"საფრანგეთში ვიზრდებოდი და განვსხვავდებოდი ყველასგან... თანაკლასელებს ნებისმიერი რამ შეეძლოთ ჩემზე ეთქვათ, მაგრამ მშობლებმა თავდაჯერება ჩამინერგეს და არაფერი მოქმედებდა... მამაჩემი ჩემთვის მეტია, ვიდრე მამა, მენტორი ან მეგობარი, ჩემთვის ის ყველაზე დიდებული ადამიანია" - ბერა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ - მშობლები

"საფრანგეთში ვიზრდებოდი და განვსხვავდებოდი ყველასგან... თანაკლასელებს ნებისმიერი რამ შეეძლოთ ჩემზე ეთქვათ, მაგრამ მშობლებმა თავდაჯერება ჩამინერგეს და არაფერი მოქმედებდა... მამაჩემი ჩემთვის მეტია, ვიდრე მამა, მენტორი ან მეგობარი, ჩემთვის ის ყველაზე დიდებული ადამიანია" - ბერა ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ

2026-06-14 23:36:38+04:00

31 წლის მუსიკოსი ბერა ივანიშვილი აზერბაიჯანელი მომღერლისა და ბიზნესმენის ემინ აგალაროვის გადაცემის სტუმარი იყო და ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

მუსიკა

- დაბადებიდან ახლოს ვიყავი მუსიკასთან. ბებიაჩემი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო. ბავშვობიდან სულ მუსიკა ჟღერდა ჩემს სახლში. დედაჩემს ყოველთვის კარგი პლეილისტები ჰქონდა, ჯაზს უსმენდა, სოულს. 5-6 წლიდან დავიწყე ვიოლინოზე დაკვრა, ფორტეპიანოზე. მერე დასარტყამ ინსტრუმენტებზე დავიწყე დაკვრა და გიტარაზეც ვუკრავ. თუმცა ჩემი კომფორტის ზონა მაინც ფორტეპიანოა. მთელი ცხოვრება მექნება მუსიკის სიყვარული. მუსიკის შექმნა ჩემთვის ყოველთვის თერაპია იყო. თუმცა ცალკეა მუსიკის სიყვარული და მეორეა ეს, როგორც ბიზნესი. შეიძლება კარგად მღეროდე, მაგრამ საჭიროა ინფრასტრუქტურა, კონტაქტები და ა.შ.

bera3-1781471341.pngbera4-1781471342.png

ახლა მცირე პაუზა მაქვს, ოჯახს სჭირდებოდა ყურადღება და მთლიანად ვერ ვიყავი ჩართული მუსიკაში, თუმცა ვაპირებ დაბრუნებას ამ სფეროში სრულფასოვნად, ახალი ძალებით.

ოჯახი რომ შევქმენი, იმდენად მივეჩვიე ოჯახის მოვლას, მათზე ზრუნვას, მცირე ხნით "ეგო" დავკარგე, რაც საჭიროა შოუბიზნესში. ოჯახთან, შვილებთან მეორეხარისხოვანი გავხდი და მცირე ხნით შევისვენე ამ სფეროსგან. ახლა მგონია, რომ ვიპოვე ბალანსი ოჯახსა და შემოქმედებას შორის.

7 ენა ვიცი. ქართული, რუსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, კრეოლური. სიმღერაც ყველა ენაზე შემიძლია და შეიძლება, საუბარზე უკეთაც.

რა იქნება 10 წლის შემდეგ? მთავარია ვიცოდე, რომ ყველაფერი გავაკეთე, ჩემი მაქსიმუმი ჩავდე მუსიკაში. როცა ჩემი შვილი მოვა და მკითხავს, მამა, შენ საუკეთესო ხარ შენს სფეროში? მომიწევს ვუპასუხო, რომ არა. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი. ყველაზე მთავარია, თუ მკითხავს, გააკეთე მაქსიმუმი, რომ საუკეთესო ყოფილიყავი? ამაზეც მომიწევს უარყოფითი პასუხის გაცემა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობების 50%-იც არ ჩამიდია მუსიკაში. თუმცა მზად ვარ ბოლომდე წავიდე, რომ შვილს, მშობლებს ვუთხრა - მე მაქსიმუმი გავაკეთე. ჩემთვის ესაა მთავარი, რომ ყველა ძალისხმევა ჩავდო. სხვანაირად ვერ ვიქნები შვილისთვის მაგალითი. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, შვილებს ვუთხრა, რომ მამამ ყველაფერი გააკეთა, რათა გამოსვლოდა. რა გამოვიდა აქედან, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე, როგორც ის ფაქტი, რომ მე მაქსიმუმი გავაკეთე.

შვილები

მე ოჯახი ერთგვარი ფორით შევქმენი, ბევრი დიალოგი მქონდა მშობლებთან, როგორ უნდა გამეზარდა შვილები. და რამდენად მნიშვნელოვანია მათი რუტინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, ფიზიკურად ჯანმრთელი შვილები გვყავდეს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მთავარ როლს დედა ასრულებს და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, და ვცდილობ ყოველმხრივ ხელი შევუწყო ყველაფერში. ყოველთვის მათ გვერდით ვარ, ძილის წინ. ერთადერთხელ არ ვყოფილვარ მათთან ძილის დროს და იმ დროს დედა იყო, კიდევ კარგი. 4-5 წლამდე ასაკი უმნიშვნელოვანესია ბავშვების ცხოვრებაში და ამ დროს დაშვებული მცირე შეცდომაც კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მომავალში.

bera-1781471474.jpeg

მომავალში პირველ რიგში არ მინდა, რომ ჩემი შვილები პოლიტიკოსები იყვნენ. უმცროსი ალბათ მუსიკოსი იქნება, სულ მღერის... მინდა, ბედნიერები იყვნენ და თუ მუსიკას აირჩევენ, ძალიან გამიხარდება. შემეძლება ჩემი გამოცდილებით დავეხმარო პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

მამა

ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდით იყვნენ და თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენთვის, როგორც მშობლებმა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მშობლები მყავს, ასეთ ოჯახში დავიბადე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რაც მომცეს, ეს საკუთარი თავის რწმენაა, დისციპლინა და წესიერება. ეს ძლიერი მორალური კომპასი ყველაზე მთავარია.

მამა მკაცრი არ იყო... ის ყოველთვის იყო ჩემი მენტორი და ყველაფერში მხარში მედგა. ვფიქრობ, რომ დავიმსახურე მისი პატივისცემა, როგორც მამის და მამაკაცის, რადგან რასაც ვაკეთებდი ცხოვრებაში, ბოლომდე ვიხარჯებოდი ამაში.

bera-1781471341.png

ემოციების გარეშე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ის მეტია, ვიდრე მამა, მეტია, ვიდრე მენტორი ან მეგობარი, ჩემთვის ის ყველაზე დიდებული ადამიანია. ჩემთვის მისი ყოველი კომპლიმენტი, მისი სიყვარული უდიდესი ძალაა, უშველებელი მოტივაცია და სტიმულია. და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ ასეთი ურთიერთობები გვაქვს დღეს... გარდა იმისა, რომ მე შვილი ვარ, ის ძალიან აფასებს ჩემს ოჯახს, ჩემს ცოლს, ჩემს შვილებს, ის ამაყობს ამით და ეს ჩემთვის ყველაფერია. მახსოვს, როცა გავაცანი ჩემი ცოლი, მისი ოჯახი, გაიცნო ჩემი მეუღლე, როგორც ადამიანი, მადლობა გადამიხადა. მადლობა, რომ ასეთ ოჯახს ქმნი. ახლაც მეუბნება, რომ ამაყია, რომ ასეთი ოჯახი მყავს...

ჩვენ მუდმივი დიალოგები გვაქვს, ყველაფერზე ვსაუბრობთ. ასე არ არის, მე გიბრძანე, ასე გააკეთე... რა თქმა უნდა, მისი აზრი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ბავშვობიდან ყველაფერზე ვსმჯელობდით.

ის ჩემთვის ყველაზე წესიერი, ყველაზე პატრიოტი, ყველაზე კარგი ადამიანია...

ivanishvilebi-85635-1739942630.jpg

დედა და თავდაჯერება

ძალიან დიდი როლი შეასრულა დედაჩემმა ჩემს ჩამოყალიბებაში. თავდაჯერებული ალბათ არავინ იბადება. საკუთარი თავის რწმენა მშობლებმა უნდა მოგცენ...

მე საფრანგეთში ვიზრდებოდი და განვსხვავდებოდი ყველასგან, ბავშვები, სკოლა, მოგეხსენებათ... მაგრამ ჩემი მშობლების და განსაკუთრებით, დედის დამსახურებით, არასდროს შემპარვია ეჭვი საკუთარ თავში. ეს უდიდესი განძია, რაც მან მაჩუქა. ბავშვებს, თანაკლასელებს ნებისმიერი რამ შეეძლოთ ჩემზე ეთქვათ, და სრულიად არ ვიღებდი ამას სერიოზულად, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს მშობლებს ვუყვარვარ, აღფრთოვანებულნი არიან ჩემით, და მეტი არაფრის არ მეშინოდა ცხოვრებაში. არ მქონია კომპლექსები, ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ვიცოდი, ეს ბავშვები არ წყვეტენ არაფერს ჩემს ცხოვრებაში, ილაპარაკონ, ეს ვერ გამტეხს... ეს მთლიანად ჩემი მშობლების დამსახურებაა.

ivanishvilebi.jpg

ფული და კრიტიკა

ფული ჩემთვის საშუალებაა, რომ გააკეთო რაღაც, წახვიდე სადღაც, დაეხმარო მეგობარს, თუ ფულს სწორად გამოიყენებ, ეს კარგია. თუმცა თავად არ უნდა იქცე ინსტრუმენტად ფულისთვის. ასეთი ბევრი ადამიანია, ამისთვის რომ ცხოვრობს. ჩემთვის ასე არაა.

კრიტიკას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ჩემს ხელთაა და რისი გაკონტროლებაც შემიძლია. ვცდილობ ვიყო უკეთესი ადამიანი, უკეთესი მუსიკოსი, უკეთესი მამა, ქმარი და ა.შ. ჩემი თავის პირველი კრიტიკოსი მე ვარ. მე თვითონ ვიცი, რომ მაქსიმუმი არ მაქვს გაკეთებული. და ისიც ვიცი, რომ ძალიან გამიმართლა და დიდი ფორა მქონდა, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ იმითაც, რომ მშობლებს ვუყვარდი, არ ამბობდნენ უხეშ სიტყვებს, არასოდეს არ მინახავს ჩემი მშობლების კონფლიქტი, ეს უკვე ცხოვრებაში უშველებელი ფორაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ჩემზეა დამოკიდებული, ამ ფორას როგორ გამოვიყენებ. შეიძლება იყო წარმატებული ადამიანის შვილი, მაგრამ იყო უსაქმური... მე მინდა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო, ვიყო წესიერი, ვიშრომო, დანარჩენი ვნახოთ...

საქართველო

საქართველო ჩემი სისხლი და ხორცია. საქართველო ჩემთვის ერთი მთლიანობაა, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად... არ მინდა, ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მე ყველა ქართველი მიყვარს. მაგალითად, ამერიკაში რომ ვნახო, ქართველს ვიღაც ეჩხუბება, ჩავერევი მაშინვე და არ ვიკითხავ, ვის მხარეს არის, ვის მისცა ხმა... საქართველო ყოველთვის ჩემი სამშობლო იქნება, ჩემი სიყვარული...

ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ შევარცხვინო ჩემი ოჯახი და არ შევარცხვინო ჩემი ქვეყანა. 70 წლის ასაკამდე თუ მივედი და ეს შევძელი, ბედნიერი ადამიანი ვიქნები.

ბერა ივანიშვილი ოჯახით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილ სიძესთან სტუმრად, ძვირად ღირებულ კურორტზე (ვიდეო)
უჩვეულო ტორტი და გართობა ოჯახის წევრების გარემოცვაში - დადუ ივანიშვილის მე-3 დაბადების დღის ფოტოები
უცხოპლანეტელები ტორტზე და გართობა კლოუნთან - ბერუკა ივანიშვილის მე-6 დაბადების დღე (ვიდეო)