"ალფა-ბანკის" ყოფილი ხელმძღვანელის, მილიარდერ პიოტრ ავენის 32 წლის ქალიშვილი, დარია გათხოვდა. რუსული მედიის თანახმად, საქორწინო ზეიმი საქართველოში, წინანდალში გაიმართა.
ცნობილია, რომ დარიას რჩეულს ალბერტი ჰქვია. რუსეთ-უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, კრემლთან სავარაუდო კავშირების გამო, პიოტრ ავენი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება და სავარაუდოდ, ევროპაში ამხელა ზეიმს ვერ მოაწყობდა.
ქალიშვილის გარდა, მას კიდევ ორი შვილი - დარიას ტყუპისცალი ძმა დენისი და 12 წლის ვაჟი ფილიპე ჰყავს.

სტუმრებს შორის შენიშნეს ნადეჟდა ობოლენცევა მეუღლესთან - მილიარდერ ევგენი შვიდლერთან ერთად. ობოლენცევამ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა, თუ როგორ ისვენებს და შოპინგობს საქართველოში და დაფრინავს კერძო თვითმფრინავით.


71 წლის რუსი მილიარდერი პიოტრ ავენი ბოლო რამდენიმე წელია ლატვიაში ცხოვრობს. ადრე აცხადებდა, რომ არ იცოდა, რის გამო მოჰყვა 2022 წელს ევროპული სანქციების ქვეშ და "არ ესმოდა, როგორ უნდა ეცხოვრა". მისი ანგარიშები გაიყინა, რის გამოც საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდა. ლატვიის ხელისუფლებამ მილიარდერის რიგის ცენტრში მდებარე სასახლესა და მის მდიდრულ მამულს ყადაღა დაადო. დაყადაღებულია მისი უძრავი ქონება იტალიაშიც. 2024 წელს ევროკავშირის სასამართლომ ავენს სანქციების ნაწილი მოუხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.