როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც ბავშვი ან მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა და როგორ ველაპარაკოთ მათ ამ საკითხზე - გადაცემაში "ახალი დღე" ფსიქოთერაპევტი ანუკა კალმახელიძე საუბრობს:
- ეს თემა მაშინ ხდება საგანგაშო, როდესაც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მხოლოდ გარეგნობაზე დაყრდნობით ვახდენთ. როდესაც ჩვენთვის მხოლოდ გარეგნული მხარე ხდება მნიშვნელოვანი და საზოგადოებაში საკუთარი თავის პრეზენტაციას - რაც, ბუნებრივია, სხეულის მეშვეობით ხდება - მხოლოდ ამ კომპონენტზე აქცენტირებით ვაკეთებთ, საკუთარ თავს ვეღარ ვხედავთ. ამ დროს ჩვენს პიროვნებას ვკარგავთ, რადგან ადამიანი მხოლოდ გარეგნობა არ არის და ის საკუთარ ვიზუალზე ბევრად მეტს წარმოადგენს. ზღვარი იქ გადის, თუ რა ინტენსივობითა და რა დოზით ვანიჭებთ მნიშვნელობას გარეგნობას. ვიზუალური მხარე რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მხოლოდ ეს არის? თუ დღეს ისე არ გამოვიყურები, როგორც გუშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ უნდა გავიდე? როდესაც გარეგნობა ხელისშემშლელი და ყველაფრის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება, ყურადღება სწორედ მაშინ არის მისაქცევი.
თუ ადამიანი უბრალოდ იმაზე ზრუნავს, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, ეს სრულიად მისაღებია. თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი პიროვნებას თრგუნავს, ცხოვრებაში ხელს უშლის და მას ჰგონია, რომ მის პიროვნებას მხოლოდ გარეგნობა განსაზღვრავს, ყურადღების გამახვილება აუცილებელია.