მექანიკური წნევის აპარატი უფრო ზუსტად ზომავს თუ ელექტრონული — რომელი უფრო სანდოა და რა შემთხვევაში? - მშობლები

მექანიკური წნევის აპარატი უფრო ზუსტად ზომავს თუ ელექტრონული — რომელი უფრო სანდოა და რა შემთხვევაში?

2026-07-11 13:46:47+04:00

სახლის პირობებში წნევის კონტროლი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა, აფთიაქში შესვლისას ხშირად ვდგებით დილემის წინაშე: რომელი აპარატი ავირჩიოთ — ძველი, ნაცადი მექანიკური (ბუშტითა და ფონენდოსკოპით) თუ თანამედროვე ელექტრონული?

რა განსხვავებაა მათ შორის, რომელი უფრო ზუსტია და რა სიტუაციაში რომელი ჯობია გამოვიყენოთ.

მექანიკური წნევის აპარატი

ეს არის კლასიკური აპარატი, რომელსაც ექიმების უმრავლესობა იყენებს. წნევის გასაზომად ჰაერს ხელით ვტუმბავთ და პულსაციას ფონენდოსკოპით (ყურსასმენით) ვუსმენთ.

  • სანდოობა: უმაღლესი. სათანადო გამოყენების შემთხვევაში, მექანიკური აპარატი ყველაზე ზუსტ შედეგს იძლევა. მასზე არ მოქმედებს პაციენტის არითმია ან ხელის უნებლიე მოძრაობა.

  • პლუსები: ძალიან გამძლეა, არ სჭირდება ელემენტები და ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისით.

  • მინუსები: მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და კარგ სმენას. ადამიანს უჭირს სახლში, დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ამ აპარატით საკუთარი წნევის ზუსტად გაზომვა. გარდა ამისა, როცა წნევას თავად იზომავთ,როდესაც ბუშტს ბერავთ, კუნთები მუშაობს, გული იწყებს უფრო სწრაფად ცემას, ენერგიას ხარჯავთ და ორგანიზმი მცირე ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. ეს ფიზიკური ძალისხმევა კი მომენტალურად წევს წნევას მაღლა.შედეგად, აპარატი აჩვენებს არა რეალურ, მოსვენებული მდგომარეობის წნევას, არამედ იმ მომენტში ფიზიკური მუშაობით ხელოვნურად გაზრდილ ციფრებს.

    სწორედ ამიტომ მექანიკური აპარატით წნევა ყოველთვის სხვამ უნდა გაგიზომოთ. თუ თავად გიწევთ გაზომვა, მაშინ ელექტრონული აპარატი გირჩევნიათ.

ელექტრონული წნევის აპარატი

თანამედროვე ციფრული მოწყობილობა, რომელიც ღილაკზე ერთი თითის დაჭერით თავად ტუმბავს ჰაერს და ეკრანზე მზა ციფრებს გამოსახავს.

  • სანდოობა: მაღალი, თუმცა მგრძნობიარე. ხარისხიანი ელექტრონული აპარატები ძალიან ზუსტია, მაგრამ მათი ჩვენება დამოკიდებულია წესების მკაცრ დაცვაზე. გაზომვის დროს საუბარი, მოძრაობა ან მანჟეტის არასწორად დადება ცდომილებას იწვევს.

  • პლუსები: უმარტივესია გამოსაყენებლად. იდეალურია დამოუკიდებლად გაზომვისთვის. გარდა წნევისა, აჩვენებს პულსს და ხშირად აქვს არითმიის ამომცნობი ფუნქციაც.

  • მინუსები: ელემენტების ჯდომისას შესაძლოა არასწორი ციფრები აჩვენოს. ასევე, იაფფასიანი მოდელები ხშირად ცდებიან ძლიერი არითმიის დროს.

რა დროს რომელი ჯობია?

მარტოხელა ან ხანდაზმული ადამიანებისთვის, თუ წნევის გაზომვა დამოუკიდებლად უწევთ, საუკეთესო არჩევანი ელექტრონული აპარატია. ამ დროს არ გჭირდებათ სხვისი დახმარება, სმენის დაძაბვა და ისრების დევნა. ციფრები ეკრანზე დიდია და გარკვევით ჩანს.

არითმიის მქონე პირებისთვის ასეთ სიტუაციაში მექანიკური აპარატი ჯობია, ან სპეციალური ელექტრონული მოდელი, რომელსაც არითმიის ფილტრი აქვს. ჩვეულებრივი ელექტრონული აპარატები არითმიის დროს ხშირად იბნევიან, ვერ აღიქვამენ გულის არათანაბარ დარტყმებს და არასწორ ციფრებს აჩვენებენ. მექანიკურ აპარატს ეს პრობლემა არ აქვს და ზუსტ შედეგს გაჩვენებთ.

ახალგაზრდებისა და სპორტსმენებისთვის მათთვის ძალიან მოსახერხებელია ელექტრონული მაჯის აპარატი. ის იდეალურია მგზავრობისას, ვარჯიშის დროს და სწრაფი, ზედაპირული კონტროლისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მკლავის აპარატი მაინც ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მაჯის.

თუ სახლში გყავთ ოჯახის წევრი, ვინც ფონენდოსკოპით წნევის გაზომვა კარგად იცის, მექანიკური აპარატი საუკეთესო ეტალონია. ის გამოგადგებათ როგორც ძირითადი საზომი, ისე ელექტრონული აპარატის ჩვენებების გადასამოწმებლად.

ოქროს წესი ზუსტი ჩვენებისთვის:

თუ ელექტრონულ აპარატს იყენებთ, ყოველთვის შეიძინეთ მკლავზე მოსაჭერი მოდელი — ის გაცილებით უფრო ზუსტია. გაზომვამდე 5 წუთი დაისვენეთ, დაჯექით სწორად, ნუ იმოძრავებთ და ნუ ილაპარაკებთ. ელემენტები კი ყოველთვის დროულად გამოცვალეთ! ასევე გახსოვდეთ, რომ პირველ ჯერზე გაზომილი წნევა ჯერ კიდევ არ არის ობიექტური. 2-3 წუთის შუალედით მეორედაც გაიზომეთ და შედეგი უფრო ზუსტი იქნება.

შეიძლება ადამიანს გულიც კი გაუჩეროს - რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს წნევის წამალს
როდის აჩვენებს წნევის აპარატი ცრუ დაბალ ან ცრუ მაღალ წნევას: წარამარა ზედმეტად გაბერვა არტერიასაც აზიანებს