მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე პოდკასტ "გაბედეს'' სტუმრობდა, სადაც სხვა თემებთან ერთად, ქალიშვილის გარდაცვალების ამბავზეც ისაუბრა (2019 წლის 4 ივნისს თბილისში ტრაგედია დატრიალდა -15 წლის ნიჭიერი გოგონა ლენო გვარჯალაძე, საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადახტა. ის მუსიკოსის, პროდიუსერის გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის ლულუ კახიანის შვილი იყო - რედ.):
- ტკივილი ჩემთვის ნაცნობი ენაა...პრინციპში მკაფიოდ ეგ ენა ვიცი მარტო... მადლიერი ვარ ლენოსიც, დიდი გამოცდილება მივიღე...
მე დამამძიმებელი გარემოებაც მაქვს, რომ მე ვცემე და მან დაწერა, რომ აი მამამ მცემა... და ეგრე წავიდა. არ ჰქვიაო მაგას ცემაო და ანუ ახლა აბა რა ჰქვია, დავარტყი ხელი ორჯერ. და რამდენიმე საათში გადახტა. მე რომ დავარტყი, ვიცოდი, რომ გადახტებოდა და ვუთხარი, რომ ხომ უნდა გადახტე და გადახტი-თქო... და გადახტა... ოღონდ რომ გადახტა, მე იქ აღარ ვიყავი... იმ დროს ორ ადამიანს უჭირდა და ჩემი შვილი არ დავაპრიორიტეტე, მეორეს გადასარჩენად წავედი. ეს დედამისს შევტენე, რომ აი, შენ მიხედე. გავწირე რა, რაღაც პონტში, მაგრამ... ჩემი ბრალი ან რამე ეგ კი არ არის. სხვანაირად არ შემეძლო. მაშინ ის იყო ჩემი გზა, ჩემი რესურსი, ჩემი ხედვა და ახლა ის, რომ უკვე სხვანაირად რომ მექნა და რაღაცები, რაშიც ბევრი წელი ვიხარშებოდი ხო? ახლა ეგ სისულელედ მიმაჩნია, საერთოდ წონა არა აქვს მაგას... განა ემოცია არ მაქვს ან სიყვარული, ან მონატრება, მაგრამ მაქედან არ ვმოქმედებ...
ლენოს ბოლო დღის და საბედისწერო გადაწყვეტილების ამბავს ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ლულუ კახიანი ასე იხსენებდა:
- იმ წლის აპრილში მისი მეგობრები ავარიაში დაიღუპნენ - ნიკა ადგილზე გარდაიცვალა და ბექა რამდენიმე კვირა კომაში იყო. მაისის დასაწყისში კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ლენომ საშინლად განიცადა. იმ პერიოდში, მოზარდებში სუიციდის რაღაც ტალღაც იყო... მერე მწერდნენ კიდეც, რამე საშიშ თამაშს ხომ არ თამაშობდაო, ნამდვილად არაფერს თამაშობდა. მოკლედ, მეგობრების სიკვდილმა მასზე უმძიმესად იმოქმედა და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ყველა ვცდილობდით, რამენაირად სხვა რამეზე გადაგვერთო. ზუსტად აპრილის ბოლოს, აღდგომის არდადეგებზე, პირველად წავიყვანე საზღვარგარეთ, სტამბოლში - ვიფიქრე, გარემოს შეცვლა უშველის-თქო. მაგრამ იქაც მოწყენილი და ჩაკეტილი იყო. რომ ჩამოვედით, რამდენიმე დღეში ბექაც გარდაიცვალა...
სწორედ მაშინ დაუწყია იმ დღიურის წერა, რომელიც მერე, მისი წასვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ. დღიურს ერქვა - "40 დღე ჩემს წასვლამდე“ - ბექას გარდაცვალებიდან ჰქონდა ათვლილი, რომ 40 დღეში თავადაც უნდა წასულიყო... ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ მძიმე დეპრესიული ფონი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე გამონათებაც იყო იმ დღეებში: ჩემს მეგობართან ერთად კინოში წავიდა „მარველის“ ფილმზე და უხაროდა; მერე ბათუმში ვიღაც ბიჭი გაიცნო, მოეწონა, ეპრანჭებოდა და დღიურში წერდა კიდეც - მგონი, გადავიფიქრებო... კი, ყველაფერს იქ წერდა.
მაისის ბოლოს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეზე წავედით ბათუმში, იქ ცხოვრობენ. თბილისში 3 ივნისს, საღამოს დავბრუნდით. გვაჯი სადგურში დაგვხვდა. სახლში რომ მივედით, საღამოს მათ შორის სერიოზული კამათი მოხდა სკოლისა და მისი ცხოვრების წესის გამო. გვაჯი ეუბნებოდა: „ხვალ ადგები და წახვალ სკოლაში, გეყოფა ამდენი გაცდენა“. ლენოს ტელეფონი ხშირად გამორთული ჰქონდა ან დამჯდარი, სადღაც მიგდებული - ამაზე ვნერვიულობდით. სულ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ გარეთ ყოფნისას კონტაქტზე ყოფილიყო.მოკლედ, ამ თემით დაწყებული საუბარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. საერთოდ არ ველოდი, თუ სიტუაცია ისე გამწვავდებოდა. გვაჯიმ ხელი გაარტყა... მერე სტუდიაში წავიდა, საქმე ჰქონდა. წასვლისას მითხრა, მიხედეო და გავიდა... ვფიქრობ, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა.
თინეიჯერები ისედაც ძალიან ფაქიზები და მგრძნობიარეები არიან, მით უმეტეს, როცა საქმე ფიზიკურ შეხებაზე მიდის. თუმცა, არც ლენო უთმობდა - ისიც უყვიროდა, არცერთი არ დაცხრა. შუაში კი ჩავუდექი, მაგრამ ვერ დავაწყნარე. გვაჯი რომ წავიდა, ლენოს დიდხანს ველაპარაკე. ვუთხარი: ხომ იცი მამაშენის ხასიათი, ცეცხლზე ნავთს ნუღარ ასხამ, ლაპარაკს რომ დაგიწყებს, გაჩუმდი, ათქმევინე... ლენო ტიროდა, ნაწყენი და გაბრაზებული იყო... მერე იჯდა თავის ოთახში, ტელეფონში რაღაცებს უყურებდა და იცინოდა. ჩავთვალე, რომ ეს ტალღა ცოტა გადააგორა, რადგან კამათი მანამდეც მოსვლიათ, თუმცა ასეთი სერიოზული - არა. იმედი მომეცა. ვუთხარი: „წამოდი, დღეს ჩემთან დაიძინე და დილით მე გაგაღვიძებ-თქო“. არა, ჩემს ოთახში დავწვები, მე თვითონ გავიღვიძებ, ავდგები და სკოლაში წავალო. ჩავეხუტე, რაღაცნაირად განსაკუთრებულად ვუთხარი - ძალიან მიყვარხარ, გულში წყენა არ ჩაიდო, ყველაფერი დალაგდება. ასე დავემშვიდობე. ნამგზავრები და ძალიან დაღლილები ვიყავით, გვიანი ღამე იყო და მეც დასაწოლად წავედი... მას შემდეგ ლენო ცოცხალი აღარ მინახავს...