რამდენიმე წლის წინ მილიონერი ბრაიან ჯონსონი შეიპყრო მარადიული ახალგაზრდობის იდეამ და საკმაოდ შორს წავიდა ამ ძიებებში. 3 წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მილიონერი მის მიერ მეცნიერებთან ერთად მიკვლეულ მეთოდს ცდიდა.
ის ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავდა კვლევაში, რომელიც სისხლის გადასხმის მეშვეობით გაახალგაზრდავების მეთოდს დაადასტურებდა. 2023 წელს 45 წლის ბრაიანი ამბობდა, რომ 37 წლის ადამიანის გული, 28 წლისას კანი და 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობა ჰქონდა. როგორ? ახალგაზრდა ადამიანის სისხლის გადასხმით.
მანამდე მან სხვა ახალგაზრდა დონორის სისხლი გადაისხა და ამის მეშვეობით, მისივე თქმით, ბიოლოგიური საათები უკან დაწია, 8 წლით გაახალგაზრდავდა. თუმცა მერე გადაწყვიტა, რომ უფრო კარგი და ეფექტური იქნებოდა ახლობელი სისხლი - ანუ შვილის, ტალმეიჯის. მან დააპატენტა თავისი პროექტი Project Blueprint - სწორედ ასე უწოდა ახალგაზრდობის მხარდამჭერ პროგრამას. მთავარი კი ამ პროგრამაში ახალგაზრდა ახლო ნათესავების სისხლის გადასხმაა და ბრაიანი ამას ტესტავდა საკუთარ თავზე, 70 წლის მამაზე და 18 წლის ვაჟზე.

ოჯახს ადგილობრივ კლინიკაში მოემსახურნენ - იქ მილიონერის ვაჟმა ჩააბარა სისხლი, რაც მედიკოსებმა პლაზმად აქციეს. შემდეგ ტალმეიჯის მასალიდან ამოიღეს თრომბოციტები და ერითროციტები. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ეს პლაზმა გადაუსხეს ბრაიან ჯონსონსა და მის ხანდაზმულ მამას.
ბრაიანი არ ჯერდებოდა მხოლოდ სისხლის გადასხმას - მკაცრ დიეტაზე იყო, რეგულარულად ვარჯიშობდა და ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ქვეშაც ამყოფებდა სხეულს - ტონუსისთვის. მას ექიმების საკუთარი გუნდი ჰყავდა, რომლებიც 24 საათი ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე და დაბერების დინამიკას აკვირდებოდნენ.

"მე რომ მიყურებს ხალხი, მდიდარი გიჟი ვგონივარ, რომელსაც მარადიული სიცოცხლე სურს. ასე არ არის. ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც ჩემი ვაჟია, ეს არც მინდა. ჩემი მიზანი ორგანოების გაახალგაზრდავებაა რაც დამეხმარება, უფრო ხარისხიანად დავბერდე და გართულებების გარეშე", - ამბობდა ჯონსონი და იმედი ჰქონდა, მის აღმოჩენას კაცობრიობა მალე დააფასებდა...
წლები გავიდა და საზოგადოება დაინტერესდა ამერიკელი მილიონერის შედეგებით. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ ბრაიანმა ექსპერიმენტი მალევე შეწყვიტა. თავადვე გამოაცხადა, რომ შვილის პლაზმის გადასხმისგან „სარგებელი ვერ დააფიქსირა“ და ამიტომ პროცედურა შეწყვიტა. მისი თქმით, ბიომარკერების, ანალიზებისა და გამოსახულებითი კვლევების მიხედვით, დადებითი ეფექტი არ გამოვლენილა.
სამეცნიერო მტკიცებულება დღემდე სუსტია. ახალგაზრდების სისხლის ან პლაზმის „გამაახალგაზრდავებელი“ ეფექტი ადამიანებში დამაჯერებლად დადასტურებული არ არის. იდეა ძირითადად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობოდა და თავად ჯონსონის შემთხვევამაც ვერ აჩვენა მკაფიო შედეგი.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯონსონი დანებდა და გაახალგაზრდავების გზების ძიება შეწყვიტა. მან უბრალოდ სხვა მეთოდებზე გადაიტანა ყურადღება. შემდგომ წლებში მან განაგრძო სხვადასხვა ანტი-ეიჯინგ პროგრამა — მკაცრი კვება, ვარჯიში, მრავალრიცხოვანი ანალიზები და სხვა ექსპერიმენტული პროცედურები. 2024 წელს, მაგალითად, ის უკვე სხვა ტიპის პლაზმის გაცვლის (Total Plasma Exchange) პროცედურაზე საუბრობდა, რომელიც განსხვავდება შვილის პლაზმის გადასხმისგან.
სხვათა შორის, ბრაიან ჯონსონი ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა, მაგრამ ერთადერთი ნამდვილად არ ყოფილა.ისტორიას თუ გადავხედავთ, არსებობს რამდენიმე კატეგორია:
მაგალითად, ინვესტორი Peter Thiel საჯაროდ ამბობდა, რომ აინტერესებდა ახალგაზრდა ადამიანების სისხლის/პლაზმის პოტენციური ეფექტები დაბერებაზე. თუმცა არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მან ასეთი პროცედურები ჩაიტარა.
ყველაზე ცნობილი იყო კომპანია Ambrosia Health, რომელიც 2016-2019 წლებში მდიდარ კლიენტებს ახალგაზრდა დონორების (16-25 წლის) პლაზმას უსხამდა „გაახალგაზრდავების“ იმედით. ზოგიერთ პაციენტს ათასობით დოლარი გადაუხდია ამ პროცედურისთვის. მოგვიანებით აშშ-ის FDA-მ განაცხადა, რომ ამ პრაქტიკას „დამტკიცებული კლინიკური სარგებელი არ აქვს“ და კომპანიამ საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
მეცნიერებს ათწლეულებია აინტერესებთ ე.წ. „ჰეტეროქრონული პარაბიოზი“ — როდესაც ახალგაზრდა და ხანდაზმული თაგვები ერთ სისხლის მიმოქცევას იზიარებენ. თაგვებში მართლაც აღმოჩნდა გარკვეული დადებითი ეფექტები, მაგრამ ადამიანებში ეს შედეგები ვერ განმეორდა და მეცნიერები დღესაც კამათობენ, საერთოდ ახალგაზრდა სისხლი ეხმარება თუ უბრალოდ „ძველი“ სისხლის ზოგიერთი მავნე ფაქტორის შემცირებაა მნიშვნელოვანი. არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ ახალგაზრდა ადამიანის სისხლის ან პლაზმის გადასხმა ჯანმრთელ ადამიანში:
პირიქით, მარეგულირებლები და მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი პროცედურები შეიცავს ჩვეულებრივი ტრანსფუზიის რისკებს და სარგებელი არ არის დამტკიცებული.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში კვლევების ნაწილი უკვე სხვა მიმართულებით წავიდა: მეცნიერები უფრო მეტად სწავლობენ არა „ახალგაზრდა სისხლის დამატებას“, არამედ პლაზმიდან ასაკთან დაკავშირებული მავნე ნივთიერებების მოცილებას. ეს მიმართულება დღეს ბევრად უფრო პერსპექტიულად მიიჩნევა, ვიდრე პირდაპირ ახალგაზრდა დონორის სისხლის გადასხმა.