ზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის მხოლოდ სკოლისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. ეს არის პერიოდი, როდესაც მათ უნდა აღიდგინონ როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და გონებრივი რესურსები, მოიკრიბონ ძალები და ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადონ. თუმცა პრაქტიკაში ხშირად სხვაგვარად ხდება: სამი თვის შემდეგ ბევრი მოსწავლე სკოლაში ბრუნდება არათუ დასვენებული, არამედ უფრო გაფანტული, მოტივაციადაკარგული და ყოველდღიური რეჟიმიდან ამოვარდნილი. ზოგი ზაფხული მთლიანად ეკრანებთან ატარებს, ზოგს კი მშობლები იმდენ აქტივობას, კურსსა და მეცადინეობას უგეგმავენ, რომ დასვენებისთვის დრო აღარ რჩება. ზოგი სრულიად მიშვებულია და მთელ ზაფხულს "არაფრის კეთებაში" ატარებს. მაშ, რას ნიშნავს რეალურად ჯანსაღი დასვენება მოზარდისთვის? სჭირდება თუ არა მას ზაფხულში მეცადინეობა და რა დოზით, რა ეხმარება ენერგიის აღდგენაში და რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად მშობლები?
საქმე იმაშია, რომ დასვენება ყოველთვის არაფრის კეთებას არ ნიშნავს. ზოგჯერ როგორც ბავშვი, ასევე მოზრდილი, ფიზიკურად ისვენებს, მაგრამ ფსიქიკურად იღლება.
ბავშვისთვის ჯანსაღი დასვენება არის მდგომარეობა, როდესაც მას შეუძლია დროებით გათავისუფლდეს მუდმივი მოთხოვნების, შეფასებების, გამოცდების, გაკვეთილების და კონკურენციისგან.
სასწავლო წლის განმავლობაში ბავშვი თითქმის ყოველდღე ცხოვრობს გრაფიკით: გაკვეთილები, დამატებითი წრეები, საშინაო დავალებები, გაკვეთილის ჩაბარებები, ტესტები, გამოცდები. ზაფხული კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ორგანიზმი და ტვინი ამ მუდმივი დატვირთვისგან უნდა გათავისუფლდეს და აღდგეს.
ჯანსაღი დასვენება გულისხმობს თავისუფალ დროს, საკმარის ძილს, მოძრაობას, მეგობრებთან ურთიერთობას, ბუნებაში ყოფნას, თამაშს, ახალ გამოცდილებებსა და იმ საქმიანობებს, რომლებიც ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს.
ბევრ ოჯახში ზაფხულის მთავარი სცენარი ასეთია: ბავშვი გვიან იძინებს, შუადღეს იღვიძებს და დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ატარებს.
მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ბავშვი არაფერს სწავლობს, ისვენებს. სინამდვილეში, ტვინი ეკრანის წინაც იღლება. მუდმივი ვიდეოები, თამაშები, სოციალური ქსელები და სწრაფად ცვალებადი ინფორმაცია ნერვულ სისტემას გადატვირთავს.
შედეგად, სექტემბერში ბავშვი შეიძლება ნაკლებად კონცენტრირებული, გაღიზიანებული და მოტივაციადაკარგული აღმოჩნდეს.
ქართველ მშობლებს ხშირად ორი უკიდურესობა ახასიათებთ.
ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში წიგნიც კი არ უნდა გადაშალოს ბავშვმა. მეორე ნაწილი კი ცდილობს, მთელი ზაფხული რეპეტიტორებით, ინგლისურით, მათემატიკითა და სხვადასხვა კურსით შეუვსოს. ან ყოველღიურად შეასრულებინის დავალებების რაღაც ნაწილი.
არც ერთი მიდგომა არ არის იდეალური.
სრულმა უმოქმედობამ შეიძლება გარკვეული აკადემიური უნარების შესუსტება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების მიმართულებით. თუმცა ზაფხულის მთავარი მიზანი არც მომდევნო კლასისთვის წინასწარ მომზადებაა.
ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ზაფხულში საკმარისია ბავშვმა რეგულარულად იკითხოს წიგნები, შეასრულოს ასაკის შესაბამისი შემოქმედებითი ან შემეცნებითი აქტივობები და ყოველდღიურად გამოიყენოს ის უნარები, რომლებიც უკვე აქვს.
თუ ბავშვი კითხულობს, წერს, ფიქრობს, თამაშობს, იკვლევს და სამყაროს ეცნობა, ის სწავლას მაინც აგრძელებს, ოღონდ განსხვავებული ფორმით.
მეცადინეობა და სწავლა ერთი და იგივე არ არის.
როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვმა ზაფხულში შეიძლება იკითხოს, დაწეროს, იკვლიოს ან ახალი რამეები ისწავლოს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე მაგიდასთან უნდა იჯდეს და სახელმძღვანელოებს ამუშავებდეს.
მაგალითად:
მეცადინეობა უფრო ნიშნავს მიზანმიმართულ აკადემიურ მუშაობას — სავარჯიშოების კეთებას, გაკვეთილების გამეორებას, ტესტების წერას, კონკრეტული სასწავლო მასალის დამუშავებას.
ქართულ რეალობაში ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
დარღვეული ძილის რეჟიმი. ზაფხულში ბევრი მოზარდი ღამის ორ-სამ საათამდე არ იძინებს და შუადღემდე სძინავს. სექტემბერში კი ერთ დღეში უწევს დილის რეჟიმზე დაბრუნება.
ეკრანებთან გადაჭარბებული დრო.
სრული სტრუქტურის დაკარგვა. როდესაც ბავშვს სამი თვის განმავლობაში არ აქვს არც ერთი პასუხისმგებლობა, არც ერთი ვალდებულება და არც ერთი რუტინა, სკოლაში დაბრუნება მისთვის სტრესად იქცევა.
ზედმეტი დატვირთვა. პარადოქსულად, ზოგიერთი ბავშვი ზაფხულში უფრო მეტად იღლება, ვიდრე სასწავლო წლის განმავლობაში, რადგან მშობლები ცდილობენ ყველა შესაძლო კურსი, ბანაკი და დამატებითი აქტივობა ერთდროულად შეუთავსონ.
ყველაზე მეტად – ხარისხიანი ძილი.
შემდეგ მოდის მოძრაობა. ველოსიპედი, სეირნობა, ცურვა, ეზოში თამაში, ლაშქრობა თუ უბრალოდ ყოველდღიური აქტიურობა ბავშვების ნერვულ სისტემას ბევრად უკეთ აღადგენს, ვიდრე ეკრანთან გატარებული საათები.
ასევე მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში თანატოლებთან კონტაქტი ემოციური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მოწყენის შესაძლებლობაც. ბევრი მშობელი ცდილობს, ბავშვის ყოველი წუთი შეავსოს, მაგრამ ზოგჯერ სწორედ მოწყენილობის დროს იბადება კრეატიულობა, ახალი ინტერესები და დამოუკიდებელი საქმიანობის სურვილი.
ხშირად გვგონია, რომ კარგი მშობელი ის არის, ვინც ბავშვს მუდმივად რაღაც სასარგებლოთი აკავებს. ზოგადად, ოჯახებში ხშირად ორი უკიდურესობა გვხვდება: ან ბავშვს ყოველი საათი გაწერილი აქვს, ან ზაფხულში საერთოდ აღარავინ ეკითხება რას აკეთებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ხშირად ერთნაირია — სექტემბერში ბავშვი ან გადაღლილია, ან რეჟიმიდან სრულიად ამოვარდნილი. ყველაზე ეფექტური, როგორც წესი, შუალედური გზა
სინამდვილეში კი ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო, როდესაც თავად გადაწყვეტენ, რა გააკეთონ. ბავშვებს სჭირდებათ არა სრულად უკონტროლო დრო, არამედ ისეთი თავისუფლება, სადაც არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. მშობლის ამოცანა არ არის დღის ყოველი წუთის დაგეგმვა, თუმცა არც ის, რომ ბავშვი მთლიანად ეკრანების ამარა დატოვოს. მაგალითად, ოჯახს შეიძლება ჰქონდეს შეთანხმება ეკრანთან გატარებული დროის შესახებ, ხოლო დანარჩენ დროს ბავშვმა თავად აირჩიოს, წაიკითხავს წიგნს, შეხვდება მეგობრებს, გაისეირნებს, ითამაშებს თუ სხვა საქმიანობით დაკავდება.
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა ზაფხულის აღქმა როგორც „დაკარგული დროის“. ამიტომ ზოგი მშობელი ცდილობს სამი თვის განმავლობაში ყველა აკადემიური ხარვეზის გამოსწორებას.
ბავშვს კი პირველ რიგში ძალების აღდგენა სჭირდება.
ზაფხულის ბოლოს იდეალური შედეგი არ არის ის, რომ ბავშვმა რამდენიმე სახელმძღვანელო გაიარა წინასწარ. იდეალური შედეგია, თუ ის სკოლაში დაბრუნდება გამოძინებული, ცნობისმოყვარე, ემოციურად მშვიდი და ახალი სასწავლო წლისთვის მოტივირებული.
საბოლოოდ, ბავშვისთვის საუკეთესო დასვენება არც მხოლოდ სწავლაა და არც მხოლოდ გართობა. ეს არის ბალანსი თავისუფლებას, მოძრაობას, ურთიერთობებს, მცირე პასუხისმგებლობებსა და იმ აქტივობებს შორის, რომლებიც მას სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ასეთი ზაფხული აძლევს ბავშვს შესაძლებლობას, სექტემბერში არა უბრალოდ სკოლაში დაბრუნდეს, არამედ ახალი ენერგიით დაიწყოს კიდევ ერთი სასწავლო წელი.