14 მაისს თბილისის მეტროში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია. 21 წლის მარიამ ტყემალაძე იმ საბედისწერო დღეს მეტროსადგურ "სამგორში" უცებ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. გოგონას გული გაუჩერდა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ...
21 წლის მარიამ ტყემალაძე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. გოგონას დედა ემიგრაციაში იყო, დღეს დილით ჩამოვიდა საქართველოში, რადგან უთხრეს, რომ მისი შვილი მძიმედ იყო და ორი წლის შვილების უნახავ დედას ეს საშინელი ამბავი დახვდა.
"მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი. ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფრის თავი, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში, ყველას დაგვაკლდება ჩვენი წილი მარიამი," – ამბობს მისი მეგობარი გოგონა.
სოციალურ ქსელში უამრავი გამოსამშვიდობებელი სტატუსი დევს. ყველა შეძრულია მომხდარით.
“დღეს ყველა ვგლოვობთ ყველაზე გამორჩეულ და სათნო გოგონას, ჩემს სტუდენტს, რომელიც მუდამ ანათებდა და აპოზიტიურებდა გარემოს. მარიამი განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანი იყო, ძალიან კეთილშობილი, გამორჩეულად ნიჭიერი და საოცრად თბილი. დილით, აუდიტორიაში შესვლამდე, თითქმის ყოველთვის კართან მხვდებოდა ხოლმე და თავისი ციმციმა თვალებით მეგებებოდა. "ციცინათელა" შევარქვი, რადგან მართლაც ასე ანათებდა გარემოს. შენს განსაკუთრებულობას არასოდეს დავივიწყებ. სულ ასეთი ფერადი, თბილი და გამორჩეული მემახსოვრები, ჩემო პატარა მეგობარო. ძალიან მიჭირს წარსულში საუბარი მასზე, ვინც სიცოცხლით იყო სავსე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, თანაკურსელებს და ყველას, ვინც დღეს მარიამის უდროო გარდაცვალებას გლოვობს”, - წერს სოციალურ ქსელში ლექტორი რაულ ქირია. განაგრძეთ კითხვა