4 წლის გალა, რომელმაც იცის წერა-კითხვა, გამრავლება, დიდი ციფრების მიმატება-გამოკლება - გიორგი გასვიანის ვაჟმა კვლავ გააოცა მაყურებლები - მშობლები

4 წლის გალა, რომელმაც იცის წერა-კითხვა, გამრავლება, დიდი ციფრების მიმატება-გამოკლება - გიორგი გასვიანის ვაჟმა კვლავ გააოცა მაყურებლები

2026-05-23 10:08:06+04:00

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟის, 4 წლის გალა გადაცემა პატარების დიდ შოუს სტუმრობდა. გალას უკვე იცნობს საზოგადოება, როგორც ნიჭიერ ბავშვს. ცოტა ხნის წინ პლანეტების ცოდნით და მათემატიკური უნარებით მოხიბლა გულშემატკივრები, ახლა კი აღმოჩნდა, რომ გალამ უკვე წერა-კითხვაც იცის, დიდი ციფრების მიმატება-გამოკლება, გამრავლება. თავად ამბობს, რომ დედამ ასწავლა. თუმცა მარიტას თქმით, გალას თვითონ აინტერესებს ეს ყველაფერი, ქუიზებს, გადაცემებს უყურებს, დედა კი იმაში ეხმარება, რომ სწორად ისწავლოს.

  • გიორგი და მარიტა ხუთი წელია ერთად არიან. ცოტა ხნის წინ გიორგიმ გადაცემა "სთორიში" ემოციურად ისაუბრა ოჯახზე და 16 წლით უმცროს ცოლზე:

"მარიტა ჩემზე 16 წლით უმცროსია, თუმცა მაშინ ასაკი არ დაგვითვლია. მერე დავთვალეთ... მარიტა 18 წლის იყო, სკოლა დამთავრებული ჰქონდა და უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობდა. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, თეატრის თემაზე, სპექტაკლზე მომწერა რაღაც. მერე დაესწრო სპექტაკლს, სცენაზე მნახა. თუმცა, მე ვერ ვნახე. ისე წავიდა, რომ პირდაპირ არ შევხვედრივარ. მერე ზაფხულში გადავეკვეთეთ ერთმანეთს. ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც ჩემი მეგობრის კონცერტი იყო, შევხვდით. ამ კონცერტზე უკვე ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მომეწონა. კარგ განწყობაზე ვიყავით... რომ დავიშალეთ, ნახევარი საათი ვსაუბრობდით. პანდემიის დროს, ნახევრად ონლაინ ხდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მერე ერთმანეთს ვხვდებოდით, 9-ზე ყველაფერი იკეტებოდა და შეიძლება ითქვას, ამან ჩვენი ქორწინება დააჩქარა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ჩემსა და ჩემს ცოლს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა ყოფილიყო, მაგრამ სიყვარული და გულწრფელი ურთიერთობა ისეთი რამეა, რომ საერთოდ შლის ასაკს.

შეყვარებულობა დღემდე გამოგვყვა. 16 წლით პატარაა, პირველ კურსზე იყო, მე 34 წლის ვიყავი და უცებ კლასიკური ცოლ-ქმარი ვერ გავხდებოდით. როგორც კი რაღაც როლებს მივანიჭებთ ერთმანეთს, მაშინვე მძიმდება, ჩარჩოში ჯდება... მარიტა ძალიან კარგი დედაა. მე არ ვავალდებულებდი იმას, რომ სასწრაფოდ ბავშვი გაეჩინა. კი, მე შეიძლება პატარა არ ვიყავი, მაგრამ არ ვჩქარობდი. საერთოდ ცოლის მოყვანასაც არ ვჩქარობდი.

მარიტას აქვს ის თვისებები, რომლებიც მე ძალიან მომწონს. მე მაქვს ის თვისებები, რომლებიც, ალბათ, მას ჩემში მოსწონს. ამით ერთმანეთს ვავსებთ".