35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და 5 თვის შემდეგ, გარდაიცვალა. ნინო ჰოლანდიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და აგვისტოში ქორწილს გეგმავდა, ბათუმში. საქართველოში დედის სანახავად ჩამოვიდა და აქ მყოფმა, 12 იანვარს, საშვილოსნოზე პოლიპის მოწვა გადაწყვიტა... თუმცა ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, რომელიც პირველ სამშობიაროში ჩატარდა, ტრაგიკულად დასრულდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ნინოს დაკრძალვას დაესწრო და მის ახლობლებს ესაუბრა. ახლობლებმა საქორწილო კაბით დაკრძალეს. ამბობენ, რომ ისე იყო შეცვლილი ამდენთვიანი კომისგან და სამედიცინო ჩარევებისგან, მისი ცნობა გაუჭირდათ. დაკრძალვაზე აღარ ჩამოვიდა მისი მეუღლე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მის გვერდით იყო და მისი გადარჩენისთვის იბრძოდა. თქვა, რომ სურდა ნინო ისეთი დაეხამხსოვრებინა, როგორიც უყვარდა...
ოჯახის წევრები არ აპირებენ გაჩერებას. ისინი ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზიაშეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მუჯირის ახლობლების ინფორმაციით, მიზეზი სეფსისი გახდა. მათივე თქმით, ოპერაციამდე წინა დღეებში ნინოს ვირუსის სიმპტომეი ჰქონდა, ცხელების ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა ოპერაცია მაინც ჩატარდა...
- თეთრი კაბა და თეთრი ტუფლები ჩააცვეს მულებმა და დედამთილმა... ჩემი ანგელოზი შვილი საღ-სალამათი მივიდა, ჯანმრთელი და ორი ცალი პოლიპის გამო რა უქნეს, რა ინფექცია შეუჭრეს და გადაფარეს მერე, გააყალბეს... ლუგარსაც მოეთხოვება პასუხი!