"თანაკლასელები მოზარდს გონებას აკარგვინებენ და მერე იცინიან..." - სახიფათო თამაში, რომლის დროსაც მოზარდები სერიოზულ დაზიანებებს იღებენ - მშობლები

"თანაკლასელები მოზარდს გონებას აკარგვინებენ და მერე იცინიან..." - სახიფათო თამაში, რომლის დროსაც მოზარდები სერიოზულ დაზიანებებს იღებენ

2026-06-02 14:51:02+04:00

სუნთქვის შეკავების სახიფათო ტრენდზე მოზარდებში ცოტა ხნის წინ ვწერდით. მორიგი სახიფათო თამაში, რომლის დროსაც მოზარდები ერთმანეთს გონებას აკარგვინებენ, სუნთქვის დროებითი შეზღუდვით, მუცლის არეში ან არტერიაზე ზეწოლით, ბოლო პერიოდში ფორმაშეცვლილი სახით კვლავ გავრცელდა და მოზარდება მას "სვანურ კაიფს" ეძახიან. მშობლები და მასწავლებლები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე მოზარდმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ეს "თამაში" საკმაოდ გავრცელდა საქართველოში და სამწუხაროდ, პოპულარულია.

საშიში ტრენდის შესახებ რამდენიმე კვირის წინ "კრეატივის სკოლაც" წერდა:

"გაფრთხილება მშობლებს და პედაგოგებს!
ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო, სოციალური ქსელებიდან გავიგეთ, რომ სხვადასხვა სკოლაში არის ეგრეთ წოდებული ტრენდი-თამაში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თამაშთან და ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
როგორც აღმოჩნდა, ამ "თამაშის" დროს რომელიმე მოსწავლეს გონება ეკარგება გარკვეული დროით და არის შემთხვევები, როცა პირდაპირ ძირს ეცემიან და რამეს იზიანებენ.
გთხოვთ, გააფრთხილეთ და აუხსენით შვილებს და მოსწავლეებს, რამდენად სახიფათოა ეს ,,გართობა", რამხელა რისკებს შეიცავს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ტრენდების უმეტესობა დროებითია და ზოგჯერ უაღრესად მავნებლური, სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი ძალიან ძვირფასი".

ამჯერად ამ თემაზე, ასევე ზოგადად საშიშ ტრენდებზე, ბოროტ ხუმრობებს და გამოწვევებზე, რომლებსაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს, ვრცლად "იმედის დღის" სიუჟეტში ისაუბრეს სპეციალისტებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა.

მოზარდებში სუნთქვის შეკავების საშიში ტრენდი გავრცელდა - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და თავად მოზარდებმა?
ახალი სახიფათო ტრენდი TikTok-ზე, რომლის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო