სოციალურად დაუცველი 25 000-მდე ოჯახი შემწეობას ვეღარ მიიღებს - როგორია მონიტორინგის შედეგები - მშობლები

სოციალურად დაუცველი 25 000-მდე ოჯახი შემწეობას ვეღარ მიიღებს - გადამოწმების შემდეგ თითქმის ნახევარს დახმარება მოუხსნეს, მონიტორინგი გრძელდება

2026-06-23 08:34:51+04:00

სოციალურად დაუცველი 25 000-მდე ოჯახი შემწეობას ვეღარ მიიღებს. ეს 15 თებერვალს დაწყებული შემოწმების პროცესის პირველადი შედეგია. მონიტორინგმა აჩვენა, რომ მითითებული ოჯახების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აღარ სჭირდებათ. სტატისტიკა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 47 000 ოჯახია შემოწმებული, 150 000-მდე ოჯახი კი ჯერ ისევ შესამოწმებელი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული სოციალური აგენტების ჯგუფები ატარებენ. ქულების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მომავალში ეს კრიტერიუმებიც უნდა გადაიხედოს. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემოწმება ბოლოს პანდემიის დაწყებამდე ჩატარდა, კოვიდ-19-ის გამო კი ამ მიმართულებით მორატორიუმი იყო გამოცხადებული.

რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმებამ აჩვენა, რომ 47 000 გადამოწმებული ოჯახიდან საარსებო შემწეობა დაახლოებით ნახევარს მოეხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღარ იმყოფებიან. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოსგან დახმარებასაც აღარ საჭიროებენ.

ირინე წაქაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს:

"თებერვლიდან დღემდე ჩვენ დაახლოებით 47 000 ოჯახი გადავამოწმეთ და, ამ წუთას არსებული ინფორმაციით, შემწეობა დაახლოებით 25 000-ს შეუწყდა. აქედან გამომდინარე, თუ თებერვლის დასაწყისში ბაზაში 185 000 ოჯახი იყო და დაახლოებით 25 000-ს შემწეობა შეუწყდა, გამოდის, რომ ამ წუთას ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები დაახლოებით 160 000 ოჯახი ფიქსირდება", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

​სოცდაუცველთა ბაზების გადამოწმება 2026 წლის თებერვალში დაიწყო. ეს სიახლე ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. მიხეილ სარჯველაძემ მაშინ განმარტა, რომ პანდემიის პერიოდიდან ბაზების გადამოწმებაზე მორატორიუმი იყო დაწესებული. ამ ხნის განმავლობაში კი ბევრმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. მეტიც, აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ისეთი ადამიანებიც ირიცხებოდნენ, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი უფიქსირდებათ ან უახლეს და ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობდნენ. სპეციალისტების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმება სოციალური დახმარების გაცემის პროგრამას მეტად მიზნობრივსა და ეფექტიანს გახდის.

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, ამბობს:

​"ბოლო წლებში შემოსავლების მატების ტემპი ინფლაციის ტემპს დაახლოებით ორ-სამჯერ აღემატება. ანუ, მოსახლეობის კეთილდღეობა რეალურად იზრდება. ასეთ პირობებში ბუნებრივია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა კონტინგენტის შემცირებას როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით განზომილებაში აქვს ადგილი. ასეთ პირობებში არცერთი ქვეყანა, რაც უნდა მდიდარი იყოს, სიზარმაცეს ვერ წაახალისებს."

ბაზების განახლების გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლიდან დამკვიდრებული შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვასაც გეგმავს. სოცდაუცველთა შეფასების ახალი მიდგომის შემუშავებაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ეხმარება და ახალი მეთოდოლოგია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ის სიახლეც განმარტა, რომლის მიხედვითაც, თუკი სოცდაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის თითოეული წევრის თვიური შემოსავალი ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში 1 250 ლარზე მეტი იქნება, ამ ოჯახს საარსებო შემწეობა გადამოწმების გარეშე შეუწყდება. ​

"შეიძლება, ოჯახი თანახმა არ იყოს და მას სრულყოფილად გადამოწმება და გადაწყვეტილების მაინც ამ ძირეული შემოწმების საფუძველზე მიღება უნდოდეს. მათ შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ, ცხადია, ამაზე უარს არ ვეტყვით - მივალთ და სრულყოფილად გადავამოწმებთ. თუ ის საარსებო შემწეობის მიმღებად დარჩება, მას შემწეობა აღუდგება, თუ არა და, ჩვეულებრივად, შეწყვეტილად ჩაეთვლება. არსებობს რეკომენდაცია, რომ მეთოდოლოგია გადახედვას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა დაექვემდებაროს, რათა ეს მოძველებული მიდგომები ამოღებულ იქნეს და ახლით ჩანაცვლდეს. ახლა ზუსტად რომელი კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული, რა იქნება ამოღებული ან რა დაემატება, ამ მომენტში ვერ გეტყვით, მაგრამ ის ნამდვილად უფრო თანამედროვე მოთხოვნებზე იქნება მორგებული", - აღნიშნავს ირინე წაქაძე.

სიახლეა ისიც, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოპოვების პროცედურები მარტივდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო თვიდან ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ. განაცხადის ელექტრონულად შევსება არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც შესაძლებელი იქნება. ასევე, პირველი ივლისიდან საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა 90 დღიდან 60 დღემდე მცირდება.

ვის შეუწყდება სოციალური დახმარება - მთავრობის ახალი დადგენილება
შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს... გვჭირდება სერიოზული ზომები, რომ მსოფლმხედველობა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე