ცნობილმა დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა, რომლის პირადი ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილია (მეუღლემ შვილის დაბადების შემდეგ მიატოვა და 13 წელი აღარ გამოჩენილა), ამჯერად ამ თემაზე სალომე გოგიაშვილის გადაცემა ამბავში ისაუბრა:
- 4 დღის ბავშვით ხელში დამტოვა, მაკოცა, წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა... ეს ჩემი ბიოგრაფიაა... სად წავიდა? არ ვიცი. მართლა არ ვიცი, სად წავიდა. ეს მას უნდა ჰკითხოთ, მე ვერ გეტყვით. ფიქრის დროც კი არ მქონდა.... მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა. მაშინ ოცდაოთხი წლის ვიყავი, ახლა ორმოცდათხუთმეტის ვარ. ანუ უფრო მეტი დრო გავიდა, ვიდრე მანამდე მქონდა ცხოვრება ნანახი...
თავიდან იმედგაცრუების გარდა ფიქრის დრო არ მქონდა, რადგან პირველი იყო, რომ თავი უნდა გადამერჩინა. მერე შვილი უნდა გამომეკვება და როგორმე ფეხზე დავმდგარიყავი. სტრესის შემდეგ სწრაფად უნდა მომეხერხებინა ცხოვრების გაგრძელება...
საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია. აღარ მინახავს. ერთადერთხელ ვნახე... ცამეტი წელი მიმდინარეობდა ჩვენი განქორწინების სასამართლო პროცესი. ამასობაში ჩემი პროფესიული კარიერა ვითარდებოდა...როცა სასამართლო პროცესი აღარ მთავრდებოდა და ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გრძელდებოდა, მივედი შეგნებულად, რომ მორიგებით დამესრულებინა ეს ყველაფერი. მინდოდა, პროცესი დასრულებულიყო და მქონოდა განქორწინებული ადამიანის სტატუსი...
მივედით, შევთანხმდით, განვქორწინდით და დავიშალეთ...
ჩემი შვილის მამა, ანუ ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემზე თოთხმეტი წლით უფროსი იყო.ანუ ახალგაზრდა ბიჭი არ იყო, რომ გეთქვა — იმპულსურად მოიქცა და არ იცოდა რას აკეთებდა. არა, ზუსტად იცოდა რას აკეთებდა...
შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითო, თითით საჩვენებელი ურთიერთობა გვქონდა. ვისაც ჩვენი ურთიერთობა ახსოვს, იცის, რომ არც ხმამაღალი საუბარი გვქონია ოდესმე, არც გაურკვევლობა, არც შელაპარაკება, არც შეპასუხება.
სამი წელი ადამიანთან აღმატებულ ხარისხში ცხოვრობ, იძინებ, იღვიძებ, ერთად ხართ ყოველდღე და მერე უცებ ყველაფერი ქრება — აღარ ხარ, აღარ არსებობს ურთიერთობა... ასეთ დროს ხომ უნდა დაჯდე და რაღაცნაირად მაინც სცადო იმის გააზრება, რა მოხდა. ნეტავ რა შეიცვალა? ან გაიხსენო რამე ცუდი, რაიმე დეტალი, რასაც ჩამოეკიდები და მერე ააწყობ საკუთარ თავში რაღაც სურათს, რაღაც ახსნას, რომელიც ფსიქიკაში დაგელექება და იტყვი — აი, ეს რომ არ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდაო...
მანამდე დიზაინერმა ამ ამბის შესახებ საუბრისას, "ღამის პრაიმთაიმთან", აღნიშნა:
"24 წლის ვიყავი, როცა გავხდი დედა, 7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი... ჩემი მეუღლე 14 წლის უფროსი იყო ჩემზე, საკმაოდ ცნობილი და წარმატებულ მხატვარია... სამი წელი ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა და მინდოდა, ეს ბედნიერება ჩემთვის შემენახა მთელი ცხოვრება...
თავი არ დამისჯია, უბრალოდ პატივი ვეცი ჩემს საკუთარ თავს, ჩემს საკუთარ ურთიერთობებს და შვილს. მე ჩემს სიყვარულს მუდამ ვატარებ. არაფერი არ შემიცვლია. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში, ოჯახი რომ მეორედ არ შევქმენი"...