2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
იქამდე, ვიდრე სტუდენტი შედეგებს გაიგებს და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხება, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი.
აბიტურიენტს შეუძლია, შეცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით. ამის შესაძლებლობა მას ექნებათ საპრეტენზიო კომისიების მიერ ყველა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. იგი თავისი პირადი ნომრისა და პაროლის (რვანიშნა კოდი) მითითებით შედის საკუთარ გვერდზე, შეაქვს სასურველი ცვლილებები და ინახავს ინფორმაციას შენახვის ღილაკის გამოყენებით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს პრიორიტეტების მიხედვით ვეღარ შეცვლის.
ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში თუ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა არ დაიმახსოვრებს განახლებულ ინფორმაციას!
ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.
აბიტურიენტს შედეგების გაგება პირადი ნომრისა და სარეგისტრაციო გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღებული რვანიშნა კოდის გამოყენებით შეუძლია.
თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გაასაჩივროს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადება. დეტალები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.
საპრეტენზიო განცხადების განხილვის საფასურია 50 ლარი (ერთი საგნისათვის). ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე. ასევე იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განცხადებას ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განცხადებაზე, ან განსაზღვრულ-ზე მეტი ოდენობით საფასურს გადაიხდის, მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაუბრუნდება.
დეტალურ ვადებსა და პროცედურებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი უნდა გადაალახოს კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულ ყველა საგანში.
მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შეასრულეს ტესტის შედარებით რთული ვარიანტი. ზღვარი გადალახული აქვს თუ არა აბიტურიენტს ამა თუ იმ ქულით, დადგინდება ქულათა გათანაბრების შემდეგ საბოლოო შედეგებთან ერთად.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ე.წ. ნედლი ქულით მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეთ, ქულათა გათანაბრების პრინციპის მიხედვით, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი, ქულა მოგემატოთ და კონკრეტულ საგანში დადგენილი ზღვარი გადალახოთ.
ზოგჯერ, აბიტურიენტები, რომლებმაც ე.წ. ნედლი ქულით ზღვარი ვერ გადალახეს, პროგრამათა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას წყვეტენ. ქულების გათანაბრების შემდეგ კი ჩარიცხვის შანსს მაინც კარგავენ იმიტომ, რომ პროგრამათა ჩამონათვალში ისეთი უნივერსიტეტები და პროგრამები უწერიათ, რომლებსაც აღნიშნული ქულა არ ჰყოფნის. ამიტომ, ეს დეტალი არ გამოგრჩეთ და თუ მინიმალური ქულა გაქვთ სხვადასხვა საგანში, უნივერსიტეტები და პროგრამები, კონკურენციის მიხედვით, კარგად შეარჩიეთ.
საპრეტენზიო განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ, კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტის გადანაწილება ხდება შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამისათვის.
თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.
საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დგება კოეფიციენტების შესაბამისად. მასში მითითებულია იმ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება. ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა ჩარიცხვის მიზნით უნდა მიმართონ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა საბოლოოდ მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.
თამარ იაკობაშვილი