"რა მინდოდა, რატომ ვიმღერე? ჩემი ოჯახი არ მინახავს თვეების განმავლობაში... ჩემი შვილი არ მინახავს, როგორ გაიზარდა... ჩამოვიდოდი ერთი კვირით, ჩავეხუტებოდი და უკვე ზარი იყო - მიდიხარ... მე ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი... ჯაზი იყო ჩემი ცხოვრება..." - 91 წლის გიული ჩოხელი - მშობლები

"რა მინდოდა, რატომ ვიმღერე? ჩემი ოჯახი არ მინახავს თვეების განმავლობაში... ჩემი შვილი არ მინახავს, როგორ გაიზარდა... ჩამოვიდოდი ერთი კვირით, ჩავეხუტებოდი და უკვე ზარი იყო - მიდიხარ... მე ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი... ჯაზი იყო ჩემი ცხოვრება..." - 91 წლის გიული ჩოხელი

2026-06-17 00:41:27+04:00

ქართული ჯაზის ლეგენდა გიული ჩოხელი ტვ-პირველზე "შუდღეს" მასპინძლობდა და სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა, როგორ მოვიდა ჯაზი მის ცხოვრებაში და როგორ მიუძღვნა თავი მუსიკას:

- მერი შინდელი იყო ასეთი მომღერალი. ცაბაძის სიმღერებს მღეროდა და ძალიან მომწონდა, როგორ ასრულებდა... განსაკუთრებული ქალი იყო... ამას რომ მოვისმენდი, პიანინო ჰქონდა დედას, მოვიდოდი და ვუკრავდი, ვმღეროდი იმ სიმღერებს და გავაღებდი ხოლმე ფანჯრებს. ჩვენს პირდაპირ იყო კორპუსი და მე რომ ვმღეროდი, ხმა მიდიოდა, იქიდან ტაში მესმოდა. ეს იყო ჩემი პირველი ტაში...

მაშინ ვიფიქრე: მე უნდა გავხდე დიდი მომღერალი, მე უნდა ვიმღერო, მე უნდა ვიმღერო...

ერთხელაც დედა მეუბნება:- მოდი აქაო. - რა იყო-მეთქი? - მეზობლები ამბობენ, რომ შენ აქ კონცერტებს მართავო. ერთი დაჯექი, დაუკარი და იმღერეო.

მე ვუთხარი: - მე შენს წინაშე ვერ ვიმღერებ, ეს გამორიცხულია-მეთქი.

- კარგიო, მაშინ ასე მოვილაპარაკოთო. მე თავისუფალი ვიქნებიო ერთ ორშაბათს. დაჯექი შენო, მე ჩუმად ჩაგირთავო მუსიკასო. „სპიდოლა“ იყო ასეთი. მოკლე ტალღის მოსმენა არ შეიძლებოდა... ჩართო და ქაუნთ ბეისი აჟღერდა. იცი, რა მომივიდა? გავგიჟდი. იმ წუთში ვუთხარი: ეს ჩემი მუსიკაა, ეს ჩემია!

- მერე შენ უნდა იმღერო ესო?

— ვიმღერებ, აბა რა!

— ისინი ამერიკაში არიანო, შენ აქ ხარ და ვინ მოგცემს ამის საშუალებასო.

— რად მინდა მოცემა? ჩუმად მოვუსმენ ხოლმე-მეთქი.

ინგლისური არ ვიცოდი. ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ვიწერდი, მაგრამ ზუსტად ვიწერდი. ყველაფერი ამერიკული იყო, ამერიკულია დღემდე — გამოთქმაც და ყველაფერიც...

ვიღაცამ მითხრა, რომ იყო ერთი ორკესტრი - სამხედრო ორკესტრი თბილისელების, რომლებიც ჯაზს უკრავდნენ და სადღაც სარდაფში იკრიბებოდნენ. ღამე უკრავდნენ ხოლმე. დედას სპექტაკლი ჰქონდა და მე წავცუნცულდი იქ.

ღამე მივედი, ფეხით ჩავედი. დარაჯმა მკითხა:- ვინ ხარ, შვილო?

მე ვუთხარი: - მომღერალი ვარ.

- რას მღერიო?

- ჯაზს.

გაგიჟდა. მუსიკოსებმა თავიდან მასარად ამიგდეს.

- რას იმღერებო? აი, ახლა შეგიძლიაო?

მე ვუთხარი: - „Mister Paganini“ დაუკარით.

პიანისტმა რაღაც ტონალობა აიღო, მე კი ვუთხარი:

- იმ ტონალობაში, რომელშიც კომპოზიტორმა დაწერა.

გაგიჟდა ის კაცი - ბავშვი ვიყავი, 13 წლის.როცა არანჟირება წავიდა და იმპროვიზაციაზე გადავედი, საერთოდ აღარ ვგავდი საკუთარ თავს. გესმის? გავგიჟდი. ორკესტრი რომ უკრავს... ბოლოს ხელზე მაკოცა.

პატარა გოგო ვიყავი. და ვიფიქრე, მორჩა. ეს უკვე გადაწყვეტილი იყო ჩემი სიცოცხლისთვის, იმიტომ რომ სხვა არაფერი მაინტერესებდა... იმიტომ გავთხოვდი ჯაზმენზე.

artworks-000209460513-un0dtc-t500x500-1781643665.jpg

რა მინდოდა, რატომ ვიმღერე? სად დავწანწალებდი...ჩემი ოჯახი არ მინახავს თვეების განმავლობაში. ჩემი შვილი არ მინახავს, როგორ გაიზარდა... სად წავიდა სკოლაში, ვინ სცემა სკოლაში, ვის ეჩხუბა, სად იმღერა, როგორი იყო... ჩამოვიდოდი ერთი კვირით, ჩავეხუტებოდი და უკვე ზარი იყო - მიდიხარ, თვითმფრინავი გელოდება...სად? - ავსტრიაში.

მე ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი...

წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში გიული ჩოხელი ოჯახის დანგრევაზე და შვილის გარდაცვალებაზე ყვებოდა (მას ერთი შვილი ჰყავდა, დინარა, და მეუღლე - ბორის რიჩკოვი).

- ჯაზმენი იყო და რომ დაუკრა, გავგიჟდი... ორივესთვის ერთი ნახვით სიყვარული იყო. მას საცოლე ჰყავდა, რომელსაც ნივთები მის სახლში ჰქონდა უკვე გადატანილი. როდესაც ვიმღერე, მისთვის უთქვამს, არა, ის იქნება ჩემი ცოლი. მოსკოვში სტუმრად რომ დამპატიჟეს, იქ ვიმღერე ტელევიზიით. კონცერტის მერე დიდი სუფრა გაიშალა და უცებ კარზე ზარია, შემოდის მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით. პირდაპირ მოვიდა ჩემთან და მითხრა, მოდი, ახლა ვიმღეროთ, ვკითხე, - თქვენ უკრავთ? სტუმრებმა სიცილი დაიწყეს, ეს იცი ვინაა? ცნობილი ჯაზმენიაო.შემდეგ სუფრასთან მომიჯდა და საუბარი დავიწყეთ... უცებ გავიხედე და სუფრასთან არავინ აღარ იჯდა. მკითხა, შეიძლება გაკოცო? - როგორ არ შეიძლება, ვუთხარი მე და ჩავეხუტე. შემდეგ ცოლობა მთხოვა....

ხელი მოვაწერეთ, გაგვიჩნდა არაჩვეულებრივი შვილი დინარა, 14 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და შემდეგ მიღალატა. ამის შესახებ მისი მეგობრებისგან გავიგე. ღამე სახლში არ მოვიდა, ვიცნობდი იმ ქალს, ვისთანაც მიღალატა. ერთ კვირაში მოვკიდე ხელი ჩემს შვილს და წამოვედი. გამორიცხულია, ღალატს არ ვაპატიებდი. მე დღესაც მიყვარს, ჩემთვის ველაპარაკები ხოლმე... ლექსიც დავუწერე, რად მიღალატე, ჩვენ ხომ ერთად დავბერდებოდით... ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით, მონატრება არ მანებებს თავს. მიყვარხარ, ისევ მიყვარხარ, განშორების სიცივე მკლავს, სიზმარში თეთრ კაბას ვიცვამ, საქორწინო, ნაზი ყვავილი რთავს.

შემდეგ იმ ქალთან გაუჩნდა შვილი, გოგონა, რაღაც კომპანია შექმნა და გახდა მილიონერი. ჩემს შვილთან კონტაქტი ჰქონდა, დინარა უკვე გათხოვილი იყო და შვილი გიორგი გაუჩნდა, საქართველოში ცხოვრობდნენ, რომ მოსწერა, დინა, არ ვარ კარგად, შვილი ჩამოიყვანე და ჩამოდიო. მითხრა, არ გეწყინოს მამასთან უნდა წავიდეო. მივეცი ფული, ბილეთი ვუყიდე და წავიდა. ცოლი არ უშვებდა საავადმყოფოში, მაგრამ მაინც შევიდა ჩემი შვილი... ჩაეხუტა და დაემშვიდობა...

550447395-1781643665.jpg

ბოლოს ჩემი შვილი მოსკოვში ცხოვრობდა, სტუდია გახსნა, ბავშვებს ჯაზს ასწავლიდა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, ზამთარში გაცივდა. ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ერთხელ დამირეკა და მითხრა, არ მაქვს კარგად საქმეო, მაგრამ არ მითხრა რა ავადმყოფობა ჰქონდა. გავიდა რამდენიმე დღე და როგორ ხართ-მეთქი და ცუდი ხმა ჰქონდა, ეს ხველა ვერ მოვიშორეო. დავამშვიდე, ხანდახან მეც ასე ვარ-თქო. გადის დრო, ვრეკავ და არავინ მპასუხობს, ერთი თვე გავიდა ასე რეკვაში. ერთ დღესაც გიორგიმ მიპასუხა, შვილიშვილმა და ვკითხე, როგორ არის დინარა-თქო და დასასვენებლად წავიდაო... ამ დროს მამამისმა გამოგლიჯა ყურმილი და დავასაფლავეთო...

სიძეს ვუთხარი, ჩემი სახელი არ ახსენო, შენ არ იციო, მე ვუვლიდიო, ძალიან ცუდად იყოო... საფლავზეც არ ვყოფილვარ, მოსკოვი ხომ დაიკეტა ჩემთვის ომის შემდეგ. დინა არის ჩემთვის ცოცხალი, უბრალოდ, ჩემ თავს ვუთხარი, რომ ის მოსკოვშია ან ამერიკაში და მუშაობს..."

კადრები ნანი ბრეგვაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოდან და უბერებელი ლეგენდა (ვიდეო)
გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს