ცნობილი მსახიობი, 4 შვილის დედა ნინო ლეჟავა ეკა ჩხეიძეს სტუმრობდა ტვ-პირველზე, პირველ სტუდიაში და გულახდილად ისაუბრა განვლილ წლებზე, დედობაზე, მეუღლეზე, პროფესიაზე და ა.შ.
- პირველ რიგში, დიდი ბაბუა, ანუ მამაჩემის დედის მამა, იყო ქუთაის-ბათუმის პირველი თეატრის მსახიობი კოტე მარჯანიშვილთან. ქუთაისიდან ჩამოვიდა თავის მეუღლესთან, ელენე აბაკელია-ცქვიტინიძესთან ერთად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუსკომედიის თეატრის მთავარი მკერავი და მოდელიორი იყო. მისი შეკერილია ისეთი სპექტაკლების კოსტიუმები, როგორიცაა „დავით გურამიშვილი“, „გიორგი სააკაძე“, „ქეთო და კოტე“. მახსოვს, როგორ ჰყვებოდა, რამდენი შრომა სჭირდებოდა ხორავას კოსტიუმების მოსაქარგად და შესაკერად.
დედაჩემს ფილოლოგიური ჰქონდა დამთავრებული, თუმცა ნაციონალური ცეკვების მოცეკვავე იყო. კერვაც შესანიშნავად ეხერხებოდა და ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ქალბატონ ლენას ეკითხებოდა რჩევებს, ის კი სიყვარულით ასწავლიდა. დღემდე მახსოვს, როგორ კერავდა დედა საკუთარი ხელით ეროვნულ კოსტიუმებს.

მამა ყველამ იცის (ცნობილი მსახიობი გია ლეჟავა - რედ.)...

ბებია და მამიდა მუსიკოსები იყვნენ, ფორტეპიანოს მიმართულებით. ბიძა, გელა ლეჟავა, მამაჩემის ძმა, ასევე მუსიკოსი იყო. სწორედ მან დააარსა რადიოში „პიკის საათი“ და „ჯაზის საათი“. ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული.
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გზა მხოლოდ წინაპრებმა განსაზღვრეს. მახსოვს, ბავშვობაში ფილმს რომ ვნახავდი, მაშინვე ვიწყებდი მისი სცენების გათამაშებას. ერთი სული მქონდა, დიდ ბებიასთან სამსახურში წავსულიყავი, რადგან ყველაზე პატარა ფეხი ჰქონდა და მისი ფეხსაცმელი ყველაზე კარგად მერგებოდა. სარკის წინ ვიდექი, მის ძველ შლაპებს ვირგებდი, ჩუმად „ვიპარავდი“ ლორნეტს და ძველ ფილმებს ვაცოცხლებდი.

წლები ვცეკვავდი „სუხიშვილების“ დუბლ ანსამბლში და საერთო ჯამში 16 წელი ვიცეკვე.
...ვიცი, რომ ჩემგან არაჩვეულებრივი ექიმიც დადგებოდა, მაგრამ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ჩემი სფერო არ იყო. სურვილი ნამდვილად მქონდა. იმდენად მაინტერესებდა მედიცინა, რომ სკოლის დამთავრების პერიოდში ნაცნობების დახმარებით მეშვიდე საავადმყოფოში დავდიოდი და ოპერაციებს ვესწრებოდი...
ნანახი მაქვს ბრმა ნაწლავის, ჩიყვის, ნაღვლის ბუშტის ოპერაციები და ამ ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი. განსაკუთრებით კი ის მანიჭებდა ბედნიერებას, რომ ვეძებდი ყველაზე უპატრონო ავადმყოფებს, ვესაუბრებოდი, ვუვლიდი, რაც სჭირდებოდათ, ვუსრულებდი. ვიღაცას ლიმონი უნდოდა და მიმქონდა, ვიღაცას მოსაუბრე სჭირდებოდა. ეს მართლა მაბედნიერებდა.
მივხვდი, რომ კარგი ექიმი ვიქნებოდი, სწავლა რომ არ დამზარებოდა... სინამდვილეში კი საქმე სიზარმაცეში არ იყო — უბრალოდ ზუსტი მეცნიერებები არ მესმოდა. მხოლოდ პრაქტიკული ცოდნით კი ექიმი ვერ გახდები, ამიტომ იქ უნდა წახვიდე, სადაც ნამდვილად შენი ადგილი არის.
ერთ რამეს ყოველთვის ვცდილობ და ამას ჩემს შვილებსაც ვასწავლი: ისე იცხოვრეთ, რომ არასოდეს შეგრცხვეთ ერთმანეთის. თქვენ არ უნდა შეგრცხვეთ იმის თქმა, რომ ჩემი შვილები ხართ, და მე არასოდეს უნდა შემრცხვეს იმის თქმა, რომ თქვენი დედა ვარ.
როცა აღარ ვიქნები, ერთადერთი, რასაც დავტოვებ, ჩემი სახელი იქნება. ვერაფერს წავიღებ და მილიონებსაც ვერ დაგიტოვებთ. თუ ჩემს შრომით კიდევ ერთხელ შევიძენ საკუთარ სახლს, ეს, რა თქმა უნდა, შვილებისთვის იქნება, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია. ყველაზე მთავარი ღირსება, ადამიანობა და პატიოსნებაა. ეცადეთ, ისე იცხოვროთ, რომ თქვენი შვილებისთვისაც საამაყო ადამიანები იყოთ და კარგი სახელი დატოვოთ...
მე, პირველ რიგში, შვილების და მეუღლის მეგობარი ვარ. მგონია, რომ დღევანდელ ოჯახებს ყველაზე მეტად ერთმანეთის მოსმენა აკლიათ — არა უბრალოდ ყურით, არამედ გულის ყურით. უნდა დავინტერესდეთ, რა აწუხებთ ჩვენს შვილებს, რატომ არიან ჩაკეტილები, ხომ არ არიან ბულინგის მსხვერპლი. ამ თაობას სჭირდება ადამიანი, რომელიც მოუსმენს, სწორ რჩევას მისცემს და გვერდში დაუდგება.
ვცდილობ, შვილებისთვის მეგობარი ვიყო, თუმცა ზღვარი ყოველთვის არსებობს — მე მათი დედა ვარ.


...ჩემი ბავშვობის სახლი დავკარგე. ხელფასები გაიყინა, ვეღარ გადავიხადე, გადანაწილების საშუალებაც არ მომცეს და იძულებული გავხდი, ბინა დამეთმო. ეს ჩემს ცხოვრებაში 14-წლიანი უკუსვლა იყო. მაშინაც და ახლაც მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი. დღეს მეუღლის ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ როცა ჩემი ძველი სახლის ფანჯარას ავხედავ, ყოველთვის მგონია, რომ დედა იქიდან ისევ ხელს მიქნევს...
მივხვდი, რომ ეს ჩემი გამოცდა იყო. ცხოვრებაში ზოგჯერ ერთი კარი იკეტება, მაგრამ აუცილებლად გაიღება მეორე. არტისტის ცხოვრებაში ხშირად ან კარიერა მოდის პირველ ადგილზე, ან ოჯახი. მე საკუთარ თავს დავპირდი, რომ ორივეს დავაბალანსებდი. მჯერა, რომ ყველაფერი მიზეზით ხდება. თუ სამყარო განსაცდელს გიგზავნის, ესე იგი რაღაც უნდა ისწავლო ან რაღაც გამოასწორო.
...ყველაზე დიდი სასწაული ჩემი მეოთხე შვილის დაბადება იყო. ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რომ ორსულობა შემეწყვიტა — ახლობლებიც, მეგობრებიც. მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია ამაზე. ვთქვი: თუ ღმერთს უნდა, რომ ეს ბავშვი გაჩნდეს, აუცილებლად მისცემს თავის ლუკმასაც.
ორსულობის მეექვსე თვეში მამა გარდამეცვალა, ბავშვი კი გიორგობას დაიბადა... მესამე საკეისრო კვეთის შემდეგ მილებიც გადაკეტილი მქონდა და ექიმების თქმით, ეს ორსულობა საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მჯერა, რომ ეს ბავშვი აუცილებლად უნდა გაჩენილიყო. მას გიორგი ჰქვია. ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და იღბალი მისცეს...
რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ღვთის ნებას ვერავინ შეცვლის. ესეც ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი გამოცდა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ.
სად აღარ მიმუშავია, თეატრის პარალელურად... ნიკუშა მაშინ ორი წლისაც არ იყო, როცა თეატრ „ძველ სახლში“ ვმუშაობდი. ასე ერქვა ბატონ სანდრო მრევლიშვილის, ყოფილი მეტეხის თეატრს. ძალიან მძიმე პერიოდი იყო — 90-იანი წლები. ხელფასი 23 ლარი მქონდა და ამ თანხით ოჯახის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. პირველი ოჯახიც სწორედ მაშინ დამენგრა. ყველაფერი ძალიან რთულად მიდიოდა.
უნივერსიტეტის პირდაპირ პატარა კაფე იყო, სამი პატარა მაგიდით, სადაც ძირითადად სტუდენტები დადიოდნენ. იქ ჩემი მეგობარი მუშაობდა მიმტანად და ცვლაში შემცვლელი სჭირდებოდათ. მუშაობა დავიწყე. დღეში 50 ლარს ვიღებდი და იმ ფულით ოჯახს ვინახავდი. მაშინ ამ თანხას სულ სხვა ფასი ჰქონდა.
ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ ვინმემ შემიცოდოს. პირიქით, მინდა გავიხსენო, რა იყო და რა არის დღეს. მინდა ადამიანებს ვუთხრა: არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი. ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ამიტომ ვყვები ამ ისტორიას — არ იტიროთ, იბრძოლეთ.
შემდეგ ზოომაღაზიაშიც ვიმუშავე, რთველშიც ვკრეფდი ყურძენს. შრომა არასოდეს მითაკილია. ვფიქრობ, ეს თვისება დედისგან გამომყვა. დედას ორი დიპლომი ჰქონდა — პედაგოგიური და ფილოლოგიური. მოცეკვავეც იყო, მაგრამ როცა ოჯახს დასჭირდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კაფეებში ხაჭაპურის ცომს ზელდა. ხელები და მაჯებიც კი სტკიოდა ამ შრომისგან.
მამაჩემი ამას ძალიან განიცდიდა, მე კი ვუთხარი: შეიძლება განიცადო, რომ იღლება, მაგრამ ჩემთვის ამით კიდევ უფრო დიდი ადამიანი გახდა. არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი. ვიფიქრე — რა ძლიერი ქალია და რა ბედნიერებაა, რომ მას ვგავარ...
უსუსური არ უნდა იყო. სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო. თუ ვიღაცას სჭირდები, თუ შენი საქმე ვინმესთვის მნიშვნელოვანია, ეს უკვე ბედნიერებაა.
ალბათ იმიტომ ვართ მე და ჩემი მეუღლე დღემდე ერთად, რომ მე ასე მინდა (ნინოს მეუღლე რეჟისორი გოგა ქაჩიბაია გახლავთ - რედ.). რაც არ მინდა, ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ადამიანობა, ღირსება, კეთილშობილება, სიკეთე და ნდობაა. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს პლუსებიც და მინუსებიც, მაგრამ ეს პლუსები ბევრად გადაწონის.

მე ძალიან ფიცხი ვარ, ის — უფრო მშვიდი. ძალიან ნაკითხი და განათლებულია. სწორედ ამიტომ ვაბალანსებთ ერთმანეთს. ხშირად ვკამათობთ კიდეც შემოქმედებით საკითხებზე, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის სწორ დასკვნამდე მივდივართ...
ერთ რამეს ყოველთვის ვეუბნები — რეჟისორმა არ უნდა აკავოს საკუთარი ცოლი, როგორც მსახიობი. სხვა მსახიობებთან მუშაობით თავადაც უფრო გაიზრდება, როგორც რეჟისორი, და არც არავინ იტყვის, რომ ცოლს განსაკუთრებულ პირობებს უქმნის.
დღეს ჩვენ ორივე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობთ — ის რეჟისორია, მე მსახიობი. უკვე არაერთი სპექტაკლი ყოფილა, სადაც საერთოდ არ ვყოფილვარ დაკავებული, და ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ რეჟისორის ცოლი კი არა, დამოუკიდებელი მსახიობი ვარ.
ერთხელ რეპეტიციაზე მითხრა: „ყავა გამიკეთეო“. მაშინვე ვუპასუხე: „აქ შენი ცოლი არ ვარ, აქ მსახიობი ვარ. სახლში სიამოვნებით გაგიკეთებ ყავას, აქ კი ასისტენტმა მოგიტანოს...“
ჩვენს ოჯახში თავიდანვე ერთი შეთანხმება გვქონდა — თუ ოდესმე სიყვარული დასრულდება და სხვა ადამიანი გამოჩნდება, სჯობს სიმართლე მითხრას. გულწრფელობისთვის მადლობასაც კი გადავუხდი და მშვიდად გავუშვებ. ცხოვრება ყველაფერს იტევს, მაგრამ ტყუილსა და უპატივცემულობას — არა.
კი, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემ თვალწინ ჩემს მეუღლესთან ჩემი საუკეთესო მეგობარი ფლირტაობდა. მივხვდი, რომ ეს ჩემ მიმართ წყენის გამოხატულება იყო. მე კი მშვიდად ვუთხარი ჩემს ქმარს: „გვიანია, გააცილე სახლამდე.“ სწორედ ეს იყო ჩემი პასუხი — მე მას სრულად ვენდობი. თუ ოდესმე რამე მოხდება, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობა იქნება.
იმ მეგობართან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დასრულდა. დღესაც შეხვედრისას ჩვეულებრივ ვესალმები, მაგრამ მან დღემდე არ იცის, რატომ შევწყვიტე მასთან ურთიერთობა. ალბათ ამ ინტერვიუდან გაიგებს...
...ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა მქონდა მიშა ზაქარიშვილთან (ნინოს ყოფილი მეუღლე და მისი პირველი შვილის მამა კომპოზიტორი მიშა ზაქარეიშვილია - რედ.) და დღესაც ვთანამშრომლობ. პირადი ურთიერთობები არასოდეს უნდა გახდეს ადამიანის ნიჭის დაფასების ხელისშემშლელი. ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი შვილის მამაა და რატომ უნდა არ მიხაროდეს მისი წარმატება? ჩვენ შორის დღესაც ცივილური და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
მის სოლო კონცერტებზე ვცეკვავდი, ზოგჯერ დუეტებსაც ვასრულებდით. პირველი დიდი კონცერტი „მალე გაზაფხული მოვა“ იყო, რომლის პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. მაშინ ამიხდა ოცნება — პირველად დავდგი ფეხი იმ სცენაზე. თუმცა ერთი აუხდენელი ოცნება მაინც დამრჩა — მამაჩემთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ის ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ ეს ვერ მოვასწარი...

