საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია მწვავედ დგას. ბევრ ადამიანს მათი საფუძვლიანი შიში აქვს. იმისათვის, რომ თავი დავიცვათ და სწორად ვიმოქმედოთ კრიტიკულ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ცხოველის ქცევა.
ზოოფსიქოლოგები და კინოლოგები ხშირად აღნიშნავენ: ძაღლები უმიზეზოდ არ ესხმიან თავს ადამიანს. მათი აგრესია ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტული რესურსის დაცვასთან (საკვები, ტერიტორია, ლეკვები ან ორსული ძაღლი ხროვაში). ვინაიდან ჩვენ წინასწარ ვერ ვიცით, რას იცავს ცხოველი, აუცილებელია გვერდი ავუაროთ მათ თავშეყრის ადგილებს.
ბავშვები, თავიანთი აქტიურობისა და მკვეთრი ემოციების გამო, უფრო ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. ასევე არსებობს სტერეოტიპი, რომ გაზაფხულზე ძაღლები უფრო აგრესიულები ხდებიან. მეცნიერული კვლევები ამას არ ადასტურებს, თუმცა ამ დროს იწყება შეჯვარების აქტიური პერიოდი და ცხოველები ზამთრის სიცივის შემდეგ უფრო მეტად მოძრაობენ ღია სივრცეებში.
ხმამაღალი სიცილი, ყვირილი: ძაღლებს არ უყვართ და აფრთხობთ მაღალი ბგერები.
ხელების ქნევა და მოფერების მცდელობა: (განსაკუთრებით პატრონის ნებართვის გარეშე) – ეს თავდასხმის ყველაზე ხშირი მიზეზია.
ძაღლისკენ პირდაპირ სიარული და თვალებში ყურება: ცხოველი ამას აღიქვამს როგორც მუქარას და გადადის თავდაცვაზე.
გაქცეული ძაღლის დადევნება: ან მისკენ ჯოხის, ქვის თუ სათამაშოს სროლა.
ხტუნვა და ყვირილი ყეფის დროს: ძაღლი ყეფით გამოხატავს შეშფოთებას და გთხოვთ, არ მიუახლოვდეთ. თუ თქვენც აყვირდებით, ამან შეიძლება კბენა გამოიწვიოს.
ყველაზე მთავარი წესია — არ გაიქცეთ! მოძრაობა უნდა იყოს ნელი და მშვიდი.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე: შიშის ჩვენება არ შეიძლება. შეეცადეთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები.
ნუ დაუყვირებთ და ნუ დაარტყამთ: ნუ შეეცდებით მის განდევნას აგრესიით.
ზურგით მიეყრდენით კედელს ან ხეს: ეს დაგიცავთ იმისგან, რომ ხროვამ ალყაში მოგაქციოთ ან ზურგიდან დაგესხათ თავს.
უარეთ გვერდი ნახევარწრით: დისტანციის დაჭერით აჩვენებთ ძაღლს, რომ საფრთხეს არ წარმოადგენთ.
არ შეაქციოთ ზურგი: უკან დაიხიეთ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ სახით ყოველთვის ძაღლისკენ იყავით.
შექმენით ბარიერი: თუ გაქვთ ზურგჩანთა, ჩანთა ან ველოსიპედი, დაიდეთ წინ. თუ ძაღლი გამოიქცევა, პირველ დარტყმას ნივთი მიიღებს. შესანიშნავია ქოლგა — მისი მკვეთრად გახსნა აფრთხობს ძაღლებს, რადგან ისინი ვერ იტანენ საგნებს, რომლებიც ზომაში სწრაფად იზრდებიან.
აიღეთ ხელში ქვა ან ჯოხი: ხელში საგნის დანახვამ შეიძლება შეაჩეროს, თუმცა ნუ მოიქნევთ მას მკვეთრად.
გამოიყენეთ ხმა და სპეციალური ხელსაწყოები: შეგიძლიათ მშვიდი, დაბალი ხმით ესაუბროთ, თუ არაფერი გაგახსენდებათ, შეგიძლიათ ლექსი თქვათ. თუ საჭმელი გაქვთ, დააგდეთ მიწაზე (არ ესროლოთ, რადგან ხელის აწევა თავდასხმის სიგნალად შეიძლება აღიქვას). კარგია ულტრაბგერითი დამაფრთხობელი ან ელექტროშოკერი (მისი მხოლოდ ხმაც კი აფრთხობს ქუჩის ძაღლების 90%-ს). ასევე შეგიძლიათ მკაცრად დაუყვიროთ: „ფუ!“, „არ შეიძლება!“ და ვინმეს უხმოთ საშველად.
მნიშვნელოვანია: მიუსაფარი ძაღლები, ფაქტობრივად, გარეული ცხოველები არიან. ამიტომ არ არის სასურველი ბავშვების მათთან თამაში. გააფრთხილეთ, ნუ აჭმევენ ხელით. თუ გამოკვება გსურთ, დატოვეთ საკვები მიწაზე და გაეცალეთ ტერიტორიას.
თუ ძაღლი თავდასხმისთვის ემზადება (კუნთები ეჭიმება, თავს მიწისკენ ხრის და ნელდება), აქ უკვე თავდაცვის დროა. დაიფარეთ თავი, კისერი და მუცელი.

კბენის დროს: თუ ძაღლმა კიდურზე გიკბინათ, არ გამოგლიჯოთ ხელი ან ფეხი — ეს გამოიწვევს ნაკუწ-ნაკუწ ჭრილობებს. პირიქით, შეეცადეთ კიდური უფრო ღრმად ჩაუყოთ ხახაში, ან მეორე ხელით მოუჭირეთ ტუჩებზე და აუწიეთ ყბა ზემოთ.
თუ ხროვა გესხმით თავს: მთავარია დაიცვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, სახე და კისერი. დაჯექით და მოიკუნტეთ.
ტანსაცმელი: თუ იცით, რომ სახიფათო ტერიტორიაზე გიწევთ გავლა, ჩაიცვით სქელი, დახურული ტანსაცმელი (ჯინსები და გრძელმკლავიანი ქურთუკები).
არ გაუშვათ ბავშვი მარტო სახიფათო ზონებში: აუხსენით, რომ არ შეიძლება სეირნობა მიტოვებულ შენობებთან, ავტოფარეხებთან, ნაგავსაყრელებთან და სამრეწველო ზონებში, სადაც ძაღლები ხშირად ბინადრობენ.
ასწავლეთ დისტანცია, მაგრამ ნუ შეაშინებთ: ნუ ეტყვით ბავშვს, რომ „ძაღლი საშინელია და უკბენს“. უთხარით უფრო რბილად: „ძაღლს ახლა არ უნდა კონტაქტი, შეიძლება დაიღალა ან ავადაა“. პატრონიან ძაღლსაც კი ნუ მოეფერება ნებართვის გარეშე. მოფერებისას კი ჯობია ჩაიმუხლოს და მოეფეროს ზურგზე ან ბეჭებზე, და არა თავზე.
უსაფრთხო ალტერნატივა: თუ ბავშვს ცხოველებთან კონტაქტი ძალიან უნდა, წაიყვანეთ სპეციალურ სივრცეებში.
მიუსაფარი ძაღლის ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ნაკაწრის ან კბენის შემთხვევაში, აუცილებელია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმავე დღეს.
ვირუსი შეიძლება ორგანიზმში განვითარდეს როგორც ნელა (1 წლამდე), ისე ძალიან სწრაფად (10-14 დღეში).
თანამედროვე ვაქცინაცია აღარ ნიშნავს მუცელში 40 ნემსის გაკეთებას, ეს არის სულ რაღაც 5-6 ინექცია მკლავში.
ვაქცინაციის პერიოდში ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის შლის ვაქცინის მოქმედებას.
ვაქცინა 96-98%-ით გიცავთ დაავადებისგან.
თუ ძაღლი პატრონიანია, სთხოვეთ ვეტერინარული პასპორტის ჩვენება, სადაც აღნიშნულია ცოფის ყოველწლიური ვაქცინაციის თარიღი. თუ ძაღლი აცრილია, სანერვიულოც ბევრი არაფერია, თუმცა უმჯობესია ყოველთვის გადააზღვიოთ თავი და მიმართოთ რაბიოლოგს. ის გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა ვაქცინა.