დღეიდან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
ინფორმაციას ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი გამოეხმაურა და დაწერა:
"შუბლისძარღვგაწყვეტილებისთვის" სიურპრიზია! დღეიდან, ყველა, ვინც აბულინგებს ბავშვებს, ოჯახებს, - კანონი პასუხს მოსთხოვს! (და არა მარტო ბავშვების მიმართ ბულინგი.. ნებისმიერ მოქალაქის მიმართ!)
მე პირადად მქონდა პრაქტიკა, როდესაც ჩვილი ბავშვის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი სიძულვილის ენაზე კანონით ვერ მოვახდინე ვერანაირი დაცვითი მექანიზმის ამუშავება.. ადგილი ჰქონდა საჯარო სივრცეში დიდი დოზით ბავშვის შეურაცხყოფას.. ზრდასრულებს რომ თავი დავანებოთ.. ან ლაქტაციაზე მყოფ დედას, რომელსაც შეუწყდა ლაქტაცია ბულინგის გამო!., ვფიქრობ კანონი გაითვალისწინებს ტრანსნაციონალურ (ქვეყნის საზღვრებს გარეთ) დანაშაულს კიბერ სივრცეში, კონკრეტულად ზიზღის ენას ვგულისხმობ! მაქვს შეგროვებული პირდაპირი მტკიცებულებები (არა მხოლოდ მე.. ბევრს..) და ვისურვებდი შსს-ს მივაწოდო ყველა ეს მტკიცებულება. დაიწყეთ გამოძიება ნამდვილი დამნაშავეების მიმართ! წლებია არაადამიანურ ბულინგს განვიცდით! გილოცავთ ყველა ბავშვს და მშობელს ბავშვთა დაცვის დღეს!" - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.