ცნობილ ტელესახესა და შოუმენ ნიკა ლომიძეს და ასევე ცნობილ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს თეა გობეჯიშვილს, არანაკლებ ცნობილი ქალიშვილი ჰყავთ. ნიტა ლომიძეს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს - თავდაპირველად ის მაყურებლის წინაშე ნიჭიერი პატარა მსახიობის რანგში წარდგა ფილმში "ცელქი ბავშვები". ამ ფილმს კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი მოჰყვა.


შემდეგ უკვე გამოჩნდა, როგორც ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა", რომელშიც გაიმარჯვა კიდეც, და ყველამ აღიარა, რომ ნიტა დედის გზის შესანიშნავი გამგრძელებელია.


ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და დღეს უმაღლეს განათლებას ეუფლება ამ სფეროში, რასაც ბალეტი და თანამედროვე ცეკვები ჰქვია - ამერიკის უნივერსიტეტში, რომელსაც ჯოფრის საბალეტო სკოლა ჰქვია და მოიცავს საბალეტო სკოლას და კონსერვატორიას. სტუდენტები კი ცეკვის გარდა, სწავლობენ მუსიკას, სამსახიობო ხელოვნებას, ნუტრიციოლოგიას და ა.შ., კომპლექსურად ყველაფერს, რაც თანამედროვე პროფესიონალ მოცეკვავეს შეიძლება დასჭირდეს.
"ნიტამ სკოლა ცეკვის მიმართულებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც ამ მიმართულებით აირჩია: ახლა ჯოფრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს, რომელიც ძალიან პოპულარულია. იქ ცეკვის ყველა ჟანრს და ყველა მიმართულებას ასწავლიან. ნიტას თავისი საქმე ძალიან აინტერესებს და ცდილობს, სრულყოფილად აითვისოს. ცეკვის პარალელურად, გადაწყვიტა ფსიქოლოგია შეისწავლოს - როდესაც ცეკვის ასაკი აღარ ექნება, უნდა, რომ სხვა პროფესიაც ჰქონდეს... პირველ ხანებში მართლა ძალიან გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყო. მე და თეა მის სიშორეს ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ყოველგვარი ეგოიზმი უკანა პლანზე გადავწიეთ და თანდათან ყველაფერს შევეგუეთ. თავდაპირველად, მასაც გაუჭირდა - ნოსტალგია და მონატრება ერთად მოერია, თანაც, გარდატეხის ასაკში იყო, მაგრამ ეს სირთულეები როგორღაც გადავლახეთ..." - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა ლომიძე.

არდადეგებზე - ზაფხულობით და ახალ წელს, ნიტა ყოველთვის ჩამოდის საქართველოში და დასვენების გარდა, დედის - თეა გობეჯიშვილის სტუდიაში ატარებს ვორქშოფებს, ასევე დგამს ცეკვებს სტუდიის გამოსაშვები კონცერტისთვის.


წელსაც ტრადიციულად ჩამოვიდა და კიდევ ერთი კარიერული ნაბიჯიც გადადგა, რომელზეც სოციალურ ქსელში წერს:
"რამდენიმე დღის წინ მომეცა შესაძლებლობა, კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრი ვყოფილიყავი. სასიამოვნო იყო ყველა მოცეკვავის შესრულებისა და სცენაზე მათი გაბრწყინების ყურება. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მეძლევა".

.jpg)
ნიტა ხშირად აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან მიაჩვია დედამ დისციპლინას, რაც ძალიან დაეხმარა წარმატებების მიღწევაში და მას ასევე ზურგს უმაგრებს მოსიყვარულე და მზრუნველი ოჯახი. ნიკა და თეა 23 წელზე მეტია ერთად არიან და ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მეგობრულ წყვილად მიიჩნევიან ქართულ შოუბიზნესში.