როგორია იყო ქალი, რომელსაც ერთდროულად უწევს კარიერას, ოჯახს, დედობასა და საკუთარ თავს შორის ბალანსის შენარჩუნება? პოდკასტის "ჩვენ" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო ტელეწამყვანი და მოდელი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახე - მანიკა ასათიანი. მანიკამ ისაუბრა ადრე შექმნილ ოჯახზეც, დედობაზე და მეუღლეზე - ბექა წივწივაძეზე, ყოფილ კალათბურთელსა და ამჟამად უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელზე, რომელიც მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
- ნამდვილად ძალიან პატარა ვიყავი და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, არაფერს არ ვნანობ... თუმცა იმის პროპაგანდა, რომ ადრე გათხოვება კარგია აპრიორი, ნამდვილად ჩემი მხრიდანაც უხერხული იქნება. აქ რაღაც გამართლებაც არის, საერთო ინტერესებიც და ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს შემდგომ ყველაფერს, იმიტომ, რომ ნამდვილად 17 წლის ადამიანმა წესით ბოლომდე არ უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებაში. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძალიან დარწმუნებული ვიყავი ამ არჩევანში და შესაბამისად მარტივად მივიღე გადაწყვეტილება.
კარიერაც და ოჯახიც იმდენად ერთად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ასე გაგრძელდა დღევანდელ დღემდე. ასაკი არ განსაზღვრავს ინტერესს და არჩევანს, მაგრამ ინდივიდუალურია. თითქოს მზად ვიყავი და აღმოჩნდა, რომ მართლა მზად ვიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან ასე შეიძლება შეფასდეს.
დედობისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე - 19 წლის ვიყავი, როცა გიო გაჩნდა... რაღაცნაირი ხასიათი მაქვს, თითქოს დედად დავიბადე. ამას ხშირად ვამბობ ხოლმე. თავიდანვე, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული ჩემი შვილის აღზრდაში, ცხოვრებაში, თითოეულ დეტალში. ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვმუშაობდი და ჩემი საქმე მქონდა, არასდროს არ მქონია განცდა, რომ რაღაც დავაკელი. ყველა მნიშვნელოვან მომენტში მგონია, რომ ჩემი შვილის გვერდით ვიყავი და ვარ.


რა თქმა უნდა, სადღაც პროტესტიც არის, რომ შეიძლება უფრო მეტი დრო სჭირდება მასაც და მეც, მაგრამ უკვე ისეთ ასაკშია, გააზრებულად, როცა საქმეს ეხება, თავისუფლად იგებს, რომ არის მომენტები, სადაც შეიძლება არ ვიყო. მაგრამ მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი გამომიტოვებია.
დედობამ ყველაფერი შეცვალა.... გიოს გარშემო დაიწყო პლანეტამ ბრუნვა. ჩემთვის ყველაფერი შეცვალა, მართლა ყველაფერი შეცვალა, ოღონდ დადებითი კუთხით. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სადაც არ უნდა ვიყო, ტვინში ყოველთვის არის გიო და ყოველთვის პარალელურად მასზე ვფიქრობ. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს თვითონ ეს პროფესია — დედობა. შეიძლება პროფესია დავარქვათ, ასე ვთქვათ. მთავარი პროფესია ეგ არის ჩემთვის.

...მიუხედავად იმისა, რომ მე და გიო ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ბავშვობიდან ვცდილობ, ეს თავისუფლების ხარისხი მისთვის არ შემეზღუდა, და ყოველთვის ოჯახში, როგორც დიდ ადამიანს, ისე ვეკითხებოდით ყველაფერს, მგონია, რომ ამ მეგობრობის გარდა მისთვის ჯერ დედა ვარ და მერე მეგობარი.
ამაზე ბევრი ფიქრი რომ დამეწყო, ალბათ უფრო არაბუნებრივად გამოვიდოდა. ბევრი არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, რაღაც რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებდი, მაგრამ უფრო ემოციით და გულით ვმოქმედებ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ასე მოხდა და მომწონს ეს ურთიერთობა.
ბექას ყველა თამაშს ვესწრები. ძალიან აზარტული ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა არის მთავარი. ეს ჩემი ტრადიციაა, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მისი პროფესიიდან გამომდინარე, მაშინაც, როცა თამაშობდა, და დღესაც, როცა მწვრთნელია, ამ მომენტში მის გვერდით დგომა ჩემთვის პრიორიტეტია.
ამიტომ, რა გადაღებაც არ უნდა მქონდეს, სადაც არ უნდა ვიყო, ყველამ იცის, რომ შემიძლია ამ მატჩისთვის თავისუფალი დღე ან რამდენიმე საათი ავიღო. გიჟივით გულშემატკივრობ. ემოციების მართვა არ ვიცი. ყველაფერში 100%-ით მინდა ჩართვა.მგონია, რომ ეს ჩემი პრობლემაცაა, რადგან ყველაფერში გადამეტებულად ვარ ჩართული, მათ შორის ბექას თამაშებშიც.

ძალიან მიყვარს კალათბურთი. ამდენი წელია უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი შვილიც უკვე კალათბურთს თამაშობს და წარმომიდგენია, მის მნიშვნელოვან თამაშებზე რას ვიზამ. ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია ამის გარეშე ცხოვრება.

...მხარდაჭერის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ არსებობს. ეს გვერდში დგომა არის მთავარი, მით უმეტეს პარტნიორულ ურთიერთობაში და ცოლ-ქმრობაში. მე ასე მგონია - ერთმანეთის წარმატება აუცილებლად უნდა უხაროდეს წყვილს. არანაირ კომპლექსს და ცუდ ემოციას არ უნდა იწვევდეს, რაც სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება...ბექამ პირველად „ჯეოსტარზე“ მნახა და იქ მოვეწონე. შემდეგ უკვე გამიცნო, როცა ერთ-ერთი ჩვენება მქონდა და შემდგომ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა... რაც შეეხება მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ნაბიჯი და წარმატება ჩემზე მეტად უხარია — შემიძლია თამამად ვთქვა.