ამ მარტივი ხრიკით დაადგენთ, სილიკონის საცხობი და ნიჩბები უსაფრთხოა თუ ქიმიური მინარევები აქვს დამატებული: გამოყოფს ტოქსინებს და შეიძლება გადავიდეს საკვებში - მშობლები

ამ მარტივი ხრიკით დაადგენთ, სილიკონის საცხობი და ნიჩბები უსაფრთხოა თუ ქიმიური მინარევები აქვს დამატებული: გამოყოფს ტოქსინებს და შეიძლება გადავიდეს საკვებში

2026-07-06 11:08:53+04:00

სილიკონის საცხობი ფორმები ბოლო წლებში სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა. მათი პოპულარობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ელასტიკურია, არ იკრავს და რეცხვაც მარტივია. თუმცა, რაც უფრო ხშირად ვიყენებთ მათ მაღალ ტემპერატურაზე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება მათ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე აურაცხელი რაოდენობის იაფი ალტერნატივა გამოჩნდა.

რა არის სილიკონი და რამდენად ეკოლოგიურია ის

სილიკონი არ არის პლასტმასი. ის არის სინთეზური პოლიმერი, რომელიც მზადდება სილიციუმისგან (ქვიშის მთავარი შემადგენელი ნაწილი), ჟანგბადისა და სხვა ელემენტებისგან. ეკოლოგიური თვალსაზრისით, მას ორგვარი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, სილიკონი გაცილებით გამძლეა, ვიდრე პლასტმასი, არ იშლება მიკროპლასტიკად და შეუძლია ათწლეულების განმავლობაში გაძლოს, რაც ამცირებს ერთჯერადი ნივთების მოხმარებას. მეორე მხრივ, ის მაინც ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება და მისი ბიოდეგრადირება ბუნებრივ გარემოში არ ხდება. ასევე, სილიკონის გადამუშავება სპეციალურ საწარმოებს მოითხოვს და ჩვეულებრივ სანაგვეურნეობაზე მოხვედრისას ის ისევე დიდხანს რჩება, როგორც პლასტმასი.

იაფი სილიკონი

როდესაც მომხმარებელი ცნობილი ბრენდების ძვირადღირებულ ფორმებსა და "ტემუსა" თუ სხვა იაფ აპლიკაციებში ნანახ ფასებს ადარებს, ბუნებრივია, კითხვა ჩნდება - ერთი და იგივე სილიკონია პროდუქტშიგამოყენებული? სხვაობა ნამდვილად არსებობს და ის ხშირად ხარისხის სტანდარტებშია.

მაღალი ხარისხის სილიკონი, რომელიც კვების პროდუქტებისთვისაა განკუთვნილი, უნდა აკმაყოფილებდეს FDA (აშშ-ის სურსათის ადმინისტრაცია) ან LFGB (ევროპული, უფრო მკაცრი სტანდარტი) მოთხოვნებს. პრემიუმ კლასის ფორმები მზადდება 100%-ით სამედიცინო ან კვების კლასის სილიკონისგან.

იაფიანი მაღაზიების პროდუქციაში კი თვითღირებულების შესამცირებლად ხშირად იყენებენ ეგრეთ წოდებულ "შემავსებლებს" (fillers). ეს არის იაფიანი ქიმიური პლასტიფიკატორები, რომლებიც სილიკონს ერევა. მაღალ ტემპერატურაზე ცხობისას ამ შემავსებლებმა შესაძლოა გამოყოს არასასიამოვნო სუნი, ტოქსიკური ორთქლი ან სულაც გადავიდეს საკვებში, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

silikoni-1783322500.jpg

როგორ შევამოწმოთ ფორმის ხარისხი სახლის პირობებში

არსებობს მარტივი, მაგრამ საკმაოდ საიმედო მეთოდი, რომელსაც "გაჭიმვის ტესტს" უწოდებენ. აიღეთ სილიკონის ფორმა და ორივე ხელით ძლიერად გაწელეთ ან გადაკეცეთ. თუ გაჭიმვის ადგილას სილიკონმა ფერი არ შეიცვალა და შეინარჩუნა ერთიანი ტონალობა, ის სუფთაა. ხოლო თუ გაჭიმვისას ნაკეცზე თეთრი ხაზები ან ლაქები გაჩნდა, ეს იმის ნიშანია, რომ მასალაში იაფიანი ქიმიური შემავსებლებია გარეული. ასეთი ფორმის გამოყენება ღუმელში, განსაკუთრებით 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, რეკომენდებული არ არის.

გარდა ამისა, პირველივე გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ სუნს. ხარისხიან პროდუქტს გახურებისას არანაირი სპეციფიკური, ქიმიური ან პლასტმასის სუნი არ უნდა ჰქონდეს. თუ იაფ მაღაზიაში შეძენილ ფორმას მძაფრი სუნი ასდის, უმჯობესია ის მხოლოდ ცივი კერძებისთვის, ჟელესთვის ან ყინულისთვის გამოიყენოთ და მოარიდოთ თერმულ დამუშავებას.

როგორ შევამოწმოთ სილიკონსი ნიჩბები

მიუხედავად იმისა, რომ სილიკონის ნიჩბის მთლიანად გაჭიმვა შეუძლებელია, მას ჩვეულებრივ აქვს თხელი, დრეკადი კიდეები. დააკვირდით ამ კიდეებს, ძლიერად გადაკეცეთ ან მოხარეთ თითებით და დააფიქსირეთ რამდენიმე წამით. თუ გადაკეცვის ადგილას მასალა გათეთრდა ან მკვეთრი თეთრი ზოლი გაჩნდა, ეს ზუსტად იმავე პრობლემაზე მიანიშნებს — მასში პლასტმასის ან სხვა იაფიანი შემავსებლების მაღალი შემცველობაა. სუფთა, ხარისხიანი კვების სილიკონი მოხრისას ფერს საერთოდ არ იცვლის.

f5b03622-7794-4de9-be66-ead2a49a0d0d-1783323153.png

მდუღარე წყლის და სუნის ტესტი

თუ ნივთი ახალი ნაყიდია და გაინტერესებთ, რეაგირებს თუ არა ცხელ საკვებთან, ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი: ჩადეთ მოსარევი მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით. თუ წყლიდან ამოღებისას მასალას მძაფრი ქიმიური, რეზინის ან პლასტმასის სუნი აუვა, ეს ნიშნავს, რომ მაღალ ტემპერატურაზე ის არასტაბილურია. ხარისხიანი კვების სილიკონი, თუნდაც 200 გრადუსზე ზემოთ, აბსოლუტურად უსუნოა.

შეხების და ტექსტურის ფაქტორი

დააკვირდით ზედაპირს. უხარისხო, იაფიანი სილიკონის მოსარევები ხშირად ზედმეტად პრიალაა, თითქოს ცვილის ან იაფი პლასტმასის თხელი ფენა გადასდით, დროთა განმავლობაში კი (განსაკუთრებით გარეცხვის შემდეგ) შეიძლება წებოვანი გახდეს. მაღალი ხარისხის სილიკონს აქვს უფრო მქრქალი (მატავისებრი), ოდნავ აბრეშუმისებრი ტექსტურა და ხელში დაჭერისას პლასტმასის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

მარკირება სახელურზე

ხშირად, როდესაც თავად სამუშაო ნაწილი სქელია, მწარმოებლები ინფორმაციას ნივთის უკანა მხარეს ან სახელურზე ტვიფრავენ. მოძებნეთ ჭიქისა და ჩანგლის სიმბოლო (რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტისთვის) ან წარწერები: BPA-Free, FDA ან LFGB. თუ იაფფასიან ნივთს საერთოდ არანაირი აღნიშვნა არ აქვს და არც შეფუთვა მოჰყოლია, მისი გამოყენება ცხელ ტაფაზე ან ქვაბში რისკის შემცველია. ასეთი ნივთები უმჯობესია მხოლოდ ცივი კერძების, მაგალითად, სალათების მოსარევად ან კრემების გადასასმელად გამოიყენოთ.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან საცხობი ქაღალდი და პერგამენტი, როდის რომელი უნდა გამოიყენოთ და რომელს უნდა ერიდოთ
როდის ხდება სამზარეულოს ფოლგა ტოქსიკური - ქიმიკოსი გირჩევთ, რა შემთხვევაში სჯობს მისი პერგამენტით ან სილიკონით ჩანაცვლება