მერე? - ირინა ქიქოძის პოდკასტის ეპიზოდის სტუმარია მაკა ჩიჩუა — მსახიობი, მუსიკოსი, მხატვარი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი. ისაუბრა ბავშვობაზე, მსახიობობაზე, გიორგი მარგველაშვილთან სიყვარულის ისტორიაზე, პირველი ლედობის გამოცდილებაზე, საჯარო ცხოვრებასა და თავისუფლების განცდაზე.
— გიორგის მეზობელი არის დედაჩემი მთაწმინდაზე და ჩვენი შვილები, მაშო და ანა დამეგობრდნენ. მერე, იმდენად ხშირად იყო ანა ჩემთან და მაშო მათთან, რომ ფაქტობრივად უერთმანეთოდ ერთი დღეც არ ყოფილან. ამიტომ რაღაცნაირად მერე კონტაქტში შევედი მზიასთან, მერე ხანდახან გიორგისაც ველაპარაკებოდი ტელეფონზე, მაგრამ ასე რომ გითხრა, თავიდანვე რაღაც იყო-მეთქი — არა. თან მახსოვს, გიორგის ოჯახი ჰყავდა იმ პერიოდში.

მერე ისე მოხდა, რომ, აღარც ვიცი როგორ, მაგრამ მოვლენები განვითარდა. სხვათა შორის, პირველად დუშეთში წავედით ბავშვების გამო. ანა მეუბნებოდა: „აუ მაკა, წამოდი რა, დუშეთს გაჩვენებ“, მაშოც აჰყვა — „წამო, წამო“. მე კიდევ ვფიქრობდი: „რა მინდა ახლა დუშეთში?“ რამდენჯერმე ასე მოხდა და მერე უკვე აეწყო ყველაფერი ისე, რომ გიორგის წინა ოჯახიც დაინგრა, ჩემთანაც იგივე ხდებოდა და რაღაცნაირად ჰოლივუდის სცენარივით განვითარდა მოვლენები...ბავშვები ხტოდნენ სიხარულით — „ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენი დედა და მამაც ერთად არიანო“. ძალიან საყვარლად განვითარდა ურთიერთობა...
მერე, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება. ბავშვებს თავიანთი ოჯახები, თავიანთი სამყაროები გაუჩნდათ. ახლა იმდენი დროა გასული, რომ ჩემი შვილები პატარებიც დიდები არიან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ყველა თავის ცხოვრებას მიჰყვება. ადრე ანა და მაშო ერთად იყვნენ, აქ იყვნენ, დუშეთში, ახლა უკვე ყველას თავისი საქმე აქვს.
მეც მივყვები იმას, რაც ბუნებრივად უნდა მოხდეს. არ მაქვს სევდა, რომ „უი, ჩემი შვილები აქ უნდა იყვნენ“. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ინტერესები. როგორც უნდათ, ისე უნდა მოვიდნენ და წავიდნენ. მე არ ვარ ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ. გიორგი უფროა ეგეთი. მე უფრო ჩემს სივრცეში ვარ, გიორგი თავის სამყაროშია, ბავშვებიც თავიანთ გზებს მიჰყვებიან.
სიმართლე რომ გითხრა, ახლა უფრო მენატრება ჩემი საკუთარი სივრცე და დამოუკიდებლობა. ძალიან გადავიღალე. ადრე, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ძიძები გვყავდა, დამხმარეები გვყავდა. ახლა ფაქტობრივად ყველაფერი ჩემზეა. იყო ერთი ძიძა — ეკა — რომელმაც თემო გაზარდა. თემო ერთი თვის იყო, როცა მოვიდა ჩვენთან და ფაქტობრივად ოჯახის წევრი გახდა. მერე თომას ნათლიაც კი გახდა. სულ ცვლილებებში ვართ... ეკას დედა გერმანიაში გათხოვდა, თვითონაც ხშირად მიდის-მოდის და დრო აღარ აქვს. ამიტომ დავრჩი ბავშვებთან მარტო — ძიძაც მე ვარ, სახლის მომვლელიც, დამლაგებელიც, ყველაფერი. ადრე უფრო ინტენსიურად ვხატავდი, ახლა დრო აღარ მრჩება, მაგრამ იმედი მაქვს, ეგეც შეიცვლება. ბავშვებიც იზრდებიან, ყველაფერი სწრაფად იცვლება და საბოლოოდ ყველას თავისი ადგილი და თავისი საქმე უჩნდება.
...გიორგი პირველი იყო, ვინც იმ ჯგუფიდან წამოვიდა — დღეს უკვე ჯგუფს ვეძახი, სახელმწიფოს ვეღარ ვუწოდებ. როგორც კი დავინახეთ, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და სხვა მიმართულება მიიღო, ჩავთვალეთ, რომ მოგვატყუეს და განვერიდოთ. ვთქვით, ეს აღარ იყო ის, რისთვისაც ვიბრძოდით და გავიმარჯვეთ...
მე არ ვნანობ, რომ მაშინ გავიმარჯვეთ და ის ეტაპი დასრულდა. საჭირო იყო სხვა ეტაპზე გადასვლა. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ გავხდით თავდასხმის ობიექტები, ჩვენ ვიყავით თურმე მოღალატეები. ეს ძალიან გულსატკენია, რადგან მე დღემდე იმავე ღირებულებების მხარეს ვდგავარ — დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური სიდუხჭირიდან თავის დაღწევა, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება...
წინა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა — სახელმწიფო ინსტიტუტები გაამაგრეს, ჩამოაყალიიბეს, ქვეყანა სიბნელიდან გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, ეს ფაქტია. მაგრამ მერე ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან ცუდად წავიდნენ და ამიტომაც დასრულდა მათი მმართველობა.და როცა გიორგი მიხვდა, რომ ყველაფერი უკან-უკან ბრუნდებოდა, თქვა: „მე ამისთვის არ მიბრძოლია“. იქიდან დაიწყო ეს ბრალდებები — უმადური ხართო, მოღალატეები ხართო...
თუმცა იმდენი პოზიტივი მოდის ჩვეულებრივი ხალხისგან — ქუჩაში, კომენტარებში, შეხვედრებისას — რომ საბოლოოდ ეგ უფრო მრჩება. სრულიად უცხო ადამიანებისგან დიდ სითბოს და მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს მაბედნიერებს.
...როცა ახალგაზრდა ხარ, მეტი ენერგია გაქვს, ნაკლებად განიცდი რაღაცებს. მაგრამ ამავე დროს იმდენი ინტერესი და ცნობისმოყვარეობაა, რომ ბავშვისთვის მთლიანად თავის მიძღვნა რთულია.
ხოლო როცა უფრო დიდი ხარ, შეიძლება უფრო მყარად იდგე, მაგრამ ენერგია უკვე სხვანაირია. ბავშვი ნებისმიერ ასაკში ნიშნავს, რომ შენი დროის, ენერგიის და ცხოვრების დიდი ნაწილი მას უნდა დაუთმო.
ბავშვი რომ გყავს, იმას სჭირდება სრული მობილიზება და დედა გვერდით.მე ახლა მგონია, რომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, „პერედოზიც“. სულ ბავშვების გარშემო ვარ. არც სამსახურში დავდივარ, არც სხვა რეჟიმი მაქვს, სულ ბავშვების გარშემო ვარ. და ესეც არ არის მთლად სწორი.
მაგრამ შვილი — რა ასაკშიც არ უნდა გაგიჩნდეს — არის ადამიანი, რომელსაც შენს მთელ დროს, ენერგიას და გამოცდილებას უძღვნი და უთმობ.

...მაშო რომ პატარა იყო, დედაჩემი სულ გვერდით იყო. მე და მაშო ერთად გავიზარდეთ ფაქტობრივად. როცა რამე მჭირდებოდა, დედა იქვე იყო და სრული ნდობა მქონდა.
...პატრიარქი ძალიან პროგრესული ადამიანი იყო. სხვათა შორის, როცა დამირეკეს და მკითხეს, ისაუბრეთ როგორც თემოს ნათლიაზეო, ვუთხარი, მოდი, თემოს ნათლია რომ არის პატრიარქი, ეგ ნაკლებად საინტერესოა, იმდენი ადამიანი ჰყავს მონათლული-მეთქი. მე სხვა რამეს მოგიყვებით. ჩემსა და გიორგის ურთიერთობაზე დიდი ამბავი ატყდა — პრეზიდენტს ოფიციალური ცოლი უნდა ჰყავდეს, ხელმოწერილი თუ ჯვარდაწერილი, თუ რაღაც მსგავსი. მერე რამდენი ვიარე და ვნახე, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე პრეზიდენტი იყო ასეთ ოფიციალურ ურთიერთობაში.
პატრიარქი გიორგის იცნობდა, ახლოს არა. მაგრამ როცა გიორგი პრეზიდენტად აირჩიეს, გვითხრა: მოდითო. მაშინ ბევრმა სხვადასხვანაირად აღიქვა ეს, გაიყო აზრი. როგორ შეიძლება, უმაღლეს იერარქთან ასეთ ვითარებაში მისვლაო. მაგრამ სწორედ მაშინ მომეწონა ყველაზე მეტად პატრიარქი. თქვა: „არა, კაცო, მოდითო, რაზეა ლაპარაკი“.
მერე, როცა უკვე ურთიერთობა მქონდა მასთან, ვკითხე:„უწმინდესო, რატომ მოხდა ასე? ასეთი დიდი თავდასხმა იყო და თქვენ იმავე დღეს გადაწყვიტეთ, რომ კარი გაგეღოთ ჩვენთვის. რელიგიური თვალსაზრისით ხომ შეგეძლოთ გეთქვათ — არა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აუცილებელია, რომ მე და გიორგიმ ჯვარი დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ-თქო? ჩვენ ერთად ვართ, გვინდა ერთად ყოფნა..“.
და მიპასუხა:„არა, რა სისულელეაო“.
მე თვითონაც გამიკვირდა, ხომ შეეძლო ეთქვა — კარგი იქნებოდა, მე გირჩევთო, ან რამე მსგავსი.
იცი რა მითხრა?„როცა მოგინდებათ და როცა ეს დრო დადგება, თქვენ თვითონ იგრძნობთ ამას და გადადგამთ ამ ნაბიჯს. მანამდე რა საჭიროა? მთავარი ხომ სიყვარულიაო“..
ასეთი ძლიერი, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც ამდენი ტკივილიც ჰქონდა გამოვლილი და ამდენი სიხარულიც... რაღაც ნაბიჯები შეიძლება არც მომწონდა და გამიკრიტიკებია კიდეც, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო. ძალიან კარგი პოლიტიკოსი, ფანტასტიკური დიპლომატი და კარგი იუმორის მქონე ადამიანი. უცებ მეუბნება თავისი მშვიდი, დინჯი ხმით:„არა, მაკა. როცა თქვენ გადაწყვეტთ, მაშინ შეგიძლიათ. მანამდე თქვენ უნდა გაარკვიოთ ეს ყველაფერი“.
გაოგნებული ვუყურებდი. ჩემთვის ეს აღტაცების მომენტი იყო. ადამიანი, რომელიც რელიგიაშია, ქრისტეს მსახურია, მეუბნება, რომ მთავარი სიყვარულია...
მისი ასეთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ ნამდვილად დასაფასებელი იყო და ეს ძალიან კარგად მახსოვს.
მერე, ნიკოლოზობაზე მოვნათლეთ თემო, პატრიარქი მისი ნათლია გახდა. აჩუქა ჯვარიც, გულშიც ჩაიხუტა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა მასთან. ხშირად ვიჯექი, ვესაუბრებოდი, რაღაცებს ვეკითხებოდი, ვუყვებოდი ამბებს. ისიც მეკითხებოდა ხოლმე, მათ შორის პოლიტიკაზეც...