ბრაზილიაში, სან-პაულუს გარეუბანში მცხოვრებ 17 წლის ანა ლუიზა დე ოლივეირა ნევესს, 31 მაისს, ამანათი მიუტანეს მიუტანეს "უცნობი თაყვანისმცემლისგან". გზავნილში ტორტი იდო, თან ბარათიც ახლდა.

ბარათზე ხელით ეწერა: "საჩუქარი ყველაზე ლამაზ გოგონას, რომელიც კი ოდესმე მინახავს". მასზე პატარა წითელი გული და სტიკერებიც იყო დატანილი. ტექსტში ასევე ეწერა, რომ ტორტი განკუთვნილი იყო "ყველაზე ტკბილი და საუკეთესო ხასიათის მქონე გოგონასთვის".
CNN-ის ინფორმაციით, ანამ მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. მან დაადასტურა, რომ ტორტის გამომგზავნს არ იცნობდა.
ტორტის შეჭმის შემდეგ, იქამდე, ვიდრე შეუძლოდ გახდებოდა, ანამ მეგობარს კიდევ ერთი ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა სახუმარო ტექსტით: "თუ მოწამვლით მოვკვდები, უკვე გეცოდინება".
ოჯახის თქმით, ანა ტორტის ჭამიდან დაახლოებით ერთ საათში გახდა შეუძლოდ.სიმპტომების გაუარესების გამო, მამამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა საკვებით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს, წამლები გამოუწერეს და სახლში გაწერეს.
ერთი დღის შემდეგ, რაკი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ოჯახმა გოგონა საავადმყოფოში დააბრუნა. თუმცა, კლინიკაში მიყვანისას მას უკვე სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა და ექიმებმა სიკვდილი დააფიქსირეს. სამშაბათს, 3 ივნისს, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იგი დაკრძალეს...
ამბით პოლიცია დაინტერესდა და სულ მალე გაირკვა, რომ ანასთვის ტორტის გაგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე, ეჭვმიტანილმა მოწამლული ტორტი სხვა გოგონასაც გაუგზავნა. ის გოგონაც შეუძლოდ გახდა, თუმცა მალე მოკეთდა.
სწორედ ეს ორი შემთხვევა დააკავშირეს ერთმანეთს და ეჭვმიტანილიც მალე იპოვეს - 17 წლის გოგონა. მან თანატოლი გოგონას საშიში ნივთიერებით მოწამვლა აღიარა. პოლიცია მომხდარს ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. ეჭვმიტანილის თქმით, მან ორივე მსხვერპლს ტორტი იმიტომ გაუგზავნა, რომ მისი ორი ყოფილი შეყვარებული სწორედ მათთან წავიდა.
გოგონას ცნობით, მან საკონდიტროში პატარა ტორტი იყიდა, შიგ საწამლავი მოათავსა და კურიერს წააღებინა. მისი თქმით, მას მსხვერპლის მოკვლა არ უნდოდა და მხოლოდ მის "გამწარებას' გეგმავდა.ეჭვმიტანილი პოლიციასთან აცხადებდა, რომ ანასთვის მხოლოდ ცუდი სიმპტომების, მაგალითად, ღებინების გამოწვევა სურდა. CNN-ის თანახმად, ანას გარდაცვალების ამბის გაგებისას იგი შოკირებული დარჩა.
თავის ჩვენებაში ეჭვმიტანილმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ჩადენილს ინანიებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტორტს სიცოცხლის მოსპობისთვის იყენებენ.
შობის წინა დღეს, რიუ-გრანდი-დუ-სულის სამხრეთ შტატში, დეიზე მოურა დოს ანჟოსმა ოჯახს საწამლავით გაჯერებული ტორტი მიართვა.ამ საქმეში თავად ტორტის შემქმნელი ქალიც ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა.60 წლის ზელი დოს ანჟოსი იმ ექვს ადამიანს შორის იყო, ვინც ტორტი შეჭამა, და იმ სამთაგან ერთ-ერთი, ვისაც სერიოზული გვერდითი მოვლენები განუვითარდა.
პოლიციის განცხადებით, ტორტის ჭამის შემდეგ გარდაცვლილი სამი ადამიანიდან ერთ-ერთის ორგანიზმში საწამლავის დასაშვები ნორმა 350-ჯერ იყო გადაჭარბებული.
გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ დეიზე მოურა დოს ანჟოსმა, ზელის რძალმა, საწამლავი იმ ფქვილში ჩაყარა, რომელიც ზელიმ ტორტის გამოსაცხობად გამოიყენა.იგი დააკავეს, სამი ადამიანის მკვლელობისა და სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
მიმდინარე წლის თებერვალში დეიზე მოურა ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ დროს იგი საკანში მარტო იმყოფებოდა.