"ამ გამოცდაში ჩემი შედეგით მსოფლიო მასშტაბით ტესტის ჩამბარებელთა საუკეთესო 1%-ში მოვხვდი..." - რას ამბობს ნიჭიერი აბიტურიენტი, რომელმაც რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო მიწვევა და რას ურჩევს თანატოლებს - მშობლები

"ამ გამოცდაში ჩემი შედეგით მსოფლიო მასშტაბით ტესტის ჩამბარებელთა საუკეთესო 1%-ში მოვხვდი..." - რას ამბობს ნიჭიერი აბიტურიენტი, რომელმაც რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო მიწვევა და რას ურჩევს თანატოლებს

2026-06-24 14:42:31+04:00

ნიკოლოზ ბლავატსკიმ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლას სექტემბრიდან ფინეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, აალტოს უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. ტესტში მიღებული შედეგით, იგი აპლიკანტთა 1%-ში მოხვდა. გარდა ამისა, მან ერთდროულად რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტიდან მიიღო დაფინანსება.

ნიკოლოზი ამბობს, რომ კომპიუტერული მედიცინა განსაკუთრებით აინტერესებს და მომავალში გეგმავს, ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. იგი საკუთარი წარმატების, ინტერესებისა და სამომავლო ხედვის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დავამთავრე. სწავლას კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით ვაგრძელებ. რაც შეეხება დაფინანსებას, ნიუ ჯერსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (NJIT) წელიწადში 20 000 დოლარის ოდენობის გრანტი მოვიპოვე, რაც ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 80 000 დოლარს შეადგენს. ასევე, გერმანიაში, კონსტრუქტორის უნივერსიტეტში (Constructor University) 30 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მივიღე. საბოლოოდ, სწავლის გაგრძელებას ფინეთში, აალტოს უნივერსიტეტში (Aalto University) ვაპირებ. ეს სასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის, ფინეთში კი პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება აალტოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურას, იქ მისაღებად საერთაშორისო SAT გამოცდა დაგვჭირდა. ამ გამოცდაში ჩემი შედეგით მსოფლიო მასშტაბით ტესტის ჩამბარებელთა საუკეთესო 1%-ში მოვხვდი. ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს სწორედ ამ ნიშნით არჩევს. ​

- როგორ ემზადებოდით ამ გამოცდისთვის? სკოლაში რას აქცევდით ყურადღებას ან დამატებით თუ მეცადინეობდით?

- მათემატიკა ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. SAT არ არის მარტივი გამოცდა, იგი ორი ნაწილისგან - მათემატიკისა და ინგლისურისგან შედგება. ინგლისურის სექცია მხოლოდ ენის ცოდნას არ მოითხოვს, ის უფრო უნარების ტესტია. კომაროვის სკოლაში მიღებული განათლების წყალობით, მათემატიკის ნაწილი საკმაოდ გამიმარტივდა. უშუალოდ ინგლისურის გამოცდისთვის კი ზაფხულში სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდი. იმ პერიოდში გერმანიაში სტაჟირებას გავდიოდი, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ეგრევე ბიბლიოთეკაში მივდიოდი და მხოლოდ ამ ტესტებზე ვმუშაობდი. ​

გარდა ამისა, სკოლის პერიოდში სხვადასხვა აქტივობით ვიყავი დაკავებული - საკუთარი პოდკასტი მქონდა და სხვადასხვა პროექტსაც ვახორციელებდით. ​

კომპიუტერული მედიცინა განსაკუთრებით მაინტერესებს. თავად გულის ოპერაცია მაქვს გადატანილი. მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები ყოველთვის მიყვარდა და ეს ორი სფერო ერთმანეთს დავუკავშირე. ფინეთში სწავლა, განსაკუთრებით პირველ კურსზე, ძალიან ინტენსიურია და მეც ამ დიდ დატვირთვას ველოდები. ამასთანავე, როგორც ვიცი, იქ ძალიან ხალისიანი სტუდენტური ცხოვრებაა და იმედი მაქვს, ესეც კარგი გამოცდილება იქნება. ასევე, იმედი მაქვს, რომ მიზანსწრაფულ და მონდომებულ ადამიანებს შევხვდები.

- უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს კომპიუტერული მედიცინა და რაზე მუშაობთ ახლა? ​

- ამჟამად ერთ-ერთ იტალიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამეცნიერო კვლევაში ვარ ჩართული, სადაც გულის მოდელირებასა და კომპიუტერულ სიმულაციებს ვაკეთებთ. ეს მეთოდი ახალი მედიკამენტების გულზე ეფექტის შესამოწმებლად გამოიყენება, რათა რეალური ექსპერიმენტების ჩატარება საჭირო აღარ იყოს. ასევე, ამ სიმულაციებით შეგვიძლია, დავადგინოთ, თუ რა გავლენას მოახდენს გულის სარქვლის იმპლანტაცია პაციენტზე 10 წლის შემდეგ. კომპიუტერული მედიცინა ქირურგებს ოპერაციის ოპტიმალურად დაგეგმვაშიც ეხმარება, რადგან მათ პაციენტის გულის ზუსტ ციფრულ მოდელს აწვდის.

ეს სფერო ჯერ კიდევ ახალია და კლინიკურ პრაქტიკაში სრულად ინტეგრირებული არ არის, თუმცა ნელ-ნელა ვითარდება და იმედია, ახლო მომავალში ექიმები გადაწყვეტილებებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებენ. ​

- უნივერსიტეტში ჩარიცხვისას აკადემიური წარმატების გარდა, სხვადასხვა აქტივობას ყურადღება ექცევა?

- ევროპული უნივერსიტეტები ამას ნაკლებად უყურებენ, თუმცა ამერიკულ სასწავლებლებში აპლიკაციით გაგზავნილი ეს 10 აქტივობა მთელი შეფასების, ალბათ, 70%-ს შეადგენს. ​

​- უცხოეთში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას გეგმავთ, თუ გირჩევნიათ, რომ კარიერა სხვა ქვეყანაში განავითაროთ?

​- კომპიუტერული მედიცინის სფერო საქართველოში საერთოდ არ არსებობს. თუ ამ საქმეს ბოლომდე გავყევი და შესაბამისი ცოდნა დავაგროვე, ამ მიმართულების საქართველოში შემოტანა ძალიან საინტერესო და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. სამშობლოში დაბრუნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

- აპლიკაციები სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში გქონდათ გაგზავნილი. რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით მომავალ აბიტურიენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დაფინანსების მოპოვება სურთ?

- ყველაზე მთავარი რჩევაა, რომ აკეთონ ის, რაც მართლა მოსწონთ და უყვართ.როდესაც საქმე გიყვარს, მას მეტ ენერგიას უთმობ, პროცესში არ იღლები და წარმატებასაც უფრო მარტივად აღწევ. ​ამასთანავე, ამერიკულ უნივერსიტეტებში აპლიკაციის გაგზავნისას უდიდესი მნიშვნელობა ბუნებრიობას ენიჭება. საკუთარი თავი კარგად უნდა წარმოაჩინო, რადგან მიღების ოფიცრები გულწრფელობას აფასებენ. დამატებითი აქტივობები მხოლოდ იმის გამო არ უნდა შეასრულო, რომ ის CV-ში ჩაიწერება, არამედ იმიტომ, რომ ეს საქმე თავად გაინტერესებს. ​

- უნივერსიტეტების მოძიება და სააპლიკაციო ფორმების შევსება როგორ ხდება?

​- ამერიკული უნივერსიტეტებისთვის არსებობს ერთიანი პლატფორმა - Common App, სადაც 20 სასწავლებლის არჩევაა შესაძლებელი. ევროპულ უნივერსიტეტებს კი, მაგალითად, აალტოს ან კონსტრუქტორის უნივერსიტეტს, ყველას საკუთარი ვებგვერდი და სააპლიკაციო სისტემა აქვს, ამიტომ იქ მონაცემები სათითაოდ უნდა გადამოწმდეს. ​უნივერსიტეტის შერჩევა ინდივიდუალურია. ზოგისთვის ლოკაციაა მთავარი, ჩემთვის კი მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარებული იყო ჩემი სფერო, ჰქონდათ თუ არა ბაკალავრიატის სტუდენტებს კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ვინ იყვნენ ის პროფესორები, რომლებიც ჩემი მიმართულებით მუშაობდნენ. ​

- სააპლიკაციო ესეების წერისას რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა სტუდენტებმა?

- ევროპულ უნივერსიტეტებში ბევრ ესეს არ ითხოვენ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას აკადემიურ მოსწრებას აქცევენ. ამერიკულ სისტემაში კი მთავარი 650-სიტყვიანი პირადი განაცხადია. აქ აპლიკანტმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა აღწეროს, რომელიც მის აკადემიურ დოკუმენტებში არ ჩანს. ზოგიერთი თავის ემოციურ განცდებზე, ბებიასთან ერთად შეგროვებულ კოლექციაზე ან თუნდაც კონკრეტული ნივთისადმი სიყვარულზე წერს. მთავარია, აჩვენო, თუ როგორ განვითარდი როგორც პიროვნება. ესეში CV-ში მონაცემები არ უნდა გაამეორო და თავის ქებას უნდა მოერიდო - მიღების კომისიას შენი ბუნებრივი ინტელექტი და გულწრფელობა უნდა დაანახო.

​- და ბოლოს, კიდევ ხომ არ არის რაიმე რჩევა, რაც შესაძლოა, აბიტურიენტებს გამოადგეთ? ​

- წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ამ პროცესის გავლით ადამიანი უდიდეს გამოცდილებას იღებს და ბევრ უნარს ავითარებს. მე, მაგალითად, სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის 150-მდე ესე მქონდა დაწერილი. ამდენი ტექსტის წერისას საკუთარ თავსაც უკეთ ეცნობი და ბევრ რამეს სწავლობ, ამიტომ ცდად ნამდვილად ღირს.

თამარ იაკობაშვილი

ქართველი აბიტურიენტი, რომელმაც ამერიკის 7 წამყვან უნივერსიტეტში მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა