"არასწორია ისეთი აღნიშვნა, რაშიც სხვა ადამიანები ვერ ერთვებიან, რადგან არ უღირთ ერთ დღეში 1300-2000 ლარის გადახდა... ეს არის ბავშვების დღე და არა მშობლების, მასწავლებლების თუ ადმინისტრაციის სურვილებისა და ამბიციების რეალიზების სივრცე..." - რატომ იქცა სკოლის დამთავრება და ბანკეტი წნეხად? - მშობლები

"არასწორია ისეთი აღნიშვნა, რაშიც სხვა ადამიანები ვერ ერთვებიან, რადგან არ უღირთ ერთ დღეში 1300-2000 ლარის გადახდა... ეს არის ბავშვების დღე და არა მშობლების თუ მასწავლებლების სურვილებისა და ამბიციების რეალიზების სივრცე..." - რატომ იქცა სკოლის დამთავრება წნეხად?

2026-05-27 22:26:33+04:00

რატომ გადაიქცა სკოლის დასრულება ფინანსურ ტვირთად და სოციალურ წნეხად? რა ფასი აქვს ბანკეტს, რომელსაც ხელმოკლე ოჯახის შვილები ვერ ესწრებიან? - აქტუალურ თემაზე საუბრობს ჟურნალისტი, ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ხელმძღვანელი, პოდკასტის "სანამ ზარი დაირეკება" ავტორი და წამყვანი მეგი კავთუაშვილი.

მეგი პირველ რიგში მიმოიხილავს მშობლების კომენტარებს, რომლებმაც აზრი გამოთქვეს ამ თემაზე და დაასახელეს ციფრები, თუ რა უჯდებათ ბანკეტი:

- „სკოლის დამთავრება 1690 ლარი გვიჯდება. აქ არ შედის პირადი ხარჯები, რომელსაც დაახლოებით 1000 ლარი კიდევ სჭირდება..."

მშობლები უმეტესად რასაც მწერდნენ, არის, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გავედითო, მაგრამ 1300-დან 2000 ლარამდე აღწევს მათი ხარჯები, ოღონდ ეს საერთო ხარჯებია, თორემ ცალკე არის კიდევ პირადი ხარჯები. გოგონებისთვის: კაბა, ფეხსაცმელი, ხელჩანთა, მაკიაჟი, მანიკური, ვარცხნილობა, ზოგიერთ შემთხვევაში რუჯი და ერთ-ორ შემთხვევაში - ფილერი.ბიჭებისთვის: შარვალი, პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი, ჰალსტუხი, თაიგული მეწყვილესთვის და სასურველი მარკის ავტომობილის დაქირავება.

კიდევ ერთი კომენტარი: „2000 ლარს ვაგროვებთ. ბანკეტი სასტუმროში გვაქვს. ასე გადაწყვიტა რამდენიმე მშობელმა — სასტუმრო დავხუროთო, სხვა რომ არ იყოსო. ეს არის სასტუმროს, ჭამა-სმის, დიჯეის და რომელიღაც სააგენტოს დაქირავების ფული, რომელიც ივენთის ორგანიზებას აკეთებსო.“„ჩემი შვილი არ მიდის ბანკეტზე. 1300 ლარი გროვდება და ბავშვმა თქვა კრებაზე — მთელი თვე მუშაობს დედაჩემი 1300 ლარზე და მე ერთ დღეში როგორ დავხარჯოო. ჩემს შვილს პროტესტი აქვს. ზუსტად ოთხი-ხუთი კლასელი მყავს მხოლოდ, რომელთა ოჯახებიც ისე ცხოვრობენ, რომ 1300 ლარი მათთვის არაფერია. დანარჩენები ჩვეულებრივი ხელფასზე მცხოვრები ხალხია. ზოგი ალბათ ვალს იღებს და ზოგი მთელი თვის საჭმლის ფულს ხარჯავსო.“კიდევ ერთი მშობლის კომენტარია: „20%-ს უნდა ასეთი პომპეზური ბანკეტი, 80%-ს არ უნდა, მაგრამ ვის ესმის. ხალხი ვალს იღებს და ხმას ვერ იღებს.“

ერთი ადამიანია კიდევ, რომელიც საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და მისი შვილები საფრანგეთში საჯარო სკოლაში დადიან. აი, მისი კომენტარი:

„ისეთი ეკონომიკის პირობებში, როგორიც საფრანგეთია, ჩემი შვილის კოლეჯის ადმინისტრაცია ფიქრობს, დამამთავრებელი ცერემონია გააკეთონ თუ არა, რადგან საკუთარი ხარჯით უნდა გააკეთონ და სოციალური ფონდის დიდი ნაწილი მოსწავლეების იტალიაში ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში უკვე გახარჯესო.“

ანუ საფრანგეთში, სადაც სკოლა აორგანიზებს, ისინიც კი ფიქრობენ, გაიღონ თუ არა ეს ხარჯი, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვიცით ალბათ.

უფროსების მიერ დადგენილი სტანდარტები

იცით რა არის? მე მეჩვენება, რომ უფროსები — არ ვიცი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად — ქმნიან რაღაც სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ზეიმი, ნამდვილი ბანკეტი და ხშირად ისეთ ეშხში შედიან ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რომ მგონი საერთოდ ავიწყდებათ, რისთვის დაიწყეს ამ ყველაფრის გაკეთება.

არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს მე ბანკეტის წინააღმდეგი ვიყო. მინიმუმ სამი საკითხია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ იმ მშობლებმა, რომლებიც ბანკეტის ორგანიზებაში ვერთვებით ან ვისაც გვყავს მე-12 კლასელი შვილი:

პირველი — უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ჩვენი შვილის კლასში სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე ოჯახებიდან არიან ბავშვები. ამიტომ უნდა მოხდეს შეთანხმება ყველასთან და არა იმ იდეის გატანა, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია, არამედ იმის, რასაც ყველა შევწვდებით. ეს კრიტიკულად აუცილებელია. ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის ყველაზე კარგი. ყველაზე კარგი არის ის, რაც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ.

თუ თანასწორობის პრინციპი ირღვევა, თუ ეს ზეიმი სხვა ადამიანებისთვის სტრესად გადაიქცევა და ეს ადამიანები ჩვენი შვილების მეგობრები არიან, მაშინ ეს ზეიმი მთავარ ღირებულებას კარგავს. არასწორია ისეთი აღნიშვნა, რაშიც სხვა ადამიანები ვერ ერთვებიან, რადგან არ უღირთ ერთ დღეში 1300 და 2000 ლარის გადახდა.

მეორე საკითხი ალბათ არის, რომ უნდა გავითვალისწინოთ — ეს არის ბავშვების დღე და არ გადავაქციოთ ის მშობლების, მასწავლებლების თუ ადმინისტრაციის სურვილების და ამბიციების რეალიზების სივრცედ.და მესამე — ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ კარგი გართობა და სიხარული პირდაპირ კავშირში არ არის გამოგონილი სიმდიდრის დემონსტრირებასთან. ამ ზრდასრულების დაგეგმილ თეატრალურ წარმოდგენებში შეიძლება ბავშვები ისე თავისუფლად და ბედნიერად ვერც კი გრძნობდნენ თავს და ვერც აზიარებდნენ საკუთარ ემოციებს, რასაც ერთი უბრალო, თბილი და ემოციური საღამოს პროცესში გაიზიარებდნენ.

ბოლო შეკითხვა, რომელიც მინდა დავტოვო — როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ბანკეტის მიღმა არ დაგვრჩეს არცერთი მოსწავლე, არც ფიზიკურად და არც ემოციურად?

შეიძლება ზოგიერთისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე დღესასწაულად უქციოს თავის შვილს. აბსოლუტურად მესმის და არ მიმაჩნია, რომ ეს მშობლის მხრიდან ცოდვაა. ყველა თვითონ წყვეტს, რა და როგორ შეუძლია გააკეთოს.ჩემი ერთადერთი გულისტკივილი არის ის, რომ მზად ვართ, ჩვენ გავერთოთ კარგად და ამავე დროს კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც იმის გამო ვერ შემოუერთდებიან ჩვენს საერთო მხიარულებას, რომ მათ ოჯახს ამხელა თანხა არ აქვს...

ჩემთვის ამის დაშვება ძალიან რთულია — როგორ უნდა გავატაროთ კარგი დრო, როცა ბავშვი, რომელსაც უფრო მეტად ეკუთვნის იქ ყოფნა, ვერ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მის მშობელს იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ჩვენ გვაქვს?

ბანკეტების ციებ-ცხელება - „სკოლაში ერთმანეთს აბულინგებენ და მერე ერთად ქეიფში სასწაულ თანხებს იხდიან...12 წლის განმავლობაში 5-5 ლარი რომ გადადოთ ბანკეტისთვის, საკმარისი იქნება, რა აწუწუნებს ამ ხალხს...“
„ზოგს უჭირს, მაგრამ იძულებულია ბავშვი არ დაიჩაგროს და ვალებს იღებს. ვისაც ბევრი ფული აქვს, ის ხომ უნდა შევიდეს დანარჩენების მდგომარეობაში?“ - რას ფიქრობენ მშობლები მომავალ საბანკეტო სეზონზე