუთხით ვცდილობ აქაურობასთან ძაფების გაბმას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტოროს ვიცავ ხელოვნების ფილოსოფიაში.

- თქვენი და-ძმაც უცხოეთში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულები არიან დღეს...

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც უფროსმა, ორივეს გარკვეულწილად მე დავუსახე გეზი. ქეთევანმა, ჩემმა დამ, პალერმოს სამხატვრო აკადემია დაამთავრა წარჩინებით. ჩემი ძმაც, ლაშა, მცირე ხანს იტალიაში იყო, ენა კარგად ისწავლა. მოგვიანებით ლონდონში მოისურვა გადასვლა, მუსიკალურ სფეროშია და წარმატებული დიჯეია. ქეთევანი ამჟამად მილანში ცხოვრობს, გრაფიკული დიზაინერია. ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში გავიზარდეთ, მშობლები ყოველთვის გვერდში გვედგნენ, პატიოსნების და დაუღალაობის მაგალითს გვაძლევდნენ ყოველდღიურად, ჩვენც ჩვენი წილი შრომა და მონდომება არ დავაკელით და, ცოტა იღბლის წყალობითაც, ჩვენი გზები ვიპოვეთ.

თამარ იაკობაშვილი

ლელა ზურებიანი

ხატია ბუნიათიშვილის მორიგი შთამბეჭდავი ტურნე და პატარა შარლოტა, რომელიც მუდამ ცნობილი დედიკოს გვერდით არის (ვიდეო)
თუ გაინტერესებთ, ვინ მასწავლა სიმღერა ბავშვობიდან... 9 წლამდე ყვარელში მზრდიდნენ ბებიები და ხმებში სიმღერას მასწავლიდნენ... - ნინი შერმადინის ბებოსთან ერთად შესრულებული საპოვნელა (ვიდეო)