"ყოველთვის ვთხოვდით დედას განცალკევებას... ერთ სხეულში ყოფნა ძალიან რთული იყო - თუ ჩემი და დაიღუპებოდა, მეც დავიღუპებოდი" - სიამის ტყუპის მძიმე გზა - მშობლები

"ყოველთვის ვთხოვდით დედას განცალკევებას... ერთ სხეულში ყოფნა ძალიან რთული იყო - თუ ჩემი და დაიღუპებოდა, მეც დავიღუპებოდი" - სიამის ტყუპის მძიმე გზა

2026-06-21 14:45:26+04:00

ტყუპი დის, ზიტა და გიტა რეზახანოვების დაბადება ოჯახისთვის უდიდესი შოკი იყო. ისინი მენჯ-ბარძაყის არეში შეზრდილი სიამის ტყუპი იყვნენ — მათ ჰქონდათ სამი ფეხი და საერთო მენჯის ორგანოები. ექიმები მშობლებს ურჩევდნენ, ბავშვები სამშობიაროშივე დაეტოვებინათ, რადგან ასეთი ტყუპები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. თუმცა, დედამ, ზუმრიატ რეზახანოვამ, უარი თქვა შვილების მიტოვებაზე და წარმოუდგენელი ბრძოლა დაიწყო მათი სიცოცხლისა და მომავლისთვის.

ისტორიული ოპერაცია

ზიტა და გიტა რეზახანოვები 1991 წლის 19 ოქტომბერს ყირგიზეთში, სოფელ ვოენნო-ანტონოვკაში დაიბადნენ. ბავშვობის წლები გოგონებმა საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაატარეს. რაც უფრო იზრდებოდნენ, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ მათ სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ: ზიტა უფრო მშვიდი და მგრძნობიარე იყო, გიტა კი — აქტიური და მებრძოლი. ორივეს ერთი ოცნება აერთიანებდა: გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები.

2003 წლის 26 მარტს, მოსკოვში, ფილატოვის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. რუსმა ქირურგებმა შეძლეს დების განცალკევება. ეს იყო მსოფლიო მედიცინის ტრიუმფი:

  • ოპერაცია 10 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

  • ექიმთა გუნდმა შეძლო საერთო ორგანოების გაყოფა და გოგონებს თითო ფეხი დაუტოვეს, მესამე ფეხის ამპუტაცია მოხდა.

  • გოგონებმა მიიღეს შანსი, სამყაროსთვის სხვადასხვა თვალით შეეხედათ.

ცხოვრება განცალკევების შემდეგ

ოპერაციის შემდეგ დებმა ხანგრძლივი და მტკივნეული რეაბილიტაცია გაიარეს, ისწავლეს პროთეზით სიარული. მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, ისინი ცდილობდნენ, სრულფასოვნად ეცხოვრათ: დადიოდნენ სკოლაში, სწავლობდნენ ყურანს, ოცნებობდნენ გამხდარიყვნენ ექიმები, რათა სხვა ადამიანებს დახმარებოდნენ.

images-8-1782039815.jpg

თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემები მათ მთელი ცხოვრება თან სდევდათ. საერთო ორგანოების გაყოფამ წლების შემდეგ თავი იჩინა. ზიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა — დაეწყო პრობლემები თირკმელებზე, დაკარგა მხედველობა და შინაგანი ორგანოების მრავალჯერადი უკმარისობა აღენიშნებოდა.

ტრაგიკული დასასრული და დღევანდელი დღე

2015 წლის 29 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში, ზიტა რეზახანოვა შინაგანი ორგანოების უკმარისობით გარდაიცვალა. დის სიკვდილი გიტასთვის უმძიმესი დარტყმა იყო, რადგან მათ შორის უხილავი, უძლიერესი სულიერი კავშირი არსებობდა. ზიტა ჯერ კიდევ მაშინ ავადმყოფობდა, როცა გოგონები ჯერ კიდევ ერთ სხეულად ცხოვრობდნენ და გიტას დის გვერდით უწევდა კლინიკებში ხანგრძლივად წოლა.

"ჩვენ ყოველთვის ვთხოვდით დედას განცალკევებას, იმიტომ რომ, ერთმანეთი გვიყვარდა, კი, მაგრამ ერთ სხეულში ყოფნა ძალიან რთული იყო. როცა შენ არ შეგიძლია შენით რამე გააკეთო, არ შეგიძლია დაიძინო. იცით როგორ გვეძინა? ერთი იჯდა, მეორეს ეძინა. მერე ვცვლიდით ადგილებს. ან ნახევრად მწოლიარე, ნახევრად გვერდულად. პირდაპირ (ზურგზე) ჩვენ ვერ ვიძინებდით. იმიტომ რომ ჩვენ სწრაფად ვიზრდებოდით, კანი კი ვერ ასწრებდა გაზრდას და ის გვქაჩავდა. აი, ეს სირთულეები იყო. ზიტა საერთოდ, ის სუსტი ჯანმრთელობით დაიბადა. მას მუდმივად სიცხე ჰქონდა. მას სიცხე ჰქონდა, მე — არა. მე მინდა სეირნობა, მას არ უნდოდა. ჩვენ გვინდოდა გვეცხოვრა როგორც ყველას, ცალ-ცალკე. ჩვენი ოცნება იყო უბრალოდ გვეცხოვრა განცალკევებულად ერთმანეთისგან, ერთმანეთისგან... მას თავისი ხასიათი ჰქონდა, მე — ჩემი... ხასიათები სხვადასხვა გვქონდა. მე ცოტა მშვიდი ვიყავი, ზიტა — არა. ანუ, ჩვენ ორი სხვადასხვა პიროვნება ვიყავით და რთული იყო. როცა ზიტა უკვე მძიმედ ავადმყოფობდა, ძალიან მძიმედ, ის უკვე აპარატებზე იყო შეერთებული. მე მაშინ 8 წლის ვიყავი. სულელი ხომ არ ვიყავი, მესმოდა, როგორ ამბობდნენ ექიმები: „თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, კიდევ ცოტა ხანი დავიცადოთ, მერე კი გამორთვა მოგვიწევს“. და მე მესმოდა, რომ თუ ის მოკვდებოდა, მეც მოვკვდებოდი. ეს მესმოდა. ძალიან მეშინოდა. მერე დედას ჩავეჭიდე, უბრალოდ კი არ ვთხოვდი, ტანსაცმელზე, მხრებზე ჩავეჭიდე და ვეუბნები: „დედა, გვიპოვე ექიმები. დედა, მე მინდა სიცოცხლე. დედა, ჩვენ გვინდა სიცოცხლე, გთხოვ, გვიპოვე ექიმები“. და ასე... დედა არც მანამდე ჩერდებოდა, მაგრამ ძიება კიდევ უფრო გაფართოვდა. ყველა კარზე აკაკუნებდა, იბრძოდა. ზიტა იმ მომენტში გადარჩა და მერე დედამ მოსკოვში საუცხოო ექიმები გვიპოვა. იქ დაგვაცალკევეს,“ - იხსენებს გიტა.

22-goda-spustiasegodnia-godovshchina-moei-operatsii-1782039833. 22 года назад моя мама, @zymriyat__rezakhanova ,.jpg

დის გარდაცვალების შემდეგ, გიტამაც მძიმე დაავადებას, მსხვილი ნაწლავის კიბოს სძლია. მან შეძლო ცხოვრების გაგრძელება — დაასრულა ისლამური კოლეჯი, გახდა ყურანის მასწავლებელი და დღეს ბავშვებს ასწავლის.

ამ ისტორიის მთავარი გმირი ასევე არის მათი დედა, ზუმრიატი, რომელმაც შექმნა საქველმოქმედო ფონდი შშმ პირების დასახმარებლად. ის დღემდე შთააგონებს ათასობით დედას, რომ არასოდეს დანებდნენ.

როგორ ცხოვრობს ცნობილი სიამის ტყუპი, ერთი დის დაქორწინების შემდეგ - რას წერს პრესა მათ შვილსა და დღევანდელობაზე
ინტერნეტის ვარსკვლავი სიამის ტყუპი ასიათასობით გამომწერით - ვინ არიან კამილა და ვალერია და რატომ ჩააგდეს სპეციალისტები საგონებელში