"მალავენ არა მარტო შემოსავლებს, არამედ, ნივთებს, ოჯახის წევრებს..." - სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დაიწყო - მშობლები

"მალავენ არა მარტო შემოსავლებს, არამედ, ნივთებს, ოჯახის წევრებს..." - სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დაიწყო

2026-05-20 10:25:50+04:00

სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება და სახელმწიფოს სოციალური დახმარების სისტემის გამკაცრება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ათასობით ოჯახი უკვე გადამოწმებულია და გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც სოციალურ დახმარებას მაღალშემოსავლიანი ოჯახები იღებდნენ. პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, ოჯახების ნაწილი სოციალური დახმარების მიმღებთა სიას გამოეთიშება. თემაზე გადაცემაში "იმედის დილა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინა წაქაძე, საუბრობს:

- პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რას ნიშნავს ოჯახების გადამოწმება. საზოგადოებაში არასწორად იყო აღქმული, თითქოს ოჯახის გადამოწმება არის პროცესი, რომელიც გარკვეულ დროს იწყება, შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს და მთავრდება. ასე არ არის. ოჯახების გადამოწმება მუდმივი პროცესია. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ყოველი ოჯახი ოთხ წელიწადში ერთხელ გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს. გარდა ამისა, არსებობს ოჯახების გადამოწმების ცალკეული კრიტერიუმები და თუ ოჯახი ამ კრიტერიუმებში მოხვდება, ის უნდა გადამოწმდეს.

ოჯახების გადამოწმება მხოლოდ კოვიდპანდემიის დროს იყო შეჩერებული. პანდემიის დასრულების შემდეგ, ვინაიდან ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო გადალახული, ჩვენ თავს უფლება არ მივეცით, რომ ოჯახებში ასე მასშტაბურად შევსულიყავით და გადამოწმების პროცესი დაგვეწყო. სხვა მხრივ, გადამოწმების პროცესი მუდმივია. როგორც გითხარით, პანდემიის დროს შეჩერდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, 2022-2023 წლებში, გადამოწმების ერთი ტალღა უკვე განხორციელდა. ამ პერიოდში დაახლოებით 47 000 ოჯახი გადამოწმდა და მათგან ნახევარს საარსებო შემწეობა შეუწყდა.

ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას დღევანდელ გადამოწმებასთან და მთავარ მიზეზთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა ერთხელ და სამუდამოდ დაემსგავსოს იმ ბაზას, რისთვისაც ის თავდაპირველად შეიქმნა. ანუ, მასში მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები უნდა იყვნენ და არა ნებისმიერი სხვა პირი, რომლის მატერიალური მდგომარეობაც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობის გაცემის საჭიროებას აღარ მოითხოვს.

თებერვალში, როდესაც მასშტაბური გადამოწმება დავაანონსეთ, ალბათ გემახსოვრებათ, რამდენიმე ისეთი მაგალითიც დავასახელეთ, როდესაც ანომალიურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე. ამ ბაზაში გვყავდა ოჯახები, რომლებსაც ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც ერთი თვის მანძილზე, რამდენიმე ათეული ათასი ლარის ოდენობის შემოსავალი უფიქსირდებოდათ, ან იმავე წელს გამოშვებული მანქანა, თანაც არა ერთი, არამედ რამდენიმე… ამიტომ, მსგავსი შემთხვევები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

სწორედ ამის გამო, თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ოჯახების გადამოწმების კრიტერიუმები დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, ახლა გადამოწმების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, პირველ რამდენიმე თვეში, გადამოწმებას დაექვემდებარებიან ის ოჯახები, სადაც ყველაზე მაღალია იმის ალბათობა, რომ ისინი იმ კრიტერიუმებს აღარ აკმაყოფილებენ, რომელთა საფუძველზეც თავდაპირველად ამ ბაზაში მოხვდნენ. მათი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, მათ სიღარიბის დაძლევა შეძლეს და აქედან გამომდინარე, მათ გადამოწმება ესაჭიროებათ.

- რა კრიტერიუმებით ხდება გადამოწმება?

- იგულისხმება მაღალი შემოსავალი, იგულისხმება შედარებით ახალი გამოშვების მანქანა (აუცილებელი არ არის, მანქანა მაინცდამაინც იმ წელს იყოს გამოშვებული). იგულისხმება ისიც, რომ, მაგალითად, ოჯახის ბაზაში რეგისტრაციის ადგილი მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს არ ემთხვევა. იგულისხმება ისიც, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახს კომუნალური გადასახადის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოჯახი, დიდი ალბათობით, ამ მისამართზე აღარ ცხოვრობს. აი, ამ კრიტერიუმებით დავიწყეთ ჩვენ ამ ოჯახების გადამოწმება და პროცესი ახლა აქტიურად მიმდინარეობს.

გადამოწმების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. მთავარი მოქმედი პირი, რომელიც ამ გადამოწმებაში მონაწილეობს, სოციალური აგენტია. ის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია, რომელიც უშუალოდ მიდის და ოჯახში ვიზიტს ახორციელებს. თუმცა, ვიზიტამდე ნახეთ რა ხდება: ოჯახი ან თავად მოგვმართავს და გადამოწმებას ითხოვს, ან სოციალური მომსახურების სააგენტო საკუთარი ინიციატივით შედის იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებზეც ვისაუბრეთ.

ამიტომ, გარკვეული პერიოდულობით მიღებული განცხადებები გროვდება, შემდეგ გადასამოწმებელი ოჯახების სიების გენერაცია ხდება, ხოლო აგენტებზე საქმეების განაწილება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხორციელდება - ამას ადამიანი არ ანაწილებს. ამის შემდეგ უკვე მთავარი პროცესი იწყება, რასაც აგენტის ოჯახში ვიზიტი მოჰყვება.

ოჯახში აგენტი დაუგეგმავად მიდის, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ, სამწუხაროდ, მონაცემების გადამალვა ხდება - დაწყებული ოჯახის წევრების, შემოსავლებისა და ნივთების გადამალვით. მართალია, 2015 წლიდან პირველადი მოხმარების ნივთები (მაცივარი, ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.) ქულის გენერირებაში აღარ მონაწილეობენ, მაგრამ მაინც არასწორი ქმედებები ხდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯობია, ოჯახმა წინასწარ არ იცოდეს, თუ როდის აპირებს აგენტი მასთან მისვლას.

აგენტი ოჯახში მიდის, ვიზიტს ახორციელებს და ამ დროს ოჯახის დეკლარაცია დგება, რომელიც საკმაოდ რთული, ვრცელი და კომპლექსური დოკუმენტია. ამ დეკლარაციაში კითხვარია მოცემული და ამ კითხვარზე პასუხების გაცემა ხდება. საბოლოო ჯამში, ოჯახის უფლებამოსილი პირი კითხვარში შეტანილი მონაცემების სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს, რის შემდეგაც აგენტი ოჯახს ტოვებს. ამის შემდეგ ამ დეკლარაციის ბაზაში შეტანა და ტექნიკური დამუშავება ხდება, რის საფუძველზეც ქულა გამოითვლება და მისი გენერირება ხორციელდება.

ხშირად ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აგენტი ოჯახში მიდის, თუმცა ოჯახი მას უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლის - კარს არ უღებს, სახლში არ უშვებს, უარს აცხადებს... დეკლარაციის შევსებაზე ხელს არ უწერს. ეს აგენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს. ასეთ დროს ოქმი დგება და ოჯახს ბაზაში რეგისტრაცია უწყდება. მსგავსი შემთხვევებიც გვაქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აგენტის მიერ მიღებულ ამ სამართლებრივ დოკუმენტს, დადგენილებას არ ეთანხმება, გასაჩივრების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საჩივრის მიღების რამდენიმე გზა გვაქვს: საჩივარი სააგენტოში შეიძლება ოფიციალური კორესპონდენციით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, ცხელი ხაზით ან საჩივრების ყუთის მეშვეობით შევიდეს. გასაჩივრების უფლება ყველას აქვს და გასაჩივრებას შეიძლება რამდენიმე გადაწყვეტილება დაექვემდებაროს. პირველი - ოჯახი შეიძლება დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს არ ეთანხმებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელი აქვს მოწერილი; მეორე - შეიძლება მონაცემებს ეთანხმებოდეს, მაგრამ ქულას არ ეთანხმებოდეს; მესამე - შეიძლება ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების ფაქტს არ ეთანხმებოდეს. ამ ყველაფრის გასაჩივრების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. სოციალური მომსახურების სააგენტო ამ საჩივრებს სწავლობს და თუ საჩივარი დასაბუთებულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დეკლარაციაში ასახულ მონაცემებს არ ეთანხმება.

ქულაზე საუბარი არ არის, ვინაიდან ქულის გენერირება, როგორც გითხარით, ავტომატურად, ელექტრონულად ხდება - ფორმულაში ყველა იმ პასუხის ჩასმით, რომელიც დეკლარაციის შევსებისას არის გაცემული, ქულის გამოყვანაში ადამიანი არ მონაწილეობს. მაგრამ, თუ ოჯახი დეკლარაციაში ასახულ მონაცემებს არ ეთანხმება, ამ შემთხვევაში, კი, ამ საჩივრის განხილვა ხდება. სოცაგენტი ოჯახში ვიზიტს განმეორებით ახორციელებს და გადაწყვეტილების მიღება იქ მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ხდება.

- რამდენად შეიძლება, ადამიანი, რომელსაც სჭირდება სოციალური დახმარების მიღება, სიის მიღმა დარჩეს?

- რეალურად გაჭირვებული ადამიანებიც ხომ ძალიან პირობითი ცნებაა. შეიძლება, ადამიანი თავს გაჭირვებულად თვლიდეს, მაგრამ სინამდვილეში მას ეს სიღარიბე უკვე დაძლეული ჰქონდეს და აღარ აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რის გამოც ის სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობის გაცემის სახით ამ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საჭიროებს. აქაც ჩვენ რამდენიმე ათეულობით ათასი ოჯახის გადამოწმებაზე გვაქვს საუბარი. ამიტომ არასწორი ვიქნები, რომ ვთქვა, ადამიანური შეცდომები აქ გამორიცხულია-თქო და არ შეიძლება, რომ იგივე სოციალურმა აგენტმა გადამოწმების დროს შეცდომა დაუშვას, ან ელექტრონულ ბაზაში შეცდომა მოხდეს.

აქ მთავარია, ამის შემდეგ ჩვენი რეაგირება როგორი გვექნება და ამ სიტუაციას როგორ გამოვასწორებთ. აი, მაგალითად, ისეთი მაგალითებიც გვქონდა, რომ როდესაც სოციალური აგენტი ოჯახში მიდის და ოჯახი მას მისამართზე არ ხვდება, ბაზაში რეგისტრაცია მას, რა თქმა უნდა, მაშინვე არ უწყდება. სოციალური აგენტი, იქ რაღაც შეცდომა რომ არ დაუშვას, ოჯახში მეორედ და მესამედ მიდის, თუ მეზობელი არ დაუდასტურებს, რომ ეს ოჯახი იმ მისამართზე აღარ ცხოვრობს. მაგრამ მაინც მოხდა ასეთი შეცდომა, რომ მეზობელს ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც ბაზაში იყო, რაღაც სადალაქოში ჰყავდა წაყვანილი და ამ ოჯახს რეგისტრაცია შეცდომით შეუწყდა. ამას გამოხმაურებაც მოჰყვა, მაგრამ ჩვენ, ცხადია, როგორც კი გავიგეთ ამაზე, სიტუაცია გადავამოწმეთ, ოპერატიულად აღვადგინეთ.

ამას გასაჩივრება არც დასჭირვებია, ჩვენ ეს ინფორმაცია სხვა გზით მივიღეთ და სიტუაცია გამოვასწორეთ.

- რა არის გადამოწმების მოტივაცია?

- გადამოწმების მოტივაცია არის ის, რაც თავიდანვე ვთქვი, რომ ამ ბაზაში მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ვინც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას ნამდვილად საჭიროებენ. რამდენიმე მნიშვნელოვანი ციფრიც მინდა გითხრათ... თუმცა, იქამდე გეტყვით, რომ შემოსავლების დამალვა ყოველთვის ადვილი არ არის. იმიტომ, რომ თუ ოჯახის შემოსავალი ოფიციალურად ფიქსირდება, ჩვენ სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან გვაქვს წვდომა: შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი შემოსავალს ოფიციალური წყაროებიდან იღებს, ის მას ვერ დამალავს. ან თუ, დავუშვათ, ლეგალური ბიზნესის წარმოებიდან იწყებს ის შემოსავლის მიღებას, ამასაც ვერ დამალავს, ღია შრომით ბაზარზე თუ არიან. ანუ, თუ ის ოფიციალურად არის დასაქმებული, ამ შემოსავალს ვერ დამალავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა ადამიანები შრომით ბაზარზე არიან გასული, მაგრამ არაფორმალურ დასაქმებაში არიან ჩართული. აქ თავისი კეთილი ნება თუ არ გამოავლინა, ამ შემოსავლის დაფარვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გარდა ამისა, როგორც გითხარით, მალავენ არა მარტო შემოსავლებს, არამედ, ნივთებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ.

როდესაც გადამოწმება დავიწყეთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში დაახლოებით 185 000 ოჯახი იყო, ეს 710 000 ადამიანი გახლდათ. მაგრამ თვითონ სოციალურად დაუცველთა ბაზაში გაცილებით მეტი ადამიანი - 400 000 ოჯახი და მილიონ სამასი ათასი ადამიანი იყო.

აი, აქაც ხშირად აღრევა ხდება ხოლმე და არასწორი განმარტების საგანია, იმიტომ, რომ სხვა არის იმ ადამიანების ბაზა, ვინც საარსებო შემწეობას იღებს, და სხვა არის იმ ადამიანების ბაზა, ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის, მაგრამ ისინი საარსებო შემწეობას არ იღებენ, თუმცა სულ სხვა, სახელმწიფო და მუნიციპალური ბენეფიტებით სარგებლობენ: გაუმჯობესებული ჯანდაცვის პაკეტებით, კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირებით და ასე შემდეგ.

ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვა, თუ რამ განაპირობა ის, რომ ეს ბაზა ასე ძალიან "გაიბერა" და რეალობას არ ასახავს, აბსოლუტურად აცდენილია რეალობასთან. ამას თავისი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

  • პირველი მიზეზი: რაც ვახსენეთ, იგივე კოვიდპანდემიის დროს შეჩერებული გადამოწმებებია. ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა ამ ბაზას ახალი ოჯახები მუდმივად ემატებოდნენ, მაგრამ შიგნიდან სისტემა ჩაიკეტა, იმიტომ, რომ ოჯახების გადინება არ ხდებოდა. აქედან გამომდინარე, აი ასე გადაივსო ეს ბაზა, მაგრამ, საბედნიეროდ, ადამიანების დიდმა ნაწილმა სიღარიბის დაძლევა მოახერხა და მათი მატერიალური მდგომარეობა დღეს ისეთი არ არის, რომ ისინი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის სახით აი ასეთ მიზანმიმართულ დახმარებას საჭიროებდნენ.
  • მეორე მიზეზი: ამ ციფრის ასეთ მკვეთრ ზრდას კიდევ მეორე მიზეზიც ჰქონდა. სახელმწიფოს ჰქონდა (2026 წელს გაუქმდა ეს პროგრამა) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა. იმისთვის, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველების დასაქმება წაგვეხალისებინა, ეს პროგრამა არსებობდა, რომელშიც თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის რომელიმე ნებისმიერი ერთი წევრი ჩაერთვებოდა, ან იგივე თუ ეს წევრი გარეთ, ღია შრომით ბაზარზე გავიდოდა, ან თუ ბიზნესსაქმიანობას დაიწყებდა, ის ეგრეთ წოდებულ ჯავშანში ხვდებოდა. ანუ, ოთხი წლის განმავლობაში, რაც არ უნდა გაუმჯობესებულიყო მისი მატერიალური მდგომარეობა, ეს ოჯახი გადამოწმებას აღარ ექვემდებარებოდა. ამანაც განაპირობა ამ ოჯახების რაოდენობის ზრდა.
  • მესამე გარემოება: გაიზარდა ქულათა გრადაცია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. საარსებო შემწეობის - ამ შემთხვევაში ბავშვის 200-ლარიან ბენეფიტზეა საუბარი, ამ ბენეფიტის მიღების განმაპირობებელი ქულა თუ ათი წლის წინ 57 000 იყო, ის შემდეგ 100 000 გახდა და ახლა არის 120 000. აქედან გამომდინარე, ჩვენ აი, იგივე ეს ქულა რომ გვქონოდა, რაც გადამოწმების დაწყების დასაწყისში იყო, ოჯახების რაოდენობა არა 185 000, არამედ 120 000-ზე მეტი არ იქნებოდა.

ოჯახები ვალდებულები არიან, რომ თუ მათი მატერიალური მდგომარეობა შეიცვლება, მათ ეს ჩვენ უნდა გვაცნობონ. ასევე უნდა გვაცნობონ, თუ მათი საცხოვრებელი მისამართი შეიცვლება და ასე შემდეგ. ასეთი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა. მე ყველა ოჯახს არაკეთილსინდისიერებაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ, ხშირად, სამწუხაროდ, ამ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

ვის შეუწყდება სოციალური დახმარება - მთავრობის ახალი დადგენილება
მთავრობა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფთა გადამოწმებას იწყებს - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?