ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ აბიტურიენტებისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოოდ არჩევა და სასურველი თანმიმდევრობით დალაგება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, აბიტურიენტებს პროგრამათა ჩამონათვალში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა საპრეტენზიო კომისიების მიერ ყველა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს პრიორიტეტების მიხედვით ვეღარ შეცვლის. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ცვლილებების შემდეგ "შენახვის" ღილაკი გამოიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება არ აისახება.
მიღებული შედეგების შემდეგ ბევრ ახალგაზრდას უჩნდება მთავარი კითხვა - როგორ შევადგინოთ პროგრამების სია ისე, რომ სასურველ მიმართულებაზე მოვხვდეთ და ჩარიცხვის შანსი მაქსიმალურად გავზარდო. როგორც აღვნიშნეთ, აბიტურიენტებს დადგენილ ვადებში ჯერ კიდევ შეუძლიათ პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა - პროგრამების დამატება, წაშლა ან მათი პრიორიტეტების შეცვლა. ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, არჩევანი გააზრებულად გაკეთდეს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა პროგრამის მხოლოდ მისი პოპულარობის, სახელის ან სხვისი რჩევის მიხედვით არჩევაა. თუმცა, მოთხოვნადი პროფესია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის კონკრეტული აბიტურიენტისთვის საუკეთესო არჩევანია.
არჩევანის გაკეთებისას ახალგაზრდამ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვას:
უნივერსიტეტის არჩევა მხოლოდ დიპლომის მიღებას არ ნიშნავს - ეს გადაწყვეტილება ხშირად მომავალ პროფესიულ გზას განსაზღვრავს, ამიტომ ისეთი პროგრამა უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს, ინტერესებსა და სამომავლო ხედვებს ემთხვევა.
მაგალითად, ყოველწლიურად ბევრი სტუდენტი აღნიშნავს, რომ სამართლის მიმართულებით ბევრი სხვადასხვა ინფორმაციაა დასამუშავებელი როგორც გამოცდებისთვის, ასევე სემინარებისთვის და ეს მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა. ზოგიერთი კი მზადაა ამისთვის, თავიდანვე ჰქონდათ ინფორმაცია და პროგრამის დაძლევასაც კარგად ახერხებენ.
ხშირად აბიტურიენტები არჩევანს მხოლოდ ფაკულტეტის ან პროგრამის სახელწოდებით აკეთებენ, თუმცა ერთი და იგივე მიმართულება სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაძლოა, განსხვავებული აქცენტებით ისწავლებოდეს.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანია, გაეცნონ:
თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს, რომ უნივერსიტეტებს პროგრამების მიხედვით, გამოქვეყნებული აქვთ სასწავლო გეგმა, საგნების ჩამონათვალი. ამიტომ, შეგიძლიათ, ნახოთ, მაგალითად, რას ისწავლით ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა რომელიმე პროგრამაზე. ვინ არიან ლექტორები, რომელი საგნებია სავალდებულო და ასე შემდეგ.
აბიტურიენტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ეს არის - რომელი პროგრამა დაწერონ პირველ ადგილზე და რამდენი არჩევანი მიუთითონ.
მთავარი პრინციპი ასეთია: პროგრამები უნდა დალაგდეს სურვილის მიხედვით.
თუ აბიტურიენტს ყველაზე მეტად ერთი კონკრეტული პროგრამა სურს და ქულებიც წელს უწყობს, სწორედ ის უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე. არასწორი მიდგომაა, პირველ ადგილზე ისეთი პროგრამის ჩაწერა, რომელზეც ფიქრობს, რომ მოხვედრა უფრო მარტივია, ხოლო სასურველი მიმართულების ქვემოთ გადატანა.
ჩარიცხვის სისტემა ითვალისწინებს აბიტურიენტის მიერ დალაგებულ პრიორიტეტებს და ცდილობს, ის იმ ყველაზე მაღალ პრიორიტეტულ პროგრამაზე მოხვდეს, სადაც მისი შედეგებით ჩარიცხვა შესაძლებელია.
თუ აბიტურიენტი მხოლოდ რამდენიმე მაღალკონკურენტულ პროგრამას მიუთითებს, იზრდება რისკი, რომ ვერც ერთ მათგანზე ვერ მოხვდეს.
სასურველია, პროგრამების ჩამონათვალში იყოს:
მეტი პროგრამის მითითება ავტომატურად არ ამცირებს სასურველ პროგრამაზე მოხვედრის შანსს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არაერთხელ განმარტა, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ იმდენი საგანმანათლებლო პროგრამა, რამდენიც სურთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა აუცილებელი პირობაა, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს უნივერსიტეტში ჩარიცხვას.
ზღვრის გადალახვა ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა გამოცდაზე მინიმალური მოთხოვნა შეასრულა და შეუძლია კონკურსში მონაწილეობა. საბოლოო ჩარიცხვა კი დამოკიდებულია კონკურენციაზე, ადგილების რაოდენობასა და აბიტურიენტის შედეგებზე.
აბიტურიენტმა შესაძლოა, ზღვარი გადალახოს, მაგრამ მაინც ვერ ჩაირიცხოს, თუ:
პროგრამაზე კონკურენცია მაღალია
თუ კონკრეტულ პროგრამაზე ადგილები შეზღუდულია და მსურველთა რაოდენობა დიდია, ადგილებს უფრო მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტები დაიკავებენ.
მისი შედეგები კონკრეტულ პროგრამაზე საკმარისი არ აღმოჩნდა
ზღვრის გადალახვა არ ნიშნავს, რომ ყველა პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საკმარისი ქულა აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის მიხედვით მიიღება.
აბიტურიენტთა ცნობაში მითითებულია, რომელი უნივერსიტეტი კონკრეტულად რამდენ-პროცენტიან ბარიერს აწესებს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ფილოლოგიაზე რომ ჩაირიცხოთ, აუცილებელია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე უცხოურ ენაში არა მხოლოდ ბარიერის გადალახვა, არამედ, მაქსიმალური ქულებიდან (ქართულის ენისა და ლიტერატურის შემთხვევაში 60, ხოლო უცხოური ენის შემთხვევაში 70) 40%-ზე მეტი დააგროვოთ.
პროგრამების სია მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალს მოიცავს
თუ აბიტურიენტმა მხოლოდ რამდენიმე მაღალკონკურენტული პროგრამა მიუთითა და ალტერნატივები არ დაამატა, შესაძლოა ჩარიცხვის გარეშე დარჩეს.
არ გაითვალისწინა კონკრეტული პროგრამის მოთხოვნები
ზოგიერთ პროგრამას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი პირობები, რომლებიც წინასწარ უნდა გადაამოწმოს აბიტურიენტმა. მაგალითად, საკმარისია თუ არა ის არჩევითი საგანი, რომელსაც აბარებს კონკრეტულ პროგრამაზე. ხომ არ იყო შემოქმედებითი ტური დანიშნული და ასე შემდეგ.
მაგალითად, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიაზე აბარებთ და თქვენ არჩევით საგნად ბიოლოგია ჩააბარეთ, ამ პროგრამაზე ვერ მოხვდებით იმიტომ, რომ ფილოსოფიაზე მოხვედრა მხოლოდ შემდეგი სამი არჩევითი საგნითაა შესაძლებელი: მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა.
გაითვალისწინეთ ფინანსური და პრაქტიკული საკითხებიც
პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აკადემიური ინტერესები, არამედ პრაქტიკული გარემოებებიც:
სასურველია, აბიტურიენტმა არჩევანი გააკეთოს არა მხოლოდ იმის მიხედვით, სად აქვს მოხვედრის მეტი შანსი, არამედ იმის მიხედვითაც, სად შეძლებს განვითარებას.
უნივერსიტეტის არჩევა ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ახალგაზრდის ცხოვრებაში. ამიტომ პროგრამების საბოლოოდ დალაგებამდე მნიშვნელოვანია, კარგად შეაფასოთ საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.
გარდა ამისა, წელს შესაძლებლობა გაქვთ, უნივერსიტეტების გარდა, პროგრამათა ჩამონათვალი პროფესიული სასწავლებლებიც მიუთითოთ. პროფესიულ სასწავლებლებში ბევრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრაქტიკული სასწავლო კურსია. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი