როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები და რა უნდა გაითვალისწინოს ტესტირების მიმდინარეობისას,, რომ გამოცდიდან არ მოიხსნას - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ ფიქრობს, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა წესები და რა უნდა გაითვალისწინოს ტესტირებისას, რომ გამოცდიდან არ მოიხსნას

2026-07-06 10:23:34+04:00

რამდენიმე თვის წინ აბიტურიენტებმა განახლებული ცნობარი მიიღეს, რომელშიც გარდა სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროგრამის შესახებ ინფორმაციისა, პროცედურების შესახებ ვრცელი განმარტებები წერია.

მათ შორისაა წესი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, როდესაც მიაჩნია, რომ გამოცდის მიმდინარეობისას მის მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები.

არსებული წესების მიხედვით, აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განცხადება) უნდა მიმართოს იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, სადაც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა, არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს.

რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა გამოცდის მიმდინარეობისას

წესების დაცვა მიზნად ისახავს გამოცდის მიმდინარეობისას აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნასა და აბიტურიენტთათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას.

  • აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით შესაბამის მისამართზე და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება!
  • რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე ერთი საათით ადრე (აბიტურიენტის ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო).
  • აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოსსაგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება – ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელზეც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
  • აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და, სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით).

გაითვალისწინეთ, რომ აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:

  • ლექსიკონის, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
  • წესრიგის უხეში დარღვევის, ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის, ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. განმეორებითი გაფრთხილების მიღების შემდეგ დამკვირვებელი ვალდებულია აბიტურიენტი მოხსნას გამოცდიდან.

რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა ტესტირების პროცესში

  • საგამოცდო სექტორში აბიტურიენტი მოძებნის მისთვის განკუთვნილ ადგილს;
  • მაგიდაზე, სადაც განთავსებულია კომპიუტერი, შეუძლია დადოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). წყალი პლასტმასის ბოთლით უნდა დადგას იატაკზე.
  • პასუხების ფურცლების დარიგებისას აბიტურიენტმა დაკვირვებით უნდა შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია - აგრეთვე, აღნიშნული გარემოება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს სექტორის უწყისში.
  • იმ შემთხვევაში თუ პასუხების ფურცელზე აღმოაჩენს ხარვეზს ან დაზიანებას, მას შეუცვლიან ახალი პასუხების ფურცლით.
  • პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი აბიტურიენტმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში.
  • ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ; საჭიროების შემთხვევაში, აბიტურიენტი მიმართავს დამკვირვებელს.
  • გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი აბიტურიენტებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა.

გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი დროზე ადრე დაასრულებს მუშაობას, მიმართავს დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით უნდა ჩააბაროს პასუხების ფურცელი, ასევე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცელი. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით დაადასტურებს სექტორის უწყისში, ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებს საგამოცდო სექტორს.

აბიტურიენტმა უნდა შეასრულოს დამკვირვებლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მითითება, მათ შორის, გადაწყვეტილება გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

შექმნილმა კომისიამ (რეგისტრირებულ ფუნქციონალური დარღვევის მქონე აბიტურიენტთა მიერ წარმოდგენილი ცნობების განხილვის თაობაზე შექმნილი კომისია) დროის დამატებასთან დაკავშირებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნაშრომი არ გასწორდება, თუ:

  • პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
  • აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
  • პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აბიტურიენტის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

გახსოვდეთ, არ შეიძლება:

  • პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
  • გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
  • დახმარების მცდელობა ან სხვა პირისგან დახმარების მიღება;
  • დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - პირველი დღის პირველი სესიის თემები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დაგვიანებული აბიტურიენტები და აუცილებელი წესები
რამდენმა აბიტურიენტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე? - 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19-ია სახელმწიფო...
ბევრი შემთხვევა ვიცი, ტაქსის მძღოლს გზა აერია და ბავშვი სხვა სკოლაში მიიყვანა - რატომ აგვიანებენ აბიტურიენტები გამოცდაზე ყველაზე ხშირად და რა შემთხვევაში შეიძლება, დამატებითი ტესტირების ჩატარება