იაპონია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი მკაცრი სამუშაო კულტურითა და გადატვირთული სასკოლო გრაფიკით, საინტერესო ექსპერიმენტს ატარებს. სკოლებში დაინერგა სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სასწავლო დღეებში ოფიციალურად გააცდინონ გაკვეთილები, რათა დრო მშობლებთან ერთად გაატარონ. ამ პროგრამას სიმბოლურად „Learncation“ (სასწავლო არდადეგები) უწოდეს.
ინოვაციური ინიციატივა პირველად 2023 წელს აიჩის პრეფექტურაში გამოსცადეს, რის შემდეგაც მან სწრაფი პოპულარობა მოიპოვა და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად დაიწყეს მისი დანერგვა.
პროგრამის მიხედვით, თითოეულ მოსწავლეს უფლება აქვს სასწავლო წლის განმავლობაში 3 დღემდე ოფიციალური შვებულება აიღოს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს გაცდენები ბავშვს საპატიოდ ეთვლება და მის აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად არ აისახება.
იმისათვის, რომ მოსწავლემ ეს უფლება გამოიყენოს, მშობლებმა წინასწარ უნდა შეატყობინონ სკოლას და წარადგინონ მარტივი გეგმა, თუ რას გააკეთებენ შვილთან ერთად. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ სახლში ყოფნა — დღეები უნდა დაეთმოს ერთობლივ შემეცნებით, კულტურულ ან სპორტულ აქტივობებს: მოგზაურობას, მუზეუმების სტუმრობას, ბუნებაში გასვლას ან ისტორიული ადგილების დათვალიერებას.
იაპონიაში სკოლის მოსწავლეებს ძალიან გრძელი და დამღლელი სასწავლო წელი აქვთ (რომელიც აპრილში იწყება), არდადეგები კი მკაცრად არის განსაზღვრული. ამის პარალელურად, იაპონელი მშობლების უმრავლესობას შვებულების აღება მხოლოდ საერთო სახელმწიფო უქმეებზე (მაგალითად, „ოქროს კვირას“ ან აგვისტოში) შეუძლია.
ამ მიდგომას ორი დიდი მინუსი ჰქონდა:
საგიჟეთი კურორტებზე: არდადეგების პერიოდში მთელ ქვეყანაში ტრანსპორტი, სასტუმროები და გასართობი პარკები გადატვირთული იყო, ფასები კი — კატასტროფულად მაღალი, რაც ოჯახურ დასვენებას სტრესულს ხდიდა.
მშობლების სამუშაო გრაფიკი: ბევრ მშობელს, პროფესიიდან გამომდინარე (მაგალითად, მომსახურების სფეროში), დღესასწაულებზე მუშაობა უწევდა და შვილებთან ერთად დასვენებას საერთოდ ვერ ახერხებდა.
ახალი სისტემა კი მშობლებს აძლევს შანსს, აიღონ კუთვნილი შვებულება კვირის ნებისმიერ ჩვეულებრივ დღეს, აარიდონ თავი ტურისტულ საცობებს, იაფად იმოგზაურონ და, რაც მთავარია, ხარისხიანად გაატარონ დრო ვილებთან.
გამოკითხვებმა აჩვენა, რომ როგორც მშობლები, ისე პედაგოგები ამ ინიციატივას უდიდესი ოპტიმიზმით შეხვდნენ. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ოჯახები ადრეც ხშირად აცდენინებდნენ ბავშვებს გაკვეთილებს ოჯახური პირობების გამო, თუმცა ამის მალვა უწევდათ. ახალი კანონი კი ამ პრაქტიკას ლეგალურს და რაც მთავარია — საგანმანათლებლო დატვირთვის მქონეს ხდის.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი „ოფიციალური განტვირთვის დღეები“ საუკეთესო საშუალებაა ბავშვებში სასკოლო სტრესისა და "გადაწვის" პრევენციისთვის, ხოლო მშობლებთან ერთად გატარებული დღეები ემოციურ ინტელექტსა და ოჯახურ კავშირებს საგრძნობლად აძლიერებს.