რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები - მშობლები

რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები

2026-06-09 09:49:04+04:00

ყოველწლიურად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემს.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში გარკვეული შეღავათებითა და დაფინანსების განსხვავებული მოდელით აქამდეც სარგებლობდნენ.

2026-2027 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში სახელმწიფო საგრანტო სისტემას აუქმებს. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო გადასახადს აღარ დააფინანსებს.

ამ ფონზე, კერძო უნივერსიტეტებმა აბიტურიენტებს დაფინანსებისა და შეღავათების მიღების სხვადასხვა გზა შესთავაზეს. მათ შორის, ოქროს მედალოსნის გრანტიცაა.

ზოგიერთი უნივერსიტეტი ოქროს მედალოსან აბიტურიენტებს დაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს.

მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოქროს მედლის მფლობელი სტუდენტები მიიღებენ IBSU-ს 50%-იან შიდა გრანტს;

ალტერბრიჯში საჯარო ან კერძო სკოლების ოქროს მედალოსნებისთვის მოქმედებს დაფინანსება 3000 ლარის ოდენობით, რომელიც ნაწილდება საბაკალავრო საფეხურის 3 წლის მანძილზე (1000 ლარი ყოველწლიურად).

ალტე უნივერსიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ აღნიშნულ უნივერსიტეტს, სწავლა დაუფინანსდებათ 50%-ით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოქროს მედალოსანი აბიტურიენტები მიიღებენ 20%-იან შიდა გრანტს, ხოლო ვერცხლის მედალზე - 10%. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).

კიდევ ერთი უნივერსიტეტი, რომელიც ოქროს მედალოსან აბიტურიენტებს სასწავლო დაფინანსებას სთავაზობს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტია. თუ საბაუნის აბიტურიენტი პირველ პრიორიტეტად აირჩევს, პირველი წლის სწავლის საფასურს უნივერსიტეტი სრულად დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე სხვა კერძო უნივერსიტეტები, აბიტურიენტებს სწავლის დაფინანსების კიდევ განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობენ. ამიტომ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, მათ საიტებზე გადაამოწმოთ.

თამარ იაკობაშვილი

რა დაფინანსება გექნებათ კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გრანტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდა