- მხოლოდ მზე არ არის ბრალდებული, რომ კანის ონკოლოგია ვითარდება და თანაც, კანის სიმსივნეს გაჩნია. არანეოპითელიური კანის სიმსივნეების შემთხვევაში უპირატესი როლი მზეს უკავია, ამიტომ ჩნდება კანის ღია ადგილებზე და არის დაგროვებითი, კუმულაციური დოზის შედეგი, ამიტომ ასაკოვნებს უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველთვის ვეკითხებით პაციენტს, მის წინაპრებს ხომ არ ჰქონდათ ან თვითონ ხომ არ ჰქონდა კანის სიმსივნის რამე გამოვლენა. ზოგჯერ იციან ხოლმე, რომ სხვა სიმსივნეც მოიყვანონ მაგალითად, თუმცა სხვა სიმსივნის განვითარება კანის სიმსივნის განვითარების რისკებს ნაკლებად ეხება.
რაც შეეხება მელანომას, ეს მაინც უფრო მეტად მულტიეტიოლოგიურია. გენეტიკურ ფაქტორს აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა და მნიშვნელობა აქვს არა დაგროვებით დოზას, არამედ ინტენსიურ გამოსხივებას. ამიტომ არის სწორედ, რომ სოლარიუმი ითვლება მელანომის რისკის მაღალ ფაქტორად, იმიტომ რომ სოლარიუმში გამოიყენება მაღალი ინტენსივობის სხივი, რომ დიდხანს არ გაჩერდეს ადამიანი და მალე მიიღოს რუჯი. შესაბამისად, ეს ინტენსიური გამოსხივება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, თვრამეტ წლამდე ასაკში, ორმაგად ზრდის მელანომის განვითარების რისკს. ეს არის დადასტურებული ფაქტი, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით.
მე მაინც დავამატებდი, ახალგარზდობის შენარჩუნების ჭრილში, რომ შეუძლებელია კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება ინტენსიური მზის გამოსხივების, მთელი ცხოვრების მანძილზე მზის, ასე ვთქვათ, ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, იმიტომ რომ მზე არის ნამდვილად ეტიოლოგიური ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც იწვევს კანის დაბერებას. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია... ლაქების გაჩენას, ნაოჭების გაჩენას და დაბერებას...
თავად გადაცემის წამყვანმა, ექიმმა მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა კვების კავშირზე კანის ჯანმრთელობასთან:
- კანის ჯანმრთელობა, კანის მდგომარეობა დამოკიდებულია ჩვენს წონაზე და ეს ელემენტარულად შეგვიძლია ავხსნათ თუნდაც იმით, რომ წონის სტაბილურობა, ეს არის მეტ-ნაკლებად სტაბილური დატვირთვა კანის მექანიკურ გაჭიმვაზე ელემენტარულად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წონის გაუთავებელი მერყეობა, ეს არის დიდი გამოცდა ჩვენი კანისთვის — მომატება-კლება ან კლება და შემდეგ აღდგენა ამ წონის და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ჭარბი წონის შემთხვევაში, სიმსუქნის შემთხვევაში და განსაკუთრებით დეფიციტური წონის შემთხვევაში ანთებითი რისკები, რომელიც აქვს მთლიანად ორგანიზმს და მათ შორის კანს. ის, რომ კანის დაბერება და წონასთან დაკავშირებული რისკები ერთმანეთთან არის გადაბმული, ესეც ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ წონა თავის მხრივ ზრდის, მაგალითად, ინსულინრეზისტენტობის, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ეს ყველაფერი თავის მხრივ აისახება კანის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. წონასთან დაკავშირებული რისკები დაბერების ალბათობასაც ზრდის, დაავადებების განვითარების ალბათობასაც ზრდის და მათ შორის ზრდის ონკოლოგიურ რისკებს — აი ეს არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი წახნაგი, როდესაც კანი, ონკოლოგია და ჩვენი კვებითი რეკომენდაციები ერთად შეკრული უნდა წარმოვიდგინოთ.
წონის სტაბილურობა, ჩვენი ორგანიზმისათვის, ჩვენი პარამეტრების შესაბამისად ოპტიმალური წონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ონკო რისკების თავიდან ასაცილებლად და მათ შორის კანის ონკო რისკების თავიდან ასაცილებლად.
...ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში ჩვენს გადაცემაში გაჩნდა გამჭვირვალე ჭიქა, რომელიც წყლით გაივსო და მაშინ ვთქვით, რომ ეს არის ის სასიცოცხლო სითხე, რომელიც უნდა იყოს ყველაზე თვალსაჩინო ჩვენს ცხოვრებაში და კანი და მისი ჯანმრთელობა არის ზუსტად ის მდგომარეობა, სადაც წყლის ადეკვატურ მოხმარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ალკოჰოლური სასმელი, მიუხედავად იმისა, 40-გრადუსიანია, 12-გრადუსიანია თუ 6-7-გრადუსიანია, ანუ არაყია, ღვინოა თუ ლუდია, ყველა შემთხვევაში მას ასე ჰქვია — ალკოჰოლური სასმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არის ალკოჰოლის შემცველობა. სწორედ ალკოჰოლი, როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერება და ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის შემჟავება, ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევასთან ერთად მინერალური და წყლის ბალანსის ცვლილება, მას შეუძლია გარკვეული ბიოქიმიური პროცესების შეფერხება ან პირიქით, სტიმულირება, უნდა განვიხილოთ როგორც რისკის ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში და გამონაკლისი არ გახლავთ კანის ონკოლოგია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი რისკის ჯგუფს განეკუთვნება - იქ სადაც დადასტურებულია გენეტიკური წინასწარგანწყობა, იქ სადაც ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები არის დამამძიმებელი. აგრეთვე, ონკოლოგიის თავიდან ასაცილებლად ან ონკოლოგიური დაავადების უკეთ მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გონივრული, რაციონალური დამოკიდებულება ალკოჰოლური სასმელის მიმართ.
ტრადიციულად, ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლების, შაქრების ინტენსიური გამოყენება, ფუჭი კალორიების და ნულოვანი შემცველობით საკვები ნივთიერებებისა, მლაშე პროდუქტების, ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტების, ტრანსცხიმების, ნაჯერი ცხიმების ინტენსიური დატვირთვა პროდუქტებში არის თავისთავად რისკი ყველა ტიპის ონკოლოგიური პრობლემის შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, როგორც კანის დამაზიანებელი და ანთების ხელშემწყობი და რასაკვირველია, ეს აუცილებლად უნდა გაგვეხსენებინა დღეს.
ანტიოქსიდანტებით მდიდარი, მცენარეული ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები კი სასიცოცხლოდ გვჭირდება ჩვენ, სჭირდება ჩვენს კანს, გვჭირდება ონკოლოგიური რისკის შესამცირებლად და რაც მთავარია, გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ცალკე ვიტამინები და მინერალები. მაგალითად, კანთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დიახ, ჩვენ გვჭირდება ცილის ადეკვატური მოხმარება, გვჭირდება, მაგალითად, ანტიოქსიდანტების მოხმარება, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების მოხმარება. გვჭირდება A ვიტამინი კანისთვის, C ვიტამინი, E ვიტამინი, D ვიტამინი, თუთია და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია სელენის ჩართულობა ჩვენს კვების რაციონში.