ბავშვთა გასტროენტეროლოგი, პროფესორი, ციცი ფარულავა, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს 7 "წითელი დროშის" შესახებ, რომლებსაც ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
- ზრდისა და წონის მატების პრობლემა - პირველ რიგში, მხედველობაში ბავშვის ზრდის მაჩვენებლების ასაკობრივ ნორმასთან ჩამორჩენა მაქვს. ასევე საგანგაშოა, როდესაც წონის მატების ტემპი მცირდება ან ბავშვი წონას კარგავს. მაშინაც კი, თუ მაჩვენებელი ასაკობრივ ნორმაში ჯდება, წინა შემოწმებასთან შედარებით კლება საყურადღებოა. სწორედ ამიტომ, ბავშვის ანთროპომეტრული მონაცემები ნებისმიერ ვიზიტზე უნდა შეფასდეს. თუმცა, ერთი შედეგი განგაშის საფუძველს არ იძლევა. საბოლოო დასკვნის გამოსატანად, მონაცემები ექვსი თვის განმავლობაში დინამიკაში, სულ მცირე ორჯერ ან სამჯერ უნდა შემოწმდეს.
მუცლის ტკივილი - მუცლის ტკივილს ბევრი ფუნქციური დარღვევა იწვევს, რაც ყოველთვის საგანგაშო არ არის, თუმცა ჩარევას მაინც საჭიროებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთი ტკივილი მოითხოვს, რომლის ინტენსივობაც იმატებს ან ბავშვს ღამით აღვიძებს, რადგან ფუნქციური ტკივილი ბავშვს ძილში არასოდეს აწუხებს. ასევე, როდესაც ტკივილის ლოკალიზაცია მუდმივია და ჭიპიდან მაქსიმალურადაა დაშორებული. თუ მუცლის ტკივილს ღებინება, ფაღარათი ან წონის კლებაც ახლავს, ასეთ შემთხვევაში, მუცლის ტკივილს შეფასება სჭირდება.
დიარეა და ყაბზობა - თუ დიარეა ორ ან სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, საქმე მარტივად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მწვავე ინფექციური გასტროენტერიტი მაქსიმუმ ორ კვირაში გაივლის. ყურადღება მაღალ დეფეკაციას და განავლოვან მასებში ლორწოს, ჩირქის ან სისხლის არსებობასაც უნდა მივაქციოთ. ასეთ შემთხვევაში, საქმე მარტივად არ უნდა იყოს. ყაბზობის დროს კი საგანგაშოა, როდესაც დაყოვნება რამდენიმე დღეს გრძელდება. ხანდახან შვიდი დღეა დაყოვნება. თუ დეფეკაციის შემდეგ მხოლოდ ალისფერი სისხლი ჩნდება, ეს ხშირად მექანიკური ტრავმით გამოწვეული ფისურაა. თუმცა, თუ სისხლი განავლოვან მასებს ერევა, განმეორებითი ხასიათისაა და მუქი ფერისაა, ბავშვი ჯერ პედიატრმა უნდა გასინჯოს, საჭიროების შემთხვევაში კი რეფერალი გასტროენტეროლოგთან გაკეთდეს.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - სისხლიანი ღებინება და სისხლიანი განავალი ყოველთვის დიდ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია სისხლის ფერიც: ღებინებისას ის შეიძლება ალისფერი ან ყავისფერი იყოს, განავალში კი - შავი (საგოზავისებური), ალისფერი ან შინდისფერი. ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის არსებობა აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს.
არაგასტროენტეროლოგიური (ექსტრაინტესტინალური) სიმპტომები - ზოგჯერ დაავადება ისეთი ნიშნებით ვლინდება, რომლებიც კუჭ-ნაწლავის პრობლემას პირდაპირ არ ჰგავს. მაგალითად, ნაწლავის ანთებით დაავადებებს შეიძლება ცხელება, სახსრების ტკივილი ან თვალის დაზიანება (უვეიტი) ახლდეს. ასევე, გამონაყარი, მორეციდივე სტომატიტები ან რკინარეზისტენტული ანემია ხშირად ცელიაკიის თანმდევი სიმპტომებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კლინიკურად წამყვანი ნიშნები არ არის, ისინი მაინც გასტროენტეროლოგიურ პრობლემაზე მიუთითებენ.
კვების წესის შეცვლა - თუ ბავშვმა კვების ჩვევები მოულოდნელად შეიცვალა, სიფრთხილეა საჭირო. მაგალითად, დაიწყო ნელა ჭამა, ყოველ ულუფაზე წყლის მიყოლება ან საკვების დიდხანს ღეჭვა. უარს აცხადებს მკვრივ საკვებზე და უპირატესობას თხევადს ანიჭებს. ან მიუთითებს, რომ კისრისა და გულმკერდის არეში რაღაც აქვს გაჩხერილი. ეს შეიძლება ფსიქოგენური მომენტი ან აგრავაცია იყოს, თუმცა ზოგჯერ ამას უცხო სხეულიც იწვევს, ამიტომ თადარიგი დროულად უნდა დავიჭიროთ.
ოჯახური ანამნეზი - თუ ოჯახის წევრებს ონკოლოგიური, რევმატული, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ცელიაკია ან ეოზინოფილური ეზოფაგიტი აწუხებთ, ბავშვის ნებისმიერი გასტროენტეროლოგიური ჩივილი უფრო სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.