ცნობილმა მომღერალმა და მუსიკათმცოდნემ თამრიკო ჭოხონელიძემ, ექიმ კოტე მათითაშვილის პოდკასტში სტუმრობისას ღიად ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, როდესაც ძლიერი სტრესის ფონზე ჯანმრთელობისა და წონის პრობლემებს შეეჯახა. მან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ იმოქმედა ემოციურმა ფონმა მის ორგანიზმზე, ჰორმონალურ ბალანსსა და ფარისებრ ჯირკვალზე.
გთავაზობთ მის ციტატას ამ გადაცემიდან:
„ვისაც ჩემი ბავშვობა ახსოვს ეკრანზე, ვარ ერთი ძალიან გამხდარი ბავშვი,ჩხირებზე ვდგავარ. არც მერე, სხვათა შორის, არც სკოლის პერიოდში, არც სტუდენტობის პერიოდში [არ მომიმატია]. მერე უკვე, როდესაც დავოჯახდი... ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი სტრესი და აი ამ სტრესის დროს ვგრძნობ, რომ აი პროცესში რაღაც დღეები გადის და ვხედავ, რომ ვფუდები, კი არ ვსუქდები, რაღაც ხდება და აღარაფერში ვეტევი. ორი კვირის მერე იმატებს და იმატებს, თან ვიწონები და წონაც იმატებს.
მივედი რამდენიმე ექიმთან და დიეტას მინიშნავდნენ. ვეუბნებოდი, რომ მე პირის ამოსაკერად არ ვარ აქ მოსული, იმიტომ რომ ისევ ისე ვიკვებები ზუსტად, უბრალოდ რაღაც ხდება ჩემს ორგანიზმში ისეთი, რომელსაც მე ვეღარ ვაკავებ. ზუსტად დავითვალე - თვე და 28 დღე, 21 კილო მქონდა მომატებული.
ეს იყო რაღაცა კატასტროფა, მაგრამ იმ პერიოდში საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერ დავიკელი, ვშიმშილობდი, ათასნაირ დიეტას ვიცავდი – არაფერი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარღვევა იყო, აი ძალიან... ფარისებურის პრობლემა. ვარ ჰორმონზე უკვე რამდენი წელიწადია, დიდი ხანია. და აი რაღაც პერიოდულობით, სხვათა შორის, სულ ვუკავშირებ გადაღლას.. სტრესი მაქვს ან რაღაც და აუცილებლად მემატება წონა, აუცილებლად.
ზუსტად ეს მინდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კვება არ იცვლება ნამდვილად, თავს ხომ არ მოვიტყუებ, აი ზუსტად ისევე ვიკვებები. ხანდახან თვითონ დავიკლებ, მერე მოვიმატებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაქვს რაღაც ნერვიული ფონი. ძალიან მიშლის ხელს, ძალიან.
და ერთიც ეხლა უნდა ვაღიარო, ამ დროს როდესაც სტრესი მაქვს, ალბათ ამაშიც ვუწყობ ხელს – არარეჟიმულობა. ყველაფერი ირღვევა და კვების რეჟიმიც ირღვევა. შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არც მომშივდეს უბრალოდ, მაგრამ მერე ღამე, ძილის წინ... რომელიც ნამდვილად ძალიან ცუდად მოქმედებს. ასე რომ ეხლაც ვიბრძვი, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის,“ - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.