- სერიოზული გადაწყვეტილება და გრძნობა მქონდა ჩემს ყოფილ მეუღლესთან, რომელთანაც გადავწყვიტე ოჯახის შექმნა და იმანაც ასე გადაწყვიტა და შევერთდით... 18 წელი ვიყავით ერთად. ამ 18 წლის მანძილზე, რაღაც გარკვეული დროის მერე დაიწყო ჩატეხვა – ერთი ბზარი, მეორე, მესამე, მეოთხე. იმისთვისაც და ჩემთვისაც...
ალბათ დამაგვიანდა... ჩვენს შორის განხეთქილება უფრო ადრე მოხდა. მაგრამ 18 წლის თავზე გადავწყვიტე, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს.რაღაცა ძალიან ნამდვილი და ძალიან სათუთი დავკარგე. მარტო მე არა.
...ზოგჯერ არის, რომ რაღაც მთავრდება და იწყება მერე რაღაც სხვა. ვნება, სიყვარული რაღაცა ცოტა შენელდება და გადადის დიდ მეგობრობაში. ასე ხდება ხოლმე...აქ არ მოხდა ეს. არაფერში არ გადავიდა. და მე გადავწყვიტე. მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ინიციატორი უფრო მე აღმოვჩნდი ამ შემთხვევაში. მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ ვნანობ, იმიტომ რომ იმის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
...თავიდან ძალიან დიდი განცდა იყო და მძიმე ვითარება იყო ოჯახში. მაგრამ მერე, მე მგონი, გამამართლეს მაინც შვილებმა, იმიტომ რომ ის, რაც იყო, უვარგისი იყო და მე არ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ეყურებინათ ჩვენი კონფლიქტისთვის, გაუთავებელი ძიძგილაობისთვის – როგორ ებრძვის დედა მამას და მამა დედას. ეს არ იყო სწორი... ამიტომ არ მინდოდა ეს. თავიდან ისინი ამას ვერ მიხვდნენ. შვილებს უნდათ, რომ დედა როგორიც არ უნდა იყოს და მამა როგორიც არ უნდა იყოს, ერთად იყვნენ. მორჩა. ეს არის მათი ეგო. მაგრამ მერე, როცა იზრდებიან და ანალიზს უკეთებენ, ხვდებიან, რომ ალბათ ასე ჯობდა.
მაღელვებს ასაკის მატება. ვბერდები და არ მინდა...ვხედავ, რომ მოდის, ნელ-ნელა მოდის. მაინცეს შიში გამიჩნდა, იცი რატომ? ალბათ დედას რომ ვუყურებდი, ამან ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემზე. და ამის შიში მაქვს, რომ მეც ასე არ დამემართოს. ამიტომ მაქვს ეს გრძნობა.
ასაკთან ერთად ფიქრი მეტია, ემოცია ქვემოთ ჩადის.
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი,ალბათ ჩემი პროფესიაა,და ჩემი შვილები... ახლა ისიც დაემატა – ერთი პატარა წერტილი, ჩემი შვილიშვილი.