შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, თითოეული საგნის მიხედვით, გაეცნონ, რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ გამოცდაზე:
ქართული ენა და ლიტერატურა
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან;
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
- არჩევითპასუხებიანი დავალებებით შემოწმდება წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი;
- ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში; ეს დავალებები ფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:
- ტექსტის რედაქტირების უნარი;
- საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული და არასაპროგრამო მხატვრული ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი; დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ენის გამომსახველობით საშუალებათა (როგორც ლექსიკურის, ისე გრამატიკულის) ადეკვატური გამოყენების უნარი; წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით.
უცხოური ენები
- ტესტი შედგება ექვსი არჩევითპასუხიანი და ერთი ღია დავალებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი ან მეტი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. არის ასევე „მრავალჯერადი არჩევანის“ დავალებები. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
- ღია დავალება (თხზულება) ფასდება სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც შედგება ორი კრიტერიუმისაგან. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 8. დავალების მაქსიმალური ქულა არის 16. უცხოური ენების ტესტებით შემოწმდება:
- მოსმენის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ისე ფაქტობრივი ინფორმაცია.
- კითხვის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.
- აბიტურიენტმა, კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ჩასვას გამოტოვებულ ადგილებში საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები (არტიკლი, კავშირი და ა.შ.). სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;
- აბიტურიენტმა უნდა დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აზრი გადმოსცეს გასაგებად და თანმიმდევრულად. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.
ისტორია
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
- ღია დავალებების შესაძლო მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით შეფასების სქემის მიხედვით. ისტორიის ტესტით შემოწმდება:
- ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი; ისტორიული ცნებების, ტერმინების ადეკვატური გამოყენება; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენის, ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის უნარი;
- ისტორიული რუკების კითხვა და მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია;
- ისტორიულ მოვლენათა/ისტორიულ წყაროთა შორის მსგავსებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი/კრიტიკული ანალიზი; ისტორიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება.
- საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი).
მათემატიკა
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
- ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით შეფასების სქემის მიხედვით. თითოეული დავალების ამოხსნა დაყოფილია ეტაპებად, რომელთა გადალახვა აუცილებელია დავალების შესასრულებლად. თითოეული ეტაპის გადალახვა გამოსაცდელისაგან მოითხოვს შესაბამისი მათემატიკური უნარის ფლობას ან გარკვეული ფაქტის, ან დებულების ცოდნას. თითოეული დავალების შეფასების სქემაში მითითებულია, თუ რომელი ეტაპის ან ეტაპების კომბინაციის გადალახვისას შეფასდება დავალების ამოხსნა ამა თუ იმ ქულით.
- ეტაპი გადალახულად ითვლება, თუ შესრულებულია ამ ეტაპის შესაბამისი ინდიკატორი. ეს ინდიკატორები მოცემულია შეფასების სქემაში. ინდიკატორში მითითებული სიდიდე შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუმარტივებელი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ ამოხსნაში მითითებულია ინდიკატორში აღწერილი სიდიდე, მაგრამ არ არის მოყვანილი მისი მიღების გზა, ეტაპი შესრულებულად არ ჩაითვლება. მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა.
ბიოლოგია
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
- ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით შეფასების სქემის მიხედვით. ღია დავალებებში მოითხოვება: ფაქტობრივი მასალის, ცნებებისა და კანონების ცოდნა; მოვლენის არსის განსაზღვრა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა; ობიექტისა და მოვლენის აღწერა და დაჯგუფება-დახარისხება; მოვლენათა დამახასიათებელ ნიშნებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და ჰიპოთეზის წამოყენება, ასევე გამოთვლითი ამოცანების ამოხსნა; ვიზუალური ინფორმაციის გაანალიზება და ზოგადი კანონზომიერების დადგენა;
- ღია დავალებებში ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული დავალების შესრულებისას. გამოთვლითი ამოცანების ამოხსნა დაყოფილია ეტაპებად, რომელთა გადალახვა აუცილებელია დავალების შესასრულებლად.
ქიმია
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
- ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით შეფასების სქემის მიხედვით. ღია დავალებებში მოითხოვება ქიმიური ფორმულების, ნივთიერებების სახელწოდებების და ქიმიური რეაქციების ტოლობების შედგენა, ასევე გამოთვლითი ამოცანების ამოხსნა.
- ღია დავალებებში ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული დავალების შესრულებისას. გამოთვლითი ამოცანების ამოხსნა დაყოფილია ეტაპებად, რომელთა გადალახვა აუცილებელია დავალების შესასრულებლად. თითოეული ეტაპის გადალახვა გამოსაცდელისაგან მოითხოვს განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ფლობას. თითოეული ასეთი დავალების შეფასების სქემაში მითითებულია, თუ რომელი ეტაპის ან ეტაპების კომბინაციის გადალახვისას შეფასდება დავალების ამოხსნა ამა თუ იმ ქულით. დავალების შესრულებისას მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა.
ფიზიკა
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი დავალებებისაგან, შესაბამისობის დავალებებისაგან და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
- შესაბამისობის პოვნა: უნდა დადგინდეს შესაბამისობა ჩამონათვალში მოცემულ ორ სიდიდეს ან ობიექტს შორის. ცხრილი ივსება შემდეგნაირად: ციფრებით დანომრილი თითოეული სიდიდისა ან ობიექტისათვის მოიძებნება მისი შესაბამისი ანბანით დანომრილი სიდიდე ან ობიექტი. შედეგი მოინიშნება X-ით ცხრილის სათანადო უჯრაში. გასათვალისწინებელია, რომ ერთი ჩამონათვალის რომელიმე სიდიდეს ან ობიექტს შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი - მეორე ჩამონათვალიდან. დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სტრიქონების ან სწორად შევსებული სვეტების რაოდენობის მიხედვით.
- ღია დავალებებში ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული მრავალსაფეხურიანი დავალების შესრულებისას. თითოეული დავალების ამოხსნა დაყოფილია ეტაპებად, რომელთა გადალახვა აუცილებელია დავალების შესასრულებლად. თითოეული ეტაპის გადალახვა გამოსაცდელისაგან მოითხოვს განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ფლობას. თითოეული დავალების შეფასების სქემაში მითითებულია, თუ რომელი ეტაპის ან ეტაპების კომბინაციის გადალახვისას შეფასდება დავალების ამოხსნა ამა თუ იმ ქულით. დავალების შესრულებისას მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა.
გეოგრაფია
- ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან.
- არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
- ღია დავალებების შესაძლო მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით, შეფასების სქემის მიხედვით. ღია დავალებაში მოითხოვება სხვადასხვა ტიპის წყაროს (ტექსტის, ტოპოგრაფიული და კონტურული რუკების, სურათის, ნახაზის, ცხრილის, გრაფიკის და სხვ.) ანალიზის საფუძველზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. გეოგრაფიის ტესტით შემოწმდება:
- საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
- გეოგრაფიული ცნებებისა და ტერმინების ადეკვატური გამოყენება;
- გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესებისთვის დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
- სხვადასხვა წყაროდან (ტექსტი, რუკა, ფოტო, გრაფიკი, ცხრილი, დიაგრამა) საჭირო ინფორმაციის გამოყოფა და ანალიზი; ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის უნარი (მაგ. ტექსტის გარდაქმნა ცხრილად ან დიაგრამად);
- საპროგრამო მასალის გააზრების, განზოგადებისა და ლოგიკური დასკვნის გამოტანის უნარი;
- დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებით.
ვრცლად ინფორმაცია თითოეული საგნის შეფასების კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იხილოთ.