იმის გასაგებად, თუ როგორ აღწევს ადამიანი ყველაზე ბნელ და სასტიკ საზღვარს, ხანდახან მისი ცხოვრების პირველი 10 წლის გაცნობაც საკმარისია...
პოსტსამჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავის, სერიული მკვლელის, რომელიც მამაკაცებს კლავდა, ილშატ (ხშირად მას იგორს ეძახდნენ) კუზიკოვის ისტორია 1960 წლის 27 თებერვალს, ტაჯიკეთის ქალაქ ლენინაბადში დაიწყო. მას საკმაოდ ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა, რამაც მისი მომავალი განსაზღვრა...
მისი ოჯახი მუდმივ შიშში ცხოვრობდა. მამა, ზაკირია კუზიკოვი, სასტიკი ტირანი იყო, რომელიც ცოლსა და შვილებს სცემდა. კაცი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ფიზიკური შეურაცხყოფა ილშატის დაბადებამდე, დედის ორსულობის პერიოდშივე დაიწყო. ბავშვები განრისხებულ მამას ხშირად მეზობლებთან ემალებოდნენ. მათთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი სკოლა იყო - იქ, სულ მცირე, აჭმევდნენ მაინც...
1971 წელს, როდესაც ბიჭი 11 წლის იყო, მისი ცხოვრება "წარსულად" და "მომავლად" გაიყო. კაცმა ცოლი ღალატში დაადანაშაულა. მძვინვარების შემოტევისას კი ნაჯახს სტაცა ხელი და შვილების თვალწინ მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. იმ მომენტში ილშატმა მხოლოდ უმცროსი ძმისთვის სახეზე ხელის აფარება და სიტყვების - "არ შეხედო, არ შეხედო" - გამეორება მოასწრო.
დედის დაღუპვისა და მამის დაპატიმრების შემდეგ, ძმები ლენინგრადში დეიდამ წაიყვანა. თუმცა, ტრავმა არსად გამქრალა. ილშატს სისხლის დანახვაზე შიშის გრძნობა გაუქრა, ადამიანის სიცოცხლე კი მას რაღაც წარმავალ მოვლენად ეჩვენებოდა. ქირურგიისა და ადამიანის სხეულის ანატომიის მიმართ მანიაკური ინტერესი განუვითარდა. ექიმობაზეც ოცნებობდა, თუმცა ექიმებმა მას პროგრესირებადი შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და სწავლისუუნაროდ ცნეს, ამიტომ მედიცინის მიმართულებით სწავლა ვერ გააგრძელა.
მძიმე დაავადებასთან შერწყმული ბავშვობის ტრაგედია ილშატისთვის განსაკუთრებით რთული აღმოაჩნდა და ის სწორედ ამან აქცია ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დამნაშავედ…

როგორც აღვნიშნეთ, კუზიკოვი სამედიცინო განათლების მიღებასა და ქირურგის პროფესიის დაუფლებას გეგმავდა. თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასკოლო წლებში სწავლის უნარი სრულად დაკარგა. ამის გამო, 1975 წელს, საშუალო სკოლის 8 კლასის დასრულების შემდეგ, იძულებული გახდა ლენინგრადის ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში ჩაებარებინა. სასწავლებელი მან 1979 წელს, ელექტროშემდუღებლის სპეციალობით დაასრულა.
1980 წელს საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. კუზიკოვი სამხედრო სამსახურს ვიბორგის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გადიოდა. 1981 წელს თანამებრძოლს თავს დაესხა. თავდასხმის დროს მას ქანჩის გასაღებით ქალას შიდა ტრავმა მიაყენა. დაკავების შემდეგ კუზიკოვი სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. შემოწმების შედეგად მას შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. ამის საფუძველზე, კუზიკოვი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, 1982 წლის ბოლოს, იგი ლენინგრადში დაბრუნდა. მას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის სტატუსი მიენიჭა და სოციალური პენსია დაენიშნა.
როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა, კუზიკოვმა სახელმწიფოსგან ცალკე ბინა და ტელეფონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ლენინგრადის მოსახლეობის 43 პროცენტი კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა და ტელეფონის დასადგმელად რიგში წლობით იდგა. მიუხედავად ამისა, კუზიკოვმა სოციალურად ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება ვერ შეძლო. 1982 წლიდან ალკოჰოლური სასმელების მიღება დაიწყო. რის გამოც, 1980-იანი წლების ბოლოს, მას ალკოჰოლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. რაიონულ ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფი ილშატი, ყოველწლიურად მკურნალობის კურსს გადიოდა.
1980-იანი წლების შუა პერიოდში, მორიგი მკურნალობისას, მან პაციენტი გოგონა გაიცნო. მათ შორის მალე რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. რამდენიმე თვეში კუზიკოვი საყვარელ ქალზე დაქორწინდა. თუმცა ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა. ალკოჰოლიზმის გამო კუზიკოვის ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა. ცოლთან ერთ-ერთი ჩხუბის დროს იგი მას თავს დაესხა. ამის შემდეგ ცოლმა განქორწინება მოითხოვა და კუზიკოვი მიატოვა...
განქორწინების შემდეგ კუზიკოვმა მარგინალური ცხოვრება დაიწყო. მთელ თავისუფალ დროს იმ ადამიანების გარემოცვაში ატარებდა, რომლებიც ასევე მარგინალურად ცხოვრობდნენ და ალკოჰოლიზმით იტანჯებოდნენ. სსრკ-ის დაშლისა და ეკონომიკური რეფორმების შემდეგ კუზიკოვმა ყველა დანაზოგი დაკარგა. მისი სოციალური პენსია კი სრულად გაუფასურდა. მატერიალური სირთულეებისა და ფასების ზრდის გამო, შიმშილობა დაიწყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ოპერაცია "Provide Hope"-ის ფარგლებში სანქტ-პეტერბურგში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, კუზიკოვი გარკვეული პერიოდი მხოლოდ იმ პროდუქტებით იკვებებოდა, რომლებსაც ქალაქის მთავრობისგან იღებდა. თუმცა სანქტ-პეტერბურგში ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, კვლავ შიმშილობდა.
შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, ადგილობრივ ბაზარში მეეზოვედ დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მისი ფსიქიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდა. პიროვნული დეგრადაციის ნიშნები გამოაჩნდა. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს ფსიქიატრიული დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა. თუმცა სსრკ-ის დროს არსებული ჯანდაცვის სისტემის ნგრევის გამო, კუზიკოვის ყველა თხოვნა და საჩივარი უგულებელყვეს. 1995 წლისთვის მთელ თავისუფალ დროს უსახლკაროების საზოგადოებაში, ალკოჰოლური სასმელების ძებნაში ატარებდა. შემდეგ კი მათ საკუთარ ბინაში პატიჟებდა და ინტიმური კავშირისკენ უბიძგებდა...
მიუხედავად ამისა, იმ პერიოდის მეზობლებისა და ნაცნობების უმრავლესობა მასზე დადებითად საუბრობდა. გარეგნულად უწყინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აგრესიას არ ავლენდა. მეზობლებს შორის გულისხმიერი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა, რომელიც ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. ცხოველების მიმართ სისასტიკეშიც იგი არავის შეუმჩნევია. კატა ჰყავდა და როგორც ამბობენ, მასზე გულმოდგინედ ზრუნავდა.
...1995 წლის აგვისტოში, იმ სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც კუზიკოვი ცხოვრობდა, ძაღლების გასეირნებისას სახლთან ახლოს, ნაგვის ურნაში ადამიანის მოჭრილი თავი იპოვა. იქვე შუშის ქილებიც იყო, რომლებშიც შინაგანი ორგანოების ნაწილები და მამაკაცის სასქესო ორგანოები ეწყო. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ თავი 43 წლის ედუარდ ვასილევსკის ეკუთვნოდა. იგი სანქტ-პეტერბურგის მცხოვრები იყო, ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. ვასილევსკი მესამე მოკლული ადამიანი გახდა, ვისი ნაშთებიც ილშატის კორპუსთან, ნაგავში გადაყარეს.
ჯერ კიდევ 1992 წლის ნოემბერში სახლის მცხოვრებლებმა ერთ-ერთ სარდაფში ადამიანის დანაწევრებული სხეული იპოვეს. მათ შორის იყო ადამიანის გამოშიგნული ტორსიც. ამ შემთხვევის გამოძიებისას მილიციამ დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა. დადგინდა, რომ სადარბაზოებთან მდებარე სარდაფების კარები მუდმივად ღია იყო. მათზე წვდომა ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს ჰქონდა. ვასილევსკის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 1995 წლის ივლისში, სახლის მცხოვრებლებმა ნაგვის ურნაში ასევე ადამიანის მოჭრილი თავი იპოვეს. რამდენიმე საათში მეზობელი მრავალბინიანი სახლის ნაგვის ურნაში ადამიანის მოჭრილი ხელებიც აღმოაჩინეს. მოკლული 37 წლის მიხეილ ბოჩკოვი აღმოჩნდა. სიკვდილის მომენტში იგი უსახლკარო იყო და მანამდე მკურნალობის კურსს ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა...
მკვლელობების სერიის გამოძიებისას ილშატ კუზიკოვი ეჭვმიტანილთა შორის მოხვდა. დადგინდა, რომ ბოჩკოვი და ვასილევსკი კუზიკოვს იცნობდნენ. ისინი სხვადასხვა წელს მასთან ერთად ერთსა და იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებოდნენ. კუზიკოვის მიმართ ეჭვები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ილშატის რამდენიმე ნაცნობმა სამართალდამცავებს დაუდასტურა, რომ კუზიკოვს მეგობრული ურთიერთობა ბევრ პაციენტთან ჰქონდა. მათ იგი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში ყოველწლიური მკურნალობის დროს ეცნობოდა.
1995 წლის 25 აგვისტოს მილიციამ, კუზიკოვის ბინის შემოწმების მიზნით, მასთან ფარული თანამშრომელი გაგზავნა. სანტექნიკოსად წარდგენილმა მილიციელმა ბინის ყველა ოთახი დაათვალიერა. ერთ-ერთ ოთახში ქურთუკში გახვეული ადამიანის მოჭრილი ფეხები აღმოაჩინა. რამდენიმე წუთში კუზიკოვი მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ედუარდ ვასილევსკის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ბინის საგულდაგულო ჩხრეკისას, მოჭრილი კიდურების გარდა, ადამიანის ხორცისგან დამზადებული ლაბასხმულიანი შუშის ქილები და სისხლით სავსე ბოთლები იპოვეს.
დაკავების შემდეგ, დაკითხვისას კუზიკოვმა განაცხადა, რომ მისი პირველი მსხვერპლი ალექსანდრე პეჩონკინი გახდა. მასთან ერთად იგი 1990-იანი წლების დასაწყისში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. კუზიკოვის ჩვენებით, მკვლელობის დღეს მან პეჩონკინი ბინაში ალკოჰოლის დასალევად მიიწვია. პეჩონკინი ამაზე დათანხმდა. საღამოს, ქეიფის დროს, კუზიკოვმა მეგობარს ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა. თუმცა, პეჩონკინმა შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ კუზიკოვი მას თავს დაესხა. მსხვერპლს თავში დანის ტარი ჩაარტყა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა...
საბოლოო ჯამში, ილშატ კუზიკოვს ბრალი სამი მკვლელობის ჩადენაში წაუყენეს. მისი ადვოკატების შუამდგომლობით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა. შემოწმების შედეგად იგი შეურაცხადად ცნეს. ფსიქიატრი მივიდა დასკვნამდე, რომ შიზოფრენიის გარდა, კუზიკოვს ნეკროფილია განუვითარდა. ეს ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე მოხდა, როდესაც იგი მამის მიერ დედის მკვლელობის მოწმე გახდა. კუზიკოვი გვამებისა და ადამიანის დანაწევრებული სხეულის მიმართ გაუცნობიერებელ ლტოლვას განიცდიდა. ამ ფიქრების, ფანტაზიებისა და იმპულსების გავლენით მან კონკრეტული მოქმედებების, კერძოდ კი მკვლელობების ჩადენა დაიწყო.
ამ ვერსიის ირიბი დასტური გახდა ის ფაქტი, რომ კუზიკოვს გვამებთან მუშაობის სურვილი ჰქონდა. სხვადასხვა წელს მას მორგში უნდოდა მუშაობის დაწყება, თუმცა ფსიქიკური დაავადების გამო ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ.
1997 წლის 20 მარტს, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის დადგენილებით, ილშატ კუზიკოვი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. იგი იძულებით მკურნალობაზე გაგზავნეს...
ცხოვრების მომდევნო წლები ილშატ კუზიკოვმა სანქტ-პეტერბურგის სპეციალიზებული ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. მედია უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ კუზიკოვი საავადმყოფოს კედლებში 2000-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა. 2017 წელს ეს ინფორმაცია უარყვეს. ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ 57 წლის ილშატ კუზიკოვი ცოცხალი იყო. იგი დაწესებულებაში მისთვის დანიშნულ მკურნალობის კურსს კვლავ გადიოდა.