ექიმი-ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე, გადაცემაში "ღია სივრცე" ქვეყანაში ნარკოტიკების უკონტროლო შემოსვლასა და მოხმარების გაცილებით გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს:
- ნარკოტიკების ასეთი კატასტროფული, სრულიად უკონტროლო რაოდენობა და ასორტიმენტი არსებობს. ნებისმიერი ნარკოტიკის ყიდვა ზუსტად ათ წუთში შეგვიძლია. ჩვენ კატასტროფას - ისეთ სიკვდილს მივიღებთ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ხალხო, ჩვენ მოხმარების მასშტაბებს ვერ აღვიქვამთ და ვერც კი წარმოგიდგენიათ, ის დღეს როგორია. დღეს ტელეგრამი რომ გახსნათ, წამალს ყველაზე მაღალმთიან, ხულოს რომელიღაც სოფელშიც კი იყიდით. სუპერმარკეტებთან ბიტკოინის აპარატები რატომ დგას? მათი დანიშნულება ხომ ყველამ კარგად ვიცით? ისინი დარქნეტისთვისაა განკუთვნილი. დარქნეტში ნარკოტიკის შესაძენად ბიტკოინი ერთადერთი საშუალებაა. ქალაქი და მთელი ქვეყანა ბიტკოინის აპარატებით გაივსო, საიდანაც ნარკოტიკის პირდაპირ ყიდვაა შესაძლებელი. ვინც ამ აპარატებს იყენებს, 90% ნარკოტიკს ყიდულობს. ამ დროს კი მარიხუანას დასდევენ და ერთი ღერით დაკავებულ ადამიანს ციხეში 10 წლით უშვებენ.
საქართველოში დღეს არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ეს პრობლემა არ უდგას. ჩვენ ერთი ისეთი უდიდესი უბედურება დაგვემატა, რომელიც არც 90-იან და არც 2000-იან წლებში არ ყოფილა. ეს არის 13-დან 30 წლამდე ასაკის სრულიად გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდებისა და ბავშვების კატეგორია, რომლებიც დღეს სრულიად დაუცველები არიან. ისინი დარქნეტში შეძენილ, აბსოლუტურად კუსტარულ, ოპიატნარევ ნარკოტიკებს მოიხმარენ, რაც ზედოზირებასა და სიკვდილს იწვევს. მათ არ იციან, რა არის ნალოქსონი ან რა უნდა მოიმოქმედონ. მხოლოდ ის იციან, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში დაიჭერენ, ამიტომაც არ რეკავენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ პოლიცია სასწრაფოზე ადრე მივა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვამბობ: აუცილებლად დარეკეთ 112-ში, რადგან სიკვდილს დაჭერა ჯობს! ნალოქსონის ყიდვისაც კი ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ფარმაცევტი პოლიციაში დარეკავს.
შარშანწინ გომელაურს პირველად წამოსცდა, რომ ზედოზირების 40 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს რეალურად მომხდარის მხოლოდ ერთი პროცენტი იყო. მათ მიერ დასახელებული 40 დადასტურებული შემთხვევაც კი ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა. უბრალოდ, კითხვა მინდა დავსვა: 1885 გამსაღებელი დაიჭირეს და მათგან რამდენ ადამიანს მიესაჯა გასაღებისთვის 20-წლიანი ან უვადო პატიმრობა? ეს სტატისტიკა გვითხრან, მაგრამ რატომ არ გვეუბნებიან? იმიტომ, რომ დაკავებულთა 90% საპროცესო გარიგებით თავისუფლდება. მთელი ციხეები ნარკომომხმარებლებითაა სავსე. პოლიციელებმა გუშინ რომ ადამიანი ცემეს, ეს საშინელებაა, თუმცა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებთან მსგავსი ფაქტები ყოველდღე ხდება. ქუჩაში ტანსაცმელს ხდიან და ადამიანებს კბილებს უმტვრევენ. ასე განსაკუთრებით გორში იქცეოდნენ. შემიძლია კონკრეტულად ვთქვა, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა ამაში. დღეს არ არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი, რომელთანაც რამდენიმე პოლიციური ეკიპაჟი არ დგას. ისინი მომხმარებლებს იჭერენ, სცემენ და იძულებით ტესტირებაზე მიათრევენ. ეს პროგრამებთან ყოველდღე ხდება, თუმცა ხმას ვერავინ იღებს, რადგან ეშინიათ. გენერალურ ინსპექციაშიც კი ვერ რეკავენ. კოვიდის დროს კლინიკებს ავტოფარეხებში რომ ხსნიდნენ, აი, ახლაც ასეთი კლინიკები იხსნება. ვინ არიან საერთოდ, რას აკეთებენ ან რას ასმევენ პაციენტებს? შეეშვით შარლატანობას და ამ ადამიანების ხარჯზე ფულის კეთებას!
დღეს საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პირობები რომ ნახოთ, თავმოყვარე ადამიანის იქ სიარულის გამო გული გაგისკდებათ. ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში, ეს ადამიანები მკურნალობას ყველაზე დამამცირებელ პირობებში გადიან. კლინიკებს უკვე დაახლოებით ოთხი თვეა ამპულირებული დიაზეპამი არ აქვთ. ეს მედიკამენტი კი მხოლოდ ნარკოლოგიასა და ფსიქიატრიაში კი არ გამოიყენება, არამედ ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვისაც აუცილებელი, გადაუდებელი წამალია. რაზე ვლაპარაკობთ, ჯანდაცვის სისტემა მთლიანად მოშლილია. როდესაც ამის შესახებ ვკითხულობთ, გვპასუხობენ, რომ საერთოდ არ მოვიკითხოთ. ელემენტარულად, ქვეყანაში არ არსებობს გადაუდებელი დახმარების ისეთი დაწესებულება, რომელიც კომაში მყოფ, ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტს მიიღებს. მათ პაციენტის მართვა უბრალოდ არ იციან და შესაბამისი პროტოკოლებიც არ არსებობს. კომისიაში კი ძველი დროის ისეთი ნარკოლოგები სხედან, რომლებსაც დღეს საერთოდ აღარაფერი მოეკითხებათ და ისინი ადამიანებს სავალდებულო მკურნალობას უსჯიან.