გადაცემაში შეხვედრები ეკა ხოფერიასთან სტუმრობისას ეკა ხოფერიას დიდი ხნის კოლეგამ, ასევე ცნობილმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ისაუბრა ბავშვობაზე, კარიერაზე, ოჯახზე, რა აბედნიერებს ახლა და რაზე ოცნებობს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:
- პროფესიით ფილოლოგი ვარ... უცნაური ის იყო, რომ ბავშვობაში წარმოსახვითი ცხოვრებაც მქონდა და რეალური ცხოვრებაც. ამ წარმოსახვით ცხოვრებაში, სულ, როცა ვთამაშობდით ხოლმე, ვჩანდი ტელევიზორში. აი, ეს არის, იცი? არ ვიცი, ვის როლში ვიყავი, ოღონდ ტელევიზორში ვჩანდი.დედაჩემის რაღაც ნივთებს ვიღებდი ხოლმე — პარფიუმერიას, რაღაც ფლაკონს, - და ხელში მეჭირა, დავდიოდი წინ და უკან. ანუ სულ ვოცნებობდი ტელევიზორში გამოჩენაზე. ახლა ვინმემ მითხრას, რომ რაზეც ოცნებობ, ის არ სრულდება...რა თქმა უნდა, მთელი ბავშვობა ვუშვებდი ამ ჩემს ოცნებას ზევით, კოსმოსში, და დამიბრუნდა პირდაპირი მნიშვნელობით.
დავიბადე სამტრედიაში. იქ უბრალოდ დავიბადე — დედაჩემი და მამაჩემი სამტრედიელები არიან, ოღონდ აქ ცხოვრობდნენ. ვეუბნები ხოლმე: „ჩემზე სამშობიაროდ წახვედი მაინცდამაინც?“ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო და იქ მოუწია მშობიარობა. დაბადების მოწმობაში მიწერია: დაბადების ადგილი — სამტრედიის რაიონი, ნაფაღაურის სოფლის საბჭო. ასე ვარ დარეგისტრირებული...
ვსწავლობდი 62-ე სკოლაში. კარგად ვსწავლობდი. ახლა, ამ გადასახედიდან რასაც ვუყურებ, მართლა ძალიან კარგად ვსწავლობდი. ოღონდ როგორი ბავშვი ვიყავი, იცი? ჩვენ ორნი ვიყავით — მე და ჩემი და. ჩემი და იყო თხა, დაუმორჩილებელი, მოუთვინიერებელი და დღემდე ასეა. საოცარი ადამიანია, მთებს გადადგამს, პრობლემა არ აშინებს.
მე ვიყავი განებივრებული. ავად ვიყავი ბავშვობიდან, რაღაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მქონდა. ამან გამოიწვია ის, რომ, მაგალითად, დედაჩემი დასასვენებლად რომ მიდიოდა, მივყავდი მე. ქეთინო, ჩემი და, თვითონაც არ დაჰყვებოდა დედაჩემს და სულ სოფელში იყო ბებიაჩემთან. მე დამატარებდა, საწყალი, ეს დედაჩემი — წაღვერი, ცემი, ბორჯომი... ანუ მთაში უნდა ვყოფილიყავი. ისე გავიზარდე, სანამ მართლა არ მოვიპოვე სიტყვის თქმის უფლება, ნანახიც არ მქონდა ზღვა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის. ასე გავიზარდე და ამიტომ ვიყავი ძალიან განებივრებული. სულ რომ გეფერებიან და სულ ამ სიყვარულში ხარ...
ჩემ ოჯახს არ ჰქონდა განსაკუთრებულად ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ მქონდა ყველაფერი. მატარებდნენ ყველგან. ყველგან დავდიოდი, იმდენად ყველგან, რომ... ნუ, ჯერ მუსიკა, მერე ბალეტზეც კი...
მე ვიყავი სულ მსუქანი. მთელი ცხოვრება... ახლა მგონი უფრო გამხდარი ვარ, ვიდრე ოთხი წლის რომ ვიყავი, მაშინ. დედაჩემი წარმოიდგინე — ყველგან მატარებდა. მხატვრულ კითხვაზე, ფილარმონიის სცენაზე გამოსვლებზე, პიონერთა სასახლეში, თათია ხაინდრავას ჯგუფში... ყველგან დავდიოდი.
ტანჯვად მახსენდება ეს ბალეტი, საირმეზე, ხელოვნების სკოლაში.დღემდე მახსოვს დიდი სარკეები იმ დარბაზში, ბავშვები სიფრიფანა, იმ რაღაც "პაჩკა" კაბებით, და მე ასეთი მსუქანი რომ ვიდექი მათ შორის. ეს ფეხი, ეს ხელი... ისე ვინერვიულე, მახსოვს, რომ ერთი-ორჯერ მივედი და მერე უკვე დაბოღმილი ვტიროდი.
მაგრამ არ შემეშვა მუსიკასთან დაკავშირებითა... მეშვიდე კლასში რომ გადავედი, აი მაშინ უკვე მე ვიყავი მე. ანუ რომ ვიტყოდი, ასე უნდა იყოს-მეთქი, ასე იყო. მეშვიდე კლასში რომ გადავედი, ერთი წელი მქონდა დარჩენილი და დედაჩემს ვუთხარი: „ახლა თავი დამანებე“, იმიტომ რომ მუსიკის მასწავლებელი მცემდა. ხელებზე მირტყამდა ხოლმე. ჯოჯოხეთურად მახსენდება.მაშინ ეს რაღაც ნორმად ითვლებოდა. დედაჩემმაც იცოდა. ისე მპწკენდა ხელებზე, რომ ვუკრავდი და თან მირტყამდა ხოლმე, ძალიან მძიმედ მახსენდება...მეშვიდე კლასში რომ გადავედი, მარინას ვუთხარი, რომ გამორიცხული იყო — აღარ გავაგრძელებდი... გუნდშიც ვმღეროდი. ანუ ყველგან დავდიოდი...
სამაგიეროდ, არ დავდიოდი, მაგალითად, ცურვაზე, იმიტომ რომ ბავშვობიდან ზღვა არ შეიძლებოდა, რომ არ გავცივებულიყავი, ცურვაზეც არ მატარებდნენ, ვარჯიშზეც არ მატარებდნენ.ამიტომ ცურვა ვისწავლე დაახლოებით ხუთი წლის წინ. მანამდე ვერ ვცურავდი. სიბერეში ვისწავლე ცურვა.
ანუ ისეთი რაღაცები იყო, რაც ყველაზე მეტად მინდოდა... სამაგიეროდ, მერე ეს ყველაფერი მარიამში განვახორციელე. მარიამი ცხენზე ზის უნაგირის გარეშე, წარმოუდგენლად ცურავს, თხილამურზე დგას საოცრად...
მერე ჩავაბარე ფილოლოგიურზე. მამაჩემს, ტრადიციულად, სხვა რა ენდომებოდა — უნდოდა, რომ ან ექიმი გამოვსულიყავი, იმიტომ რომ ხუთოსანი ვიყავი, ან იურიდიულზე ჩამებარებინა...სხვათა შორის, სულ ვფიქრობ ხოლმე, ჟურნალისტიკა რომ არა, ალბათ ადვოკატი ვიქნებოდი. ამაში ისეთი დარწმუნებული ვარ, იცი? მჯერა.ვერ გეტყვი, მაშინ სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი, მაგრამ მე ვთქვი, რომ მინდოდა ჩამებარებინა ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე... მამაჩემი გამოშტერდა. ტიპიური საბჭოთა კაცი იყო, ხომ ხვდები? რას ნიშნავს, რას ჰქვია — ამისთვის ისწავლე, შვილო? მამაჩემისთვის - ან ექიმი უნდა გამოსულიყავი, ან იურისტი. სხვას არაფერს განიხილავდა...
ძალიან ბევრ რამეს ვნანობ... მიუხედავად იმისა, რომ ყველა დედას ჰგონია, ყველაზე მაგარი შვილი ჰყავს, ჩემი შვილი მართლა მაგარი გოგოა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვნანობ.
აი, მაგალითად, თითქმის ისე დაამთავრა სკოლა, რომ მისთვის დრო არ მქონდა. თავს იმით ვიმართლებ ხოლმე, რომ დილით მივდიოდი სამსახურში და გვიან ვბრუნდებოდი, მაგრამ არა — ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შვილთან გატარებული დროა... მაგას ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო მარიამზე არ დავხარჯე. ჩვენი პროფესია მთლიანად გითრევს, საკუთარი თავისთვისაც აღარ გიტოვებს ადგილს. მარიამი, ფაქტობრივად, დედაჩემმა გაზარდა და აი, ამას ვნანობ. ძალიან ბევრი დრო მაქვს დაკარგული.
მარიამი მეცხრე კლასში იყო, თუ არ ვცდები, ან უკვე ამთავრებდა სკოლას, როცა ერთად დავიწყეთ ცხოვრება მე და მარიამმა. მანამდე დედაჩემთან ცხოვრობდა, მე ცალკე ვცხოვრობდი, მერე წარმოუდგენლად დავმეგობრდით... სწორედ ეს პერიოდი მაქვს დაკარგული. ახლა მიყვებიან ამბებს, რომლებზეც თან მეცინება, თან გული მეკუმშება, რადგან მე ამ ყველაფერში არ ვყოფილვარ. ძირითადად ეს პროფესიულმა ცხოვრებამ წამართვა...

ძალიან გამაბედნიერა შვილიშვილმა.იცი, როგორ გამაბედნიერა? ადრე რომ ამბობდნენ, არ მჯეროდა. მარიამზე ეს ემოციები არ მქონია, რადგან, როგორც გითხარით, სამწუხაროდ და ჩემთვის სამარცხვინოდაც, მარიამი დედაჩემის გაზრდილია.
ამ გოგოსთან კი ბევრი რამ თავიდან აღმოვაჩინე. მაგიჟებს. პირდაპირ მძევლად ამიყვანა. ზუსტად იცის, ვის რა უნდა უთხრას, რომ თავისას მიაღწიოს.
თავის პატარა თავში უკვე ოცნებობს რაღაცებზე...
მინდა, რაც მარიამს დავაკელი, ან საკუთარ თავს დავაკელი მარიამთან ნაკლები ურთიერთობით, ახლა რაღაცნაირად შევივსო.
არ მინდა სხვისი ნათქვამი სიტყვები მივითვისო, ალბათ ბევრს უთქვამს, მაგრამ ახლა მომწონს ჩემი თავი. თვითმოწონება არასოდეს მქონია, მაგრამ გეტყვით, რატომ მომწონს — სრულიად ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ვცხოვრობ ზუსტად ისე, როგორც მინდა. ყველა ის პროტოკოლური ვალდებულება, რაც ჩვენს პროფესიას ახლავს, თითქოს ერთ ბოხჩაში ჩავყარე და გვერდზე გადავდე. ვცხოვრობ მხოლოდ იმით, რაც სიამოვნებას მანიჭებს.ეს ასაკმა მომიტანა. თუ არ ჩავთვლით იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ და რომელსაც თავისი სიმძიმე ახლავს. ადრე, ამ საქმის პარალელურად, ყველასთვის ანგარიშის გაწევა მიწევდა — რას იტყოდა საზოგადოება, ვინ რას იფიქრებდა, როგორ აღიქვამდნენ. ახლა აღარ მადარდებს... იცი როგორი კომფორტი მაქვს? ძალიან დიდ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ახლა 55 წლის ვარ და ეს შეგრძნება უცებ არ დაწყებულა. ბოლო სამი, ოთხი, შეიძლება ხუთი წელია, ნელ-ნელა მოვიდა.
ძალიან მომწონს ეს ასაკი. არასოდეს ასე არ მყვარებია ოჯახური გარემო, როგორც ახლა მიყვარს. ალბათ ასაკს ახლავს, არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომეწონა.
კიდევ რა მომიტანა? ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ. ვისწავლე ათამდე დათვლა. ათამდე დავითვლი და აღარ ვაძლევ რეაქციას. სრულიად ვმართავ და ვაკონტროლებ საკუთარ თავს.ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა — ვიყავი ძალიან ფეთქებადი, ძალიან იმპულსური. ეს მაზარალებდა და უამრავ სანერვიულოს მიჩენდა. ახლა ვცხოვრობ ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ემოციებით.
კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე — პატივს ვცემ საკუთარ თავს. იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, იმდენი პრობლემა და განსაცდელი, მათ შორის ძალიან დიდი პრობლემებიც, რომ რაღაცნაირად გამოწრთობილი გავხდი.უხერხულია საკუთარ თავზე ასე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ. ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის უნარიც ჩამომიყალიბდა.ადრე უფრო წუწუნა ვიყავი. მიყვარდა ტირილი, პრობლემის დროს სახლში ჩავიკეტებოდი და სულ მსხვერპლის როლში ვიყავი, ახლა ეს აღარ მჭირს.რაღაცამ ძალიან გამამაგრა. ოღონდ ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც 50 წელს გადავცდი. მანამდე ღრმა დეპრესიის პერიოდი მქონდა. ალბათ ეს ის კრიტიკული ასაკია, რომელიც სადღაც 45-დან 50 წლამდე გრძელდება. ჩემთვის ეს პერიოდი კატასტროფულად დეპრესიული იყო...
...ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და დავიკელი, მაგრამ ოპერაციამდე საკუთარი ძალებით 20 კილო მქონდა დაკლებული.როდესაც ოპერაციის გასაკეთებლად მივედი, ექიმმა უკან გამომიშვა. მითხრა, საერთოდ არ ხარ ამისთვის მზადო. მერე 20 კილო რომ დავიკელი, ოპერაცია გამიკეთა. დათო აბულაძემ გამიკეთა და მერე ვკითხე: - ამაზე 20 კილოთი მეტი რომ ვიყავი, მაშინ რატომ არ გამიკეთეთ-მეთქი?მიპასუხა: -მზად არ იყავი. კვების შეზღუდვაზე რომ გელაპარაკებოდი, ეგრევე ჩხუბს იწყებდი. მეუბნებოდი, თუ კვება უნდა შევზღუდო, მაშინ ოპერაციას რატომ ვიკეთებო.

ზედმეტმა წონამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. დაახლოებით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვის სხეულში ვცხოვრობდი.ახლა კი ამ ყველაფერმა ბედნიერება მომიტანა. საოცრად გავბედნიერდი. რაღაც გაფრენის, გაპრანჭვის ხასიათზე დავდექი.ორი წელიწად-ნახევარია ასე ვარ. ახლა საკუთარ თავს ბევრად უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ.საერთოდ, მივხვდი, რომ ცვლილებებისთვის მზად ვარ. რადიკალური ცვლილებებისთვისაც კი.სიმართლე რომ გითხრათ, პროფესიული კუთხითაც მზად ვარ. ახალი საქმის დაწყებისთვისაც. ბოლო პერიოდში სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ.ვფიქრობ, რომ სწორედ ამ 55 წლის ასაკში რაღაც ახალი უნდა დავიწყო, რაღაც ახალი უნდა გავაკეთო.თუ ახლა არაფერ ახალს არ დავიწყებ, ნელ-ნელა რუტინისკენ წავალ, მერე - სიბერისკენ. უკვე ძალიან დამღალა ამ მდგომარეობამ. სიახლე მჭირდება.
ბედნიერებაზე ვოცნებობ, მე ჩვეულებრივი ქალი ვარ. არაფერი მინდა ისეთი, რაც ამ ქვეყნის ქალების 99 პროცენტს არ უნდა.მინდა ვიყო ბედნიერი - როგორც დედა, როგორც შვილი, როგორც ბებია, როგორც ქალი და როგორც მეგობარი.