მასწავლებლის "შენიშვნით" დაწყებული ანორექსიის და კვებითი აშლილობის მძიმე გზა - "ამის შემდეგ ძალიან რთული იყო საკუთარი სხეულის აღქმა... ხანდახან კვირაში ორჯერ ვჭამდი..." - მშობლები

მასწავლებლის "შენიშვნით" დაწყებული ანორექსიის და კვებითი აშლილობის მძიმე გზა - "ამის შემდეგ ძალიან რთული იყო საკუთარი სხეულის აღქმა... ხანდახან კვირაში ორჯერ ვჭამდი..."

2026-06-06 12:21:41+04:00

თოქ-შოუ “ამბავში” ნინი კენჭიაშვილი ყვება ანორექსიის და კვებითი აშლილობის მძიმე ამბავს, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.

მასწავლებლის "შენიშვნა"

- 16 წელი ბალეტს ვცეკვავდი. როდესაც ქორეოგრაფიულში ჩავაბარე, გვყავდა კაცი ლექტორი, რომელიც თავდაპირველად ბალეტს გვასწავლიდა... მგოგოებს ვერასდროს ითვალისწინებდა. გარკვეული მიზეზების გამო ხან ვერ ვცეკვავდით, ხან ცუდად ვიყავით, მაგრამ ამის გათვალისწინება არ ხდებოდა.

ერთ-ერთ დღეს, როდესაც პირველი გაკვეთილი ისევ ბალეტი გვქონდა, რა თქმა უნდა, დილას ნაჭამი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ვჭამე... პირველი, მეორე და მესამე კურსი შეკრიბა და შუაში დამაყენა. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ, როგორც იქნა, შემაქებდნენ, მაგრამ სრულიად საპირისპირო რეაქცია მივიღე.

მაშინ განაცხადა, რომ თუ ოდესმე კიდევ მის გაკვეთილზე ისეთი „მსუქანი“ მოვიდოდა, როგორც მე, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში 47 კილო ვიყავი, შეგვეძლო აღარ დავსწრებოდით მის გაკვეთილებს... რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ძალიან რთული იყო საკუთარი სხეულის აღქმა, როგორც ნორმალური წონის მქონე ადამიანის, რადგან ძალიან ბევრ გოგოს შეექმნა ამის გამო პრობლემა...ჩემ კურსზე ერთ-ერთ გოგოს ბულიმია ჰქონდა, მე ანორექსია მქონდა... ზოგადად ადამიანები ვერ ითვალისწინებენ, რას ამბობენ. ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები გვიდგანან წინ, რომლებიც ვერ იაზრებენ, ერთმა სიტყვამ როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

...როდესაც ტრავმა მივიღე, ქორეოგრაფიულში აღარ დავდიოდი. რვათვიანი აღდგენითი პროცესი მქონდა, კუნთოვანი ქსოვილები გახლეჩილი მქონდა, კვებითი აშლილობა... იმ მომენტში ბალეტისთვის ნამდვილად აღარ მეცალა.

ანორექსიის სამი ეტაპი

პირველი ეპიზოდი ბალეტის გამო იყო. მეორე იმიტომ, რომ მეგობარი დავკარგე. მესამე კი კიდევ ერთი მეგობრის გარდაცვალებას მოჰყვა. სამწუხაროდ, ბოლო ადამიანი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ამის შედეგად ორივე თვალის ბადურა ჩამეშალა და სამი ოპერაცია გავიკეთე.

nini-1-1780735423.png

ამის შემდეგ საჭმელზე უარი ვთქვი. არა იმიტომ, რომ სხეულთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა ან ვინმემ მითხრა, რომ მსუქანი ვიყავი. უბრალოდ არაფრის სურვილი აღარ მქონდა. მხოლოდ სხვისი ნათქვამი არ მიგიყვანს ამ მდგომარეობამდე — ზოგჯერ საკუთარი თავიც მიგიყვანს, რადგან კომფორტულად ხარ მაშინ, როდესაც ყველაფრის მიმართ დისტანციას იჭერ და საკუთარ თავში გარკვევას ცდილობ, საერთოდ რა გინდა და რისთვის გინდა.

....თავიდან დღეში ერთხელ ვჭამდი, მერე რამდენიმე დღეში ერთხელ, შემდეგ კი - კვირაში ორჯერ. და, სხვათა შორის, ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ მდგომარეობაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობ თავს. ენერგია არ გაქვს, რესურსი არ გაქვს, მაგრამ მოგწონს ის მდგომარეობა, რადგან ჩვენი ფსიქოლოგია ხშირად ისე მუშაობს, რომ ყველაზე არაკომფორტულ ზონას ყველაზე დიდ კომფორტად ვაქცევთ... როდესაც საწოლში წევხარ, კბილებს არ იხეხავ, არ ბანაობ, არავის ელაპარაკები, ტელეფონშიც არ იყურები და უბრალოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობ, უკვე სხვა მდგომარეობაში ხარ. ხალხი ხშირად არ საუბრობს ამაზე, რადგან ბევრს ჰგონია, რომ დეპრესია უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნაა...

...ძალიან დისტანციური ადამიანი ვარ. არც მეგობრებთან და არც მშობლებთან არ ვამბობდი, რომ პრობლემა მქონდა, რადგან ბავშვობიდან ასეთი ხასიათი მაქვს — თუ პრობლემა მაქვს, თავად უნდა მოვაგვარო.

თავიდან არაფერს ვეუბნებოდი. შემდეგ მამაჩემი თვითონ მიხვდა, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი და სულ ცდილობდა დახმარებას, მაგრამ ის დახმარება, რომელსაც ცდილობდა, ჩემთვის გამოუსადეგარი იყო. ძალიან ვაფასებ მამაჩემს, დედაჩემს და მეგობრებს, რომ მცდელობა ჰქონდათ, დამხმარებოდნენ, მაგრამ ჩვენი მცდელობები ზოგჯერ საზიანოც არის.

...მაგალითად: „ნახე, რა კარგ ფორმაში იყავი“, „მოდი ივარჯიშე“, „გარეთ გაისეირნე“, „ეს ჭამე“, „ეს გავაკეთოთ“, „შენ რატომ არ შეგიძლია?“ — ასეთი სიტყვები უფრო საზიანოა, რადგან ადამიანს, რომელსაც ძალა აღარ აქვს, უფრო მეტად ტვირთავს. ის უკვე ფიქრობს: „ეს რატომ მოხდა?“, „ის რატომ მოხდა?“, „ეგ როგორ გავაკეთო?“. ასეთ დროს სამოტივაციო სიტყვები ხშირად უფრო მავნებელია.

უფრო მეტ დისტანციას ვიჭერდი, რადგან ვიაზრებდი, რომ ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ჩემს შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის არ შველის ადამიანს რაღაცის თქმა.

..ჩემი საუკეთესო მეგობარი მეხმარებოდა. როდესაც ვეუბნებოდი, რომ მშია, მაშინვე ჩემს გვერდით იყო. კურიერებს აგზავნიდა და საერთოდ არ აინტერესებდა, შევჭამდი თუ არა — მისთვის მთავარი იყო, რომ საჭმელი ყოფილიყო.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ოთარაშვილს. ფაქტობრივად, ზედ გადამყვა. ბევრი ტრენერი უბრალოდ ფულს იღებს იმისთვის, რომ რჩევა მოგცეს, მაგრამ ის, როდესაც ჩემი მდგომარეობა დაინახა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ყველაფერში მეხმარებოდა.

710781952-968212352692389-2662616334572100332-n-1780736755.jpg

...ახლაც ვერ ვიტყვი, რომ იმ ფორმაში ვარ, როგორშიც მინდა ვიყო, მაგრამ ვცდილობ. აქტიურად დავდივარ დარბაზში და ვცდილობ სწორად ვიკვებო.სწორი კვება არ ნიშნავს, რომ „ამას არ შევჭამ“ ან „იმას არ შევჭამ“. ვცდილობ მივიღო ბუნებრივი ნახშირწყლები, ბუნებრივი ცხიმები, ცილა — ყველაფერი, რაც ორგანიზმს სჭირდება. აღარ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ საკვებს ვზღუდავდე. დილით ვამზადებ ნოყიერ საუზმეს, შუადღესაც კარგად ვჭამ და საღამოსაც.

...რაც მოხდა, მაინც უკეთესობისკენ მოხდა. ზოგადად, ტკივილი ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელია.ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ საჭირო იყო ეს ყველაფერი, რადგან ამის შედეგად გავიზარდე...

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ: როგორი გამხდარიც არ უნდა ვყოფილიყავი, და რამდენ გოგოსაც არ უნდა ეთქვა, რომ „შენნაირი მინდა ვიყო“, ყოველთვის ვფიქრობდი — ხალხნო, გამოფხიზლდით.

...პირველი ანორექსიის დაძლევის შემდეგ — არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა გარშემო მყოფების აზრს. მივხვდი, რომ ადამიანებს ხშირად ყოველგვარი ცოდნის გარეშე უყვართ იარლიყების მიწებება. ყველას ვერასდროს მოეწონები. სულ კარგი რომ იყო ან სულ ცუდი, მაინც გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ტალახს გესვრის.

ამიტომ ხალხის აზრს არასდროს ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ ვაზიარებ ინფორმაციას. ვისაც მოსწონს და აინტერესებს — მიიღოს. ვისაც არ მოსწონს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამაზე ენერგიას აღარასდროს დავხარჯავ.

მე რაც გამოვიარე, ნერვული ანორექსია, ფატალურია... ექიმები ამბობდნენ, არ ვიცით, როდის დადგება მომენტი, როდესაც ვეღარ მობრუნდებაო... - ნატა მურვანიძე და მანუ თავაძე გადატანილ განსაცდელზე