"ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა" - რატომ აგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე ყველაზე ხშირად და რა შემთხვევაში შეიძლება, დამატებითი ტესტირების ჩატარება - მშობლები

"ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა" - რატომ აგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე ყველაზე ხშირად და რა შემთხვევაში შეიძლება, დამატებითი ტესტირების ჩატარება

2026-07-01 10:30:07+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. საგამოცდო პროცესს, რა თქმა უნდა, თან ნერვიულობა ახლავს და ყოველწლიურად, ამ დროს, აბიტურიენტები სხვადასხვა საკითხს აქტიურად განიხილავენ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ აბიტურიენტებისთვის ხშირად ყველაზე დიდ ბარიერად არა მხოლოდ საგამოცდო საკითხები, არამედ საორგანიზაციო დეტალები იქცევა. ყოველწლიურად ათობით ბავშვი დაგვიანების გამო საგამოცდო პროცესს ეთიშება. ვთხოვეთ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მათ ახლობლებს, საკუთარი ან სხვების მაგალითზე, გამოცდაზე დაგვიანების ყველაზე ხშირი მიზეზები გაეხსენებინათ.

კომენტარების ნაწილს გაგიზიარებთ:

  • "აბიტურიენტები ხშირად ვერ აგნებენ სკოლას, სადაც გამოცდა აქვთ. თუ ტერიტორიულად არ იცით, სად მდებარეობს, წინა დღეს წადით, ნახეთ და განსაზღვრეთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ მისასვლელად. ჯობს, გამოცდამდე ნახოთ, როგორ უნდა მიხვიდეთ ადგილზე".
  • "არ მახსოვს, რომელ სკოლაში ვაბარებდი, მაგრამ სამგორში, სადღაც ჩიხებში იყო. დაგვიანებასა და უპასუხისმგებლობაზე რა ვთქვა, მაგრამ მე 3 საათით ადრე გამოვდიოდი, რომ მეპოვა. ის ბავშვები კი, ვინც დააგვიანა, სკოლას ვერ აგნებდნენ."
  • "ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა."
  • "ვინაიდან თბილისს კარგად არ ვიცნობდი, ვერ მივაგენი სკოლას. იმდენ ხალხს ვკითხე და მათაც სხვა მისამართი მიმასწავლეს. ბოლოს ტაქსი გავაჩერე და აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა უბანში ვიყავი. ტაქსის მძღოლმაც რომ გაიგო, გამოცდაზე მივდიოდი, ისედაც დათრგუნულსა და დასტრესილს ცალკე გამოცდა მომიწყო მანქანაში: "აბა ეს ვინ დაწერა?", "იმას რა უნდოდა?", "ამას რა უნდოდა?". რომ ვერ ვუპასუხე, კარგად გამომლანძღა - "ახალმა თაობამ არაფერი იცითო". ჩამომსვა საგამოცდო სკოლასთან და შესვლამდე 2 წუთი იყო დარჩენილი. ისედაც ძალიან დიდი სტრესია გამოცდა და ცალკე ასეთი ამბავი რომ დაგემართება... მთავარია, არ აყვეთ პანიკას და მოდუნდეთ."
  • "დაგვიანებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ როგორც ახლანდელ, ისე მომავალ აბიტურიენტებს: კარგად დაიმახსოვრეთ თითოეული გამოცდის თარიღი. ზეპირადაც რომ იცოდეთ, მაინც კარგად გადაამოწმეთ საგამოცდო ბარათი. ორი შემთხვევა ვიცი, როდესაც ბავშვებს გამოცდის თარიღი აერიათ და ამის გამო წელი დაკარგეს."
  • "ავარიაში მოყვნენ და დააგვიანდათ. არ შეუშვეს, უკვე დაწყებული იყო გამოცდა."
  • "მშობლებს ვურჩევ, არ გაუშვათ აბიტურიენტები მარტო. ჩემს გვერდით გამოცდაზე მოსული ბავშვი ვერ შევიდა, რადგან ტელეფონში გაერთო და შესვლის მომენტი გამოეპარა. მაინც სტრესია და ამ დროს ვინ რაზე დაიბნევა, ვერ განსაზღვრავთ წინასწარ."
  • "ჩემს მამიდაშვილს წარსადგენი საბუთები რაიონში დარჩა. მერე მისმა მეზობელმა ჩამოუტანა და წუთი-წუთზე მოუსწრო."
  • "დაგვიანების ყველაზე ხშირი მიზეზებია: ჩაძინება, სკოლის ვერმიგნება, დოკუმენტების დავიწყება, საცობი... ამ დროს მეტრო ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია.
  • როდესაც განრიგი დაიდება, აუცილებლად ნახეთ, სად არის თქვენი საგამოცდო სკოლა. გამოცდის დღეს გაითვალისწინეთ, რომ ქალაქში საცობებია. ჯობს ადრე მიხვიდეთ, ვიდრე საცობმა შეგიშალოთ ხელი.

აღსანიშნავია, რომ Mshoblebi.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაუკავშირდა. მათგან საჯარო ინფორმაციის სახით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგვიანებულ აბიტურიენტთა სტატისტიკა ვითხოვეთ. თუმცა, წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

შეგახსენებთ, რომ გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში;

საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 1 საათი გრძელდება;

დაგვიანების, სხვა საგამოცდო ცენტრში ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.

რა უნდა ვიქონიოთ გამოცდაზე?

  • პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
  • სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს მხოლოდ: წყალი პლასტმასის ბოთლით, პირადი ჰიგიენის ნივთები, საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).

გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.

დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სახლში პირადობის მოწმობა დარჩა?

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში, თქვენ დაიშვებით გამოცდაზე, თუმცა თქვენი ნაშრომი გასწორდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ პირადობის მოწმობას გამოცდის შემდეგ საგამოცდო ცენტრში კონკრეტულად თქვენთვის განსაზღვრულ ვადებში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს სახლში საგამოცდო ბარათი დარჩა?

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ მემანიშვილი ამბობს, საგამოცდო ბარათის სახლში დარჩენის შემთხვევაში, ბარათს აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში ამოუბეჭდავენ.

"საგამოცდო ბარათის სახლში დარჩენის შემთხვევაში, თითოეულ საგამოცდო ცენტრში იქვე მყოფი ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დაეხმარებიან. ეს წესი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახლში დარჩენის შემთხვევაზეც ვრცელდება. თუმცა, ყველა გამოსაცდელ პირს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რომ ეს დოკუმენტები სახლში არ დარჩეთ და თან იქონიონ.თუკი მაინც ისე აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანი სახლში დარჩათ, ამის გამო უკან არ დაბრუნდნენ და გზა საგამოცდო ცენტრისკენ გააგრძელონ”, - თქვა თამარ მემანიშვილმა გადაცემაში "იმედის დილა".

რა შემთხვევაში შეუძლია აბიტურიენტს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება?

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

  1. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
  2. ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
  3. დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რა არის "დაუძლეველი ძალა"? - საქართველოს ბიბლიოთეკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ:

დაუძლეველი ძალა- განსაკუთრებული და, მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოებაა. როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შტორმი, ზვავი და ა.შ.) და საზოგადოებრივი მოვლენები (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.). ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების მისამართები და მათთან მისასვლელი მარშრუტები გამოაქვეყნა. თითოეულ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი მარშრუტი წინასწარ გადაამოწმოს.

ასევე, საგამოცდო ცენტრებისკენ იმოძრავებს დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც:

  • მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 და №181 სკოლებამდე;
  • მეტრო "ახმეტელიდან" გლდანის მიმართულებით №191, №177, №39 და №160 სკოლებამდე;
  • მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;
  • მეტრო "დიდუბის" (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.

საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

თამარ იაკობაშვილი

აბიტურიენტს საგამოცდო პროცესზე პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა შეუძლია... ყოფილა შემთხვევები, ხუთლიტრიანი ბოთლიც წამოუღიათ - თამარ მემანიშვილი
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების მისამართები და მათთან მისასვლელი მარშრუტები გამოქვეყნდა - დეტალები