გაუქმდება თუ არა ნაშრომი, თუ აბიტურიენტი შავ ფურცელზე სახელსა და გვარს დააწერს, რა უნდა გაითვალისწინოთ პასუხების ფურცელზე მუშაობისას და რა შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ საგამოცდო ბარათს დაკარგავთ ან დააზიანებთ - დეტალები - მშობლები

გაუქმდება თუ არა ნაშრომი, თუ აბიტურიენტი შავ ფურცელზე სახელსა და გვარს დააწერს, რა უნდა გაითვალისწინოთ პასუხების ფურცელზე მუშაობისას და რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ საგამოცდო ბარათს დაკარგავთ ან დააზიანებთ - დეტალები

2026-07-06 11:01:48+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტი უკვე შეასრულეს. დღეს ისინი გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ.

პარალელურად, აბიტურიენტები თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა ჯგუფში ერთმანეთს უზიარებენ. რამდენიმე მათგანი კი რჩევას ითხოვდა და ამბობდა, რომ ე.წ. შავ ფურცელზე საკუთარი სახელი და გვარი დაწერა, გარკვეული სიმბოლოები დახატა, ბევრჯერ გადაშალა ნაწერი... მათ აინტერესებდათ, ხომ არ გამოიწვევს ეს ნაშრომის გაუქმებს.

ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადავამოწმეთ, სადაც კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ე.წ. შავ ფურცელზე სახელისა და გვარის დატანა, სხვადასხვა სიმბოლოს დახატვა ნაშრომის გაუქმებას ვერ გამოიწვევს, რადგანაც სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და არა ე.წ. შავი ფურცელი.

რაც შეეხება პასუხების ფურცელს, ნაშრომი არ გასწორდება, თუ აბიტურიენტი პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ. არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ნაშრომი არ გასწორდება.

თუ შეიძლება გამოვცვალოთ პასუხების ფურცელი, ან მოვითხოვო შავი ფურცლების დამატება?

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, პასუხების ფურცელს შეგიცვლიან ახლით. შეცვლას ექვემდებარება, აგრეთვე, ხარვეზიანი პასუხების ფურცელი. თქვენ ასევე მოგაწვდიან ფურცელს შავი სამუშაოსთვის - საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ, მოითხოვოთ დამატება. გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, თუმცა ტესტირების დასრულებისთანავე თქვენ აბარებთ მეთვალყურეს ყველა ფურცელს, რომელზეც იმუშავეთ, მათ შორის ფურცლებს შავი სამუშაოსთვის და გადაცემის პროცესს ადასტურებთ ხელმოწერით შესაბამის უწყისში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხშირად აღელვებთ აბიტურიენტებს, საგამოცდო ბარათის დაკარგვა ან დაზიანებაა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, თუ აბიტურიენტი საგამოცდო ბარათს დაკარგავს ან დააზიანებს, იმდენჯერ შეუძლია, ამობეჭდვა და შემდეგ გამოცდაზე ახლის წარდგენა, რამდენჯერაც დასჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

თამარ იაკობაშვილი

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ ფიქრობს, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა წესები და რა უნდა გაითვალისწინოს ტესტირებისას, რომ გამოცდიდან არ მოიხსნას
რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? - 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო...