როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი ემოციურად გამოიფიტა: "მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ უფროსების პრობლემაა" - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვი ემოციურად გამოიფიტა: "მშობლებს ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ უფროსების პრობლემაა"

2026-06-16 09:33:10+04:00

ტერმინი „ბავშვთა გადაწვა“ (ემოციური გამოფიტვა) შედარებით ახალია და ბევრ მშობელსა და პედაგოგს სასაცილოდ არ ჰყოფნის: „როგორ შეიძლება ბავშვი "გადაიწვას", როდესაც მისი ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების პროცესი მხოლოდ ახლა იკრებს ძალას?“

რა არის ბავშვთა ემოციური გადაწვა — სერიოზული საფრთხე თუ მორიგი ხრიკი იმის გასამართლებლად, რომ არაფერი აკეთონ?

რას ამბობს მეცნიერება და რეალობა?

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში მოზრდილთა ემოციური გადაწვის სინდრომი დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც გარეგანი და შინაგანი მოთხოვნები დიდი ხნის განმავლობაში აღემატება ადამიანის რესურსებს. მიესადაგება თუ არა ეს დეფინიცია ბავშვებს?

დაგვეთანხმებით, რომ დღეს ბევრ ბავშვს დღის განრიგი წუთობრივად აქვს გაწერილი. მშობლები ბავშვის მომავალში დებენ ფულსა და ემოციებს და ცდილობენ, ამ ინვესტიციიდან მაქსიმალური შედეგი მიიღონ.

გარეგან ზეწოლას ახდენენ მშობლები, პედაგოგები, მწვრთნელები, ხოლო შინაგანს — თავად ბავშვი, რომელსაც ხშირად მშობლების იმედების გამართლება სურს ან, რაც დასამალია, უბრალოდ ეშინია დედ-მამის რეაქციის წარუმატებლობაზე.

მეორე ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, არის „მუდმივი საფრთხის სინდრომი“. ბავშვი გამუდმებით ნერვიულობს მომავალი გამოცდების გამო და მისი ორგანიზმი სტრესის რეჟიმში ცხოვრობს. შედეგად, ირთვება თავდაცვითი რეაქცია:

  • აპათია („არაფერი მინდა“);

  • ცინიზმი („ეს ცხოვრებაში არასდროს დამჭირდება“);

  • გაქცევა, რაც ავად გახდომით ან დეპრესიით გამოხატება.

როგორ ვლინდება გამოფიტვა ბავშვის ქცევაში?

ბავშვთა ემოციური გამოფიტვა სხვადასხვა ფორმით ვლინდება და ხშირად იწყება ქცევის მკვეთრი ცვლილებით, რასაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.

პირველ რიგში, თვალში საცემია მუდმივი დაღლილობის განცდა, რომელიც ხანგრძლივი ძილის შემდეგაც კი არ ქრება. ბავშვი კარგავს ინტერესს იმ თამაშებისა და ჰობიების მიმართ, რომლებიც ადრე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, და სკოლაში წასვლის ან მეცადინეობის ხსენებაზეც კი აპათია ეუფლება.

ემოციურ დონეზე ხშირად ვლინდება მომატებული გაღიზიანებადობა, უმიზეზო ჭირვეულობა, ტირილისკენ მიდრეკილება ან პირიქით — სრული გულგრილობა გარემომცველი სამყაროს მიმართ. ამას თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, გულმავიწყობა და მარტივი დავალებების შესრულებისას შეცდომების დაშვება, რაც მანამდე არ ახასიათებდა.

ფიზიკურ სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია ძილის დარღვევა, რაც გამოიხატება ჩაძინების სირთულეში ან ღამით ხშირ გაღვიძებაში. ასევე მკვეთრად იცვლება მადა — ბავშვი ან თითქმის საერთოდ უარს ამბობს საკვებზე, ან პირიქით, სტრესს ჭამით ახშობს.

ხშირად გამოფიტვა ფსიქოსომატურ გამოვლინებებშიც გადადის, როდესაც ბავშვი რეგულარულად უჩივის თავის ან მუცლის ტკივილს, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა დატვირთვა მაქსიმალურია.

საბოლოო ჯამში, ბავშვი იწყებს სოციალურ იზოლაციას, გაურბის თანატოლებთან ურთიერთობას, იკეტება საკუთარ თავში და ცდილობს მთელი თავისუფალი დრო გაჯეტებთან გაატაროს, რაც მისთვის რეალობისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად იქცევა.

როგორ მოვიქცეთ? პრაქტიკული ნაბიჯები მშობლებისთვის

მნიშვნელოვანია ბავშვს რეალური თამასა დავუსახოთ: შევადაროთ მშობლების ამბიციები და ბავშვის შესაძლებლობები, რათა მან შეძლოს იმ ნიშნულამდე მიღწევა, რომელიც მისთვის განისაზღვრა.

  • იმოძრავეთ დიდი მიზნებისკენ პატარა ნაბიჯებით: ცოტ-ცოტა, მაგრამ ყოველდღე.

  • ასწავლეთ ბავშვს პრიორიტეტების დასახვა.

  • მიეცით ლეგალური სტატუსი „აკრძალულ ხილს“: ბავშვის ის საყვარელი საქმიანობები, რომლებიც დროს „ჭამენ“, ოფიციალურად ჩასვით მის განრიგში.

დროის მართვის მატრიცა ბავშვებისთვის

სპეცილაისტები გვთავაზობენ ყველა საქმის პირობითად 4 კვადრატად დაყოფას:

კვადრატი 1: სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები

სასურველია, ეს კვადრატი ცარიელი იყოს. ეს მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც ბავშვი ისწავლის დროის დაგეგმვას და ყველაფერს წინასწარ გააკეთებს. აქ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი საქმეები, როგორიცაა: „კბილი მტკივა, სასწრაფოდ უნდა ჩავეწერო სტომატოლოგთან“ ან „ხვალისთვის ლექსი მაქვს სასწავლი“.

კვადრატი 2: არასასწრაფო, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები

სწორედ ეს კვადრატი უნდა გახდეს ყოველდღიური განრიგის საფუძველი: სკოლაში სიარული, საშინაო დავალებების შესრულება, სპორტული წრეები, ჯანმრთელობის საკითხები. ვინაიდან აქ სასწრაფოობა არ არის, ბავშვს შეუძლია გადაწყვეტილებებს უფრო გააზრებულად და პროდუქტიულად მიუდგეს. ადამიანები, რომლებიც ამ კვადრატის საქმეებს დროულად აკეთებენ, უფრო წარმატებულები არიან და მეტი თავისუფალი დროც აქვთ. გახსოვდეთ: თუ ამ საქმეებს დროულად არ შეასრულებთ, ისინი ავტომატურად გადაინაცვლებენ 1-ელ კვადრატში.

კვადრატი 3: სასწრაფო, მაგრამ უმნიშვნელო საქმეები

ეს არის საქმეები, რომლებიც ყურადღებას გვიფანტავს, თუმცა, როგორც წესი, გარდაუვალია (მაგ. თმის შესაჭრელად წასვლა, ჭურჭლის რეცხვა). მთავარია, ისინი ბევრი არ დაგროვდეს, თორემ ბავშვი ძალიან გადაიღლება, სარგებელსა და სიამოვნებას კი ვერ მიიღებს. ეს საქმეები ხშირად გარედანაა თავსმოხვეული და მათ მხოლოდ მიმდინარე ცხოვრებისეული დონისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ, ამიტომ მათი დოზირება აუცილებელია.

კვადრატი 4: არასასწრაფო და უმნიშვნელო საქმეები

ეს ამოცანები საერთოდ არანაირ სარგებელს არ ინახავს. ხშირ შემთხვევაში, სასარგებლოა არა მხოლოდ მათი ბოლოსთვის შემონახვა, არამედ მათზე საერთოდ უარის თქმაც. თუმცა, მათი ცოდნა აუცილებელია, რადგან სწორედ ისინი არიან თქვენი „დროის მჭამელები“. შესთავაზეთ ბავშვს, გულწრფელად შეადგინოს „აკრძალული საქმეების სია“ — ის აქტივობები, რომლებიც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ უამრავ დროს ართმევს (კომპიუტერული თამაშები, ტელეფონში „სქროლვა“, სოციალური ქსელები, მეგობრებთან უსაქმური ლაპარაკი).

როგორც კი ბავშვი ისწავლის პრიორიტეტების სწორად დასმას და საქმეების სწორი თანმიმდევრობით შესრულებას, მას აუცილებლად დარჩება დრო დასვენებისა და საყვარელი ჰობისთვის. დაგეგმვა დაეხმარება მას თავიდან აიცილოს გამოფიტვა და მიაღწიოს წარმატებას სწავლაში, თამაშსა და ურთიერთობებში.

რა ემუქრება ადამიანს, რომელიც ცრემლებს ხშირად იკავებს - რა მოსდევს ემოციების გაყინვას
ბავშვი ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ვერ ივლის, წაგების მერე წამოდგომა უნდა ისწავლოს, ცუდ ემოციებს გაუძლოს და არ გატყდეს - როგორ გავაძლიეროთ ბავშვი ემოციურად