17 წლის ბიჭი მშობლებს თავს დაესხა დედის ფეისბუქ-სტატუსების გამო... - თავდასხმას 37 წლის ქალი ემსხვერპლა - მშობლები

17 წლის ბიჭი მშობლებს თავს დაესხა დედის ფეისბუქ-სტატუსების გამო... - თავდასხმას 37 წლის ქალი ემსხვერპლა

2026-07-12 00:55:55+04:00

ტრაგედია 2026 წლის 5 ივლისს, კვირა საღამოს მოხდა ალაბამის შტატის ბალდუინის ოლქში, ქალაქ დაფნეს მახლობლად, ბეიკერების სახლში. გამომძიებლების ინფორმაციით, ოჯახში კამათი დაიწყო, რის შემდეგაც 17 წლის ბიჭი, ბრენდონ ბეიკერი, სავარაუდოდ, დანით თავს დაესხა მშობლებს. დედა, 37 წლის სამანტა ბეიკერი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა, 46 წლის ლენს ბეიკერი, მძიმე ჭრილობებით გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრენდონ ბეიკერს სრულწლოვნის სტატუსით წაუყენეს ბრალი მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში...

რა უძღოდა წინ დანაშაულს

ლენს ბეიკერი აშშ-ის არმიის რეზერვის ბატალიონის მეთაურია. სამანტა ბეიკერი უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა და სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა არ ყოფილა ცნობილი ინფლუენსერი. წყვილს ორი ვაჟი ჰყავდა. თავდასხმაში ბრალდებულია უფროსი, 17 წლის ბრენდონი, ხოლო უმცროსი შვილი, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

2024-samantha-baker-37-46-133808422-e8c791-1783843110.webp

რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, მეზობელმა განაცხადა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ოჯახში ხმამაღალი კამათი იყო იმის გამო, რომ დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებდა პოსტებს, რომლებიც ვაჟს დამამცირებლად ან შეურაცხმყოფელად მიაჩნდა. იმავე ცნობებით, სამანტა ამბობდა, რომ ეს პოსტები კონკრეტულად მის შვილზე არ იყო მიმართული, თუმცა კამათი გაგრძელდა. და სავარაუდოდ, ეს არ იყო პირველი კამათი ამ თემაზე.

მედიამ მოიძია სამანტას საჯარო პოსტების ნაწილი. სამანტა ხშირად წერდა, რამდენად რთულია თინეიჯერი შვილების დედობა და ასევე ხშირად ახსენებდა, რომ "რბილი აღზრდის" მეთოდი მის შვილებთან არ ჭრიდა.

შვილის დაბადების დღის მილოცვის პოსტში წერდა, რომ ის "შესანიშნავი ადამიანია", მაგრამ ამავე დროს "სისხლს მიდუღებს" თავისი ხასიათით.

brandon-baker-alabama-teen-accused-133812303-1783843110.webp

ფეხბურთის ვარჯიშის შემდეგ ხუმრობდა, რომ შვილს "ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა". "მიყვარს ფეხბურთელის დედობა, მაგრამ არ მიყვარს, როგორი სუნიც ასდით... თუმცა მძიმე შრომა ნამდვილად ყარს..." ასევე გაზიარებული ჰქონდა მემი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთი იყო: "რბილი აღზრდა მშვიდი ბავშვებისთვისაა, დანარჩენებს სიცოცხლისთვის ბრძოლა გვიწევს იმ პატარა ხულიგნებთან, რომლებიც თავად აღვზარდეთ." "თინეიჯერი ბიჭის აღზრდა 0-ია 10-დან. არ გირჩევთ".

ამ პოსტების ნაწილი ბევრმა მშობლის ჩვეულებრივ იუმორად აღიქვა, ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ისინი მართლაც მოზარდის საჯარო დამცირება იყო.

თავდასხმა

მეზობლის თქმით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე დედასა და შვილს სწორედ Facebook-ის პოსტებზე ხმამაღალი კამათი ჰქონდათ. სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. მერე კი კამერებზე ჩანს, როგორ გამოვარდა დასისხლიანებული მამა, რომელიც ხმამაღლა ყვირის: "არ მომკლა".

ბრენდონი ჯერ დედას დაესხა თავს, მერე მამას მიაყენა ჭრილობები და ბოლოს თავად დარეკა სასწრაფოში და თქვა, რომ მან დედა მოკლა და არ იცის, მამა ცოცხალია თუ არა...

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდონი 17 წლისაა, მას სრულწლოვნის სტატუსით ასამართლებენ. მას წარდგენილი აქვს ორი ძირითადი ბრალდება: მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა. სასამართლომ მას 1 მილიონი დოლარის გირაო დაუწესა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ საქმე სასამართლომდე პატიმრობაში დარჩენის მაღალი ალბათობით მიმდინარეობს.

სასჯელი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მუხლით დამტკიცდება ბრალდება და იქნება თუ არა საპროცესო შეთანხმება. მკვლელობისთვის სასჯელი, ალაბამის შტატში, შეიძლება იყოს 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე...

ამჟამად საქმე ჯერ გამოძიებისა და წინასასამართლო განხილვის ეტაპზეა და საბოლოო სასჯელზე საუბარი ნაადრევია. ოფიციალურად ჯერ არც მოტივი დაუდგენიათ საბოლოოდ — სამართალდამცავები კვლავ იკვლევენ, რა გახდა თავდასხმის უშუალო მიზეზი. საჯარო ინფორმაციით, ოჯახი გარედან საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მორწმუნე ოჯახად ახასიათებდნენ. ხშირად აქვეყნებდნენ ოჯახურ ფოტოებს, სკოლისა და სპორტული ღონისძიებების კადრებს. სამანტას კოლეგები მას თბილ და ენერგიულ ადამიანად იხსენებენ. თუმცა, სოციალური ქსელები და გარეგნული შთაბეჭდილება იშვიათად ასახავს რეალობას. ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც სისტემურ ძალადობას, ფსიქიკურ დაავადებას ან სხვა ხანგრძლივ პრობლემას დაადასტურებდა. გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს...

17 წლის გოგონა საიდუმლო თაყვანისმცემლის მიერ გაგზავნილ მოწამლულ ტორტს ემსხვერპლა... - მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა მისმა თანატოლმა გამაოგნებელი ჩვენება მისცა
დედა ქალიშვილს ანონიმურად უგზავნიდა მუქარის შემცველ, დამამცირებელ მესიჯებს და თვითმკვლელობისკენაც მოუწოდებდა - მიზეზად შვილის შეყვარებულის მიმართ სიმპათიებიც დასახელდა