35 წლის თურქი ვარსკვლავის, ეჯე ირთემის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ არა მხოლოდ თურქეთი, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. 14 ივნისს მან დაბადების დღე აღნიშნა. დაბადების დღის აღნიშვნიდან სულ რაღაც ერთ დღეში, მსახიობი საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა. სანამ თაყვანისმცემლები და კოლეგები სამძიმარს გამოხატავენ, გამოძიება კი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ადგენს, ეჯე ირთემის დედამ, ნურიე ირთემმა, პირველი კომენტარი გააკეთა.
დედის თქმით, ეჯეს უკანასკნელი საღამო ჩვეულებრივი ოჯახური დღესასწაულით დაიწყო. საღამოს, დაახლოებით, ექვს საათზე, მსახიობის დაბადების დღის აღსანიშნავად, ისინი ერთად იმავე ქუჩაზე მდებარე კაფეში წავიდნენ, სადაც მათი სახლია. ტორტს მიირთმევდნენ, ერთობოდნენ… როგორც დედა აღნიშნავს, მისი ქალიშვილი თავს კარგად გრძნობდა და მხნედ გამოიყურებოდა. თუმცა, სადღესასწაულო განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ისინი საღამოს სახლში დაბრუნდნენ.
"შვილი დასაძინებლად დავაწვინე, რადგან ნასვამი იყო და ანტიდეპრესანტები ჰქონდა მიღებული. გავიგონე, როგორ ადგა საპირფარეშოში წასასვლელად, შემდეგ კი ისევ დაწვა. დილით საუზმისთვის დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. როდესაც მის ოთახში შევედი, დავინახე, რომ პირიდან არასასიამოვნო სუნის მქონე სითხე გადმოსდიოდა. მას ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა დალეული და ძლიერ ანტიდეპრესანტებს იღებდა", - ჰყვება ნურიე.
მსახიობი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა საბოლოო დასკვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება. ეჯე ირთემის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ოთხშაბათს, მის მშობლიურ ქალაქ იზმირში გაიმართება.
ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს დაიბადა. მამამისი პროკურორი იყო, დედა კი - ჟურნალის მთავარი რედაქტორი. მამის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, ამიტომ ბავშვობაში ეჯე კითხვაზე "საიდან ხარ?" სხვადასხვანაირად პასუხობდა: ხან ნუსაიბინიდან და ხან - სივასიდან.
"მე თურქი ვარ… თურქეთის მოქალაქე ვარ. ამას მთელი გულით ვგრძნობ", - ამბობდა იგი.
უფროს კლასებში ეჯე სცენით დაინტერესდა: საკუთარ სკეტჩებს წერდა და სასკოლო დადგმებში გამოდიოდა. ასევე, იგი მძლეოსნობით იყო დაკავებული. სკოლის დასრულების შემდეგ, მან იზმირის იაშარის უნივერსიტეტის საოპერო-ვოკალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მოგვიანებით კი სტამბოლში გადავიდა, სადაც სადრი ალიშიკის კულტურის ცენტრში სამსახიობო კურსები გაიარა.
მსახიობს თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში გლოვობენ, მათ მომხდარის დაჯერება უჭირთ. ზოგიერთი მათგანი ირთემის ინტერვიუებსაც იხსენებს. ახლახან იგი თურქული გადაცემის, "განსხვავებული საუბრების" სტუმარი გახდა. წამყვან ჯეიდა დუვენჯისთან საუბრისას ეჯემ ცხოვრებაზე, ბედისწერასა და საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე თავისი ფიქრები გააზიარა.
წამყვანის კითხვაზე, თუ სად ხედავდა თავს მომავალში, გოგონამ უპასუხა: "ახლა იქით მივდივარ, საითაც ბედისწერა წამიყვანს". მან აღიარა, რომ ალაჰს ზედმეტად ენდობოდა და ყველაფერს მის ხელებს აბარებდა.
"ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს მიგვაქვს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც საკუთარ თავს განვიცდით და ვდარდობთ, ეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უფალსაც ტკენს. ის ხომ აქ ცხოვრებისეული გამოცდილების, მადლიერებისა და სიყვარულისთვის გვაგზავნის", - ამბობდა მსახიობი იმ ინტერვიუში.
იმავე საუბრისას ეჯემ აღიარა, რომ ადრე სამსახურისა და მომავალი როლების გამო ზედმეტად ნერვიულობდა. შემდეგ კი კარიერისთვის უფრო მშვიდად ყურება ისწავლა: "ამიერიდან სიმშვიდე მინდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შემომთავაზებენ თუ არა პროექტებში ახალ როლებს. თუ არა - ესე იგი, რაღაც კიდევ უფრო უკეთესი გამოჩნდება".
კარიერისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულების მიუხედავად, ეჯე სერიალ "შერბეთში" მუშაობას სითბოთი იხსენებდა. მან აღიარა, რომ როლზე მაშინვე არ დათანხმებულა, თუმცა სამსახიობო გუნდმა იგი საოცრად თბილად მიიღო:
"მიუხედავად იმისა, რომ სერიალში მოგვიანებით ჩავერთე, ჩემმა გუნდელებმა საოცრად თბილად, მეგობრულად და როგორც თავისიანი, ისე მიმიღეს. ამ სიახლოვემ შეგუების პროცესი ნამდვილად დააჩქარა", - ამბობდა მსახიობი.