ჯანმრთელობის მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი რეგულარული კონტროლია. ხშირად სერიოზული გართულებების თავიდან აცილება ელემენტარული, საბაზისო კვლევებით არის შესაძლებელი, რასაც მედიცინაში ადრეული დიაგნოსტიკა ჰქვია.
კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი, ირაკლი მიქაძე გვიზიარებს იმ აუცილებელ ლაბორატორიული კვლევების მინიმუმს, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაამოწმოს, რათა დაიცვას საკუთარი ორგანიზმი და თავიდან აიცილოს კლიკაში მკურნალობა.
„ახლა გირჩევთ რამდენიმე ლაბორატორიულ კვლევას, რომელსაც თუ წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, ისე, უბრალოდ პროფილაქტიკისთვის, ძალიან ბევრი პრობლემისგან იქნებით დაცული, აირიდებთ და თუ რაიმეა აღმოსაჩენი, ადრეულ, საწყის ფაზაში აღმოაჩენთ და სტაციონარიზაციას და დიდ გართულებებს თავიდან აიცილებთ შესაბამისად.
მაშ ასე:
სისხლის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი
ლიპიდური პროფილი (რომელიც ასევე სისხლის ანალიზში შედის)
კრეატინინი
ALT და AST
უზმოდ გლუკოზა
არ არის რთული და მხოლოდ ამ ანალიზებით ძალიან ბევრ რაიმეს გაიგებთ. თუ სადმე რომელიმეში გადახრა იქნება, შემდეგ აჩვენებთ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმი უკვე გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
ელემენტარულია, დამერწმუნეთ, ამ ანალიზების გაკეთება ძვირი არ ღირს. მინიმუმ, ფინანსური თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, ძალიან მომგებიანია, იმიტომ რომ ადრეულ პერიოდში ხდება რაღაც-რაღაცების გამოკვლევა და გამორკვევა. ეს არის ბაზისი. არის სხვა კვლევებიც, სხვა ანალიზებიც, რომელიც სხვადასხვა დროს აუცილებელია გაიკეთოთ, მაგრამ ეს არის მინიმუმი,“ - ამბობს ირაკლი მიქაძე.