ნაწლავის ჯანმრთელობასა და ბავშვის ტვინის განვითარებას შორის მეცნიერებმა კავშირი დაადასტურეს - ეს აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტის გამოვლინებასთანაც აღმოჩნდა კავშირში - მშობლები

ნაწლავის ჯანმრთელობასა და ბავშვის ტვინის განვითარებას შორის მეცნიერებმა კავშირი დაადასტურეს - ეს აუტიზმისა და ყურადღების დეფიციტის გამოვლინებასთანაც აღმოჩნდა კავშირში

2026-06-18 07:08:59+04:00

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს: სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჩვილის ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტვინის ადრეულ განვითარებასთან და მომავალში გარკვეული ქცევითი თავისებურებების ჩამოყალიბებასთან.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell Press Blue-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა 571 ახალშობილის ჭიპლარის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, ასევე დააკვირდნენ ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებს ბავშვების 2, 6 და 12 თვის ასაკში. მოგვიანებით კი შეაფასეს მათი ქცევა სამი წლის ასაკში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეადარეს ნაწლავში არსებული ბაქტერიების შემადგენლობა ე.წ. ეპიგენეტიკურ ნიშნებს. ეს არის ქიმიური „ჩამრთველები“, რომლებიც არ ცვლიან თავად გენებს, მაგრამ გავლენას ახდენენ მათ აქტივობაზე. აღნიშნული ნიშნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გენებისთვის, რომლებიც იმუნურ სისტემასა და ტვინის განვითარებას უკავშირდება.

აღმოჩნდა, რომ დაბადებისა და ადრეული მოვლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მშობიარობის მეთოდი, ძუძუთი კვება და ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების მიღება, გავლენას ახდენს როგორც ნაწლავის მიკროფლორაზე, ისე ეპიგენეტიკურ ცვლილებებზე.

მაგალითად, საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებში მეცნიერებმა დააფიქსირეს განსხვავებები იმ გენების ეპიგენეტიკურ ნიშნებში, რომლებიც პასუხისმგებელია იმუნურ დაცვასა და ნერვული სისტემის განვითარებაზე. ამ ბავშვებს ასევე განსხვავებული ნაწლავის მიკრობიომი ჰქონდათ.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რამდენიმე კონკრეტულმა ბაქტერიამ. აღმოჩნდა, რომ ბაქტერია Lachnospira pectinoschiza-ს არსებობა იმ ჩვილებში, რომლებსაც გენეტიკურად აუტიზმის განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ, სამი წლის ასაკში აუტიზმის სიმპტომების ნაკლებ გამოვლინებას უკავშირდებოდა.

მსგავსი შედეგი დაფიქსირდა ბაქტერიასთან Parabacteroides distasonis. მისი არსებობა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) ნიშნების შედარებით დაბალ ალბათობასთან იყო დაკავშირებული.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს მონაცემები მხოლოდ სტატისტიკურ კავშირს აჩვენებს და ჯერ არ ადასტურებს მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. თუმცა შედეგები მიუთითებს, რომ გენეტიკას, ეპიგენეტიკასა და ნაწლავის მიკრობიომს შორის შესაძლოა არსებობდეს მჭიდრო ურთიერთქმედება, რომელიც ბავშვის ტვინის ადრეულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მეცნიერების აზრით, მომავალში მსგავსი კვლევები შესაძლოა გახდეს ახალი პრევენციული მიდგომების საფუძველი, რომლებიც ადრეულ ასაკში ნაწლავის მიკროფლორის მხარდაჭერით ბავშვის ნერვული სისტემის ჯანსაღ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შვიდი წითელი დროშა, რომლებსაც ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ - სპეციალისტი საუბრობს
რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინსა და ნერვულ სისტემასთან - გასტროენტეროლოგი ნინო ბაჩიაშვილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ