2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი სასწავლო წლიდან ძალაში შედის უმაღლესი განათლების დაფინანსების სრულიად ახალი მოდელი. ცვლილებები ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს და პირდაპირ აისახება იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც წელს პირველად გახდებიან სტუდენტები.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელებს ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლის საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ამავე პრინციპით ფინანსდება სახელმწიფო უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებიც.
წლების განმავლობაში, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით 50%-იან, 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს იღებდნენ. მათ სწავლა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში აღნიშნული საგრანტო სისტემის მიხედვით უფინანსდებოდათ.
ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ ეს სისტემა იცვლება. იმის გამო, რომ სწავლა სრულად ფინანსდება, პირველკურსელებს გრანტისთვის კონკურენცია სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფარად აღარ დასჭირდებათ. სახელმწიფოს თანხა უშუალოდ უნივერსიტეტებს გადაერიცხება და არა სტუდენტებს ვაუჩერის სახით.
ახალი წესით, სახელმწიფო სასწავლო გრანტები კერძო უნივერსიტეტებზე აღარ გავრცელდება.
აქამდე აბიტურიენტს შეეძლო, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული გრანტით კერძო უნივერსიტეტშიც ესწავლა. ახალი მოდელის პირობებში, სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს მიემართება, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლის საფასურს თავად ან უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული შიდა დაფინანსების, სტიპენდიებისა და შეღავათების საშუალებით დაფარავენ.
აღსანიშნავია, რომ Mshoblebi.ge-მ კერძო უნივერსიტეტების შიდა დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობაზე უკვე შეაგროვა ინფორმაცია.
რეფორმა არ ცვლის იმ სტუდენტების დაფინანსების პირობებს, რომლებიც უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ.
მოქმედი სტუდენტები ინარჩუნებენ იმ დაფინანსებას, რომელიც ჩარიცხვის დროს ჰქონდათ, ხოლო მათთვის მოქმედი წესები უცვლელი რჩება. განათლების სამინისტრომ მოგვიანებით დამატებითი საკანონმდებლო განმარტებებიც მოამზადა, რომ გარდამავალი პერიოდი დაზუსტებულიყო.
2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზარდა სტუდენტების მისაღები კვოტაც.
2026-2027 სასწავლო წლიდან უმაღლესი განათლების სისტემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - საქართველო ეტაპობრივად გადადის ე.წ. 3+1+1 მოდელზე, რომელიც დღეს მოქმედ 4+2 სისტემას ჩაანაცვლებს. ცვლილება უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
ახალი მოდელის მიხედვით:
მთავრობის განმარტებით, სამი წელი საკმარისია ხარისხიანი საბაკალავრო განათლების მისაღებად, ხოლო ერთწლიანი მაგისტრატურა სტუდენტებს შრომის ბაზარზე უფრო სწრაფად გასვლის შესაძლებლობას მისცემს. მათთვის კი, ვინც კვლევით საქმიანობას, დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას ან აკადემიურ კარიერას გეგმავს, დამატებითი სამაგისტრო წელი იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, matsne.gov.ge-ზე აღწერილია ის შემთხვევები და დასახელებულია ის პროგრამები, როდესაც სტუდენტს 240 კრედიტის დაგროვება, ანუ 4 წელი სწავლა მოუწევს.
ამის შესახებ "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ვკითხულობთ:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ – ცენტრი);
ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია, როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის გადაწყვეტილების ცენტრის მიერ აღიარება დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ვერ მოიპოვებს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციას ან ცენტრი არ აღიარებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
დ) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სწავლის სფეროების კლასიფიკატორით" (შემდგომ – სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;
ე) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:
მოცემულ პროგრამებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, სასურველ უნივერსიტეტშიც გადაამოწმოთ.
თამარ იაკობაშვილი