რატომ ვერ ვიტანთ მგზავრობას და როგორ შეგვიძლია, ასეთ დროს დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია, საუბრობს:
- მგზავრობის ავადმყოფობას, რომელსაც მოგზაურობის დროს გულისრევასა თუ მგზავრობის აუტანლობას უწოდებენ, ბევრი სინონიმი აქვს. ეს მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავდება ფობიებისგან, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობის შიშისგან, და მათში არ უნდა აგვერიოს. სტატისტიკურად, იგი ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, ორ წლამდე კი პრაქტიკულად არ ვლინდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ვესტიბულური აპარატი ორ წლამდე ჩამოყალიბების პროცესშია, ეს ორგანო კი ზუსტად ამ სიმპტომების გაჩენაზეა პასუხისმგებელი.
კინეტოზი მაშინ ვითარდება, როდესაც ჩვენს თავის ტვინამდე ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მიდის. თავის ტვინში არსებულ ნათხემსა და მოგრძო ტვინში თვალიდან, შუა ყურიდან და, ზოგადად, სხეულიდან მოძრაობისა და გადაადგილების დროს ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები შედის, რის გამოც სხვადასხვა ტიპის სიმპტომები ყალიბდება. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ავტომობილით გადაადგილებისა და გემით მგზავრობის დროს ვლინდება. ზოგადად, ამ ფენომენის შესწავლა სწორედ გემით მგზავრობით დაიწყო, რადგან ძველად თვითმფრინავი და ავტომობილი არ არსებობდა და ადამიანები გემით გადაადგილდებოდნენ.
მგზავრობის ავადმყოფობა სიცოცხლისთვის საშიში და სახიფათო არ არის, თუმცა ძალიან აუტანელი და შემაწუხებელია როგორც თავად ადამიანისთვის, ისე მისი გარშემომყოფებისთვის.
სიმპტომები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:
მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა 2-დან 12 წლამდე ასაკშია ყველაზე ხშირი, ზოგიერთ ადამიანს იგი 12 წლის შემდგომაც უგრძელდება. თუ პრობლემა 12 წლის ასაკის შემდეგაც შენარჩუნდა, იგი ხშირად ისეთ დარღვევასთან ასოცირდება, როგორიც შაკიკი და თავის ტკივილებია.
პირველ რიგში, მარტივი ქცევითი ჩვევებით უნდა დავიწყოთ:
კვების რეჟიმი: მგზავრობის წინ მყარი, ცხიმიანი და ნოყიერი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს. უპირატესობა მსუბუქ, თხევად საკვებს, მაგალითად, თხევად იოგურტს უნდა მიენიჭოს, რათა კუჭ-ნაწლავი არ დაიტვირთოს. ასევე, აუცილებელია წყლის დალევა, ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია.
მგზავრობის ავადმყოფობის სამკურნალოდ პოპულარული მედიკამენტები გამოიყენება, რომელთა მიღება ბავშვებში 2 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს არის ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც საზოგადოებაში ალერგიის საწინააღმდეგო წამლების სახელითაა ცნობილი. ისინი ნეირომედიატორ აცეტილქოლინზე მოქმედებენ და აღნიშნულ სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ. თუ ბავშვი ალერგიულია და დღის განმავლობაში ანტიჰისტამინი უკვე მიღებული აქვს, მან თავისი ფუნქცია წესით ისედაც უნდა შეასრულოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰისტამინის დოზის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანოტაციაში, როგორც წესი, დღეში 1 ტაბლეტის მიღებაა მითითებული, ამ დოზის გაორმაგება, გასამაგება ან მაქსიმუმ გაოთხმაგება აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ექიმი იღებს.
ალტერნატიული საშუალებებიდან აღსანიშნავია სკოპოლამინი. მისი პლასტირები, რომლებსაც FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) ავტორიზაცია აქვთ, ყურის უკან ეწებება. ანტიჰისტამინებისგან განსხვავებით, მათ ისეთი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებთ, როგორიც ძილიანობა და სედაციაა.
ამჟამად FDA-ის დამოწმების მოლოდინშია სკოპოლამინის შემცველი ცხვირის სპრეებიც, რომლებსაც პლასტირის ანალოგიური მოქმედება აქვთ. ეს პრეპარატები იმ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, ვისაც ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ.
ამ უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და ვესტიბულური ორგანოს გამძლეობის ასამაღლებლად ხშირად საქანელაზე ჯდომას ან ჰამაკში რწევას მიმართავენ. ამ მიდგომას სამედიცინო ენაზე ვესტიბულური ჰაბიტუაცია (მიჩვევა) ან ვესტიბულური რეაბილიტაცია ეწოდება. იგი გულისხმობს ტვინის შეჩვევას იმ სიგნალებისადმი, რომლებიც მგზავრობისას დისკომფორტს იწვევს.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მგზავრობის ავადმყოფობა ატრაქციონებზეც ფიქსირდება. ვესტიბულური რეაბილიტაცია ძალიან რაციონალურად და ზომიერების ფარგლებში უნდა ჩატარდეს. ბავშვის საქანელაზე დასმა, ქანაობა ან მისი ჰაერში აგდება (რაც გარკვეულწილად საშიშია) მიჩვევას ეხმარება, თუმცა ამ დროს სიფრთხილეა საჭირო. მგზავრობის ავადმყოფობა დამოუკიდებელ დაავადებად არ ითვლება, იგი ორგანიზმის გარკვეული რეაქცია და სინდრომია. სამედიცინო დახმარებას იმ შემთხვევაში უნდა მივმართოთ, თუ სიმპტომებს საგანგაშო და მძიმე ხასიათი აქვს. მაგალითად, როდესაც მგზავრობის დასრულების შემდეგაც ღებინება არ წყდება და გრძელდება, ვლინდება სისხლდენასთან დაკავშირებული პრობლემები, გონების დაკარგვა ან დაბნეულობა. თუ სიმპტომები ერთჯერადი არ არის და დიდხანს გრძელდება, სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია.